ჯგუფ "ბუქმარქსის" და მისი წარმატებების შესახებ უკვე ბევრს სმენია. ძირითადად, ძველი რანინელებისგან, ნიჭიერი ნორჩი მუსიკოსებისგან შემდგარ ამ კოლექტივს, ბუკა კარტოზიას ხელმძღვანელობით, უკვე ბევრი წარმატება აქვს ზურგსუკან. სულ ახლახან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვეს. ისინი კონკურსის ყველაზე პატარა და ამავდროულად, ერთადერთი არაამერიკელი მონაწილეები იყვნენ.


რატი გელოვანი და მარიტა ხვედელიძე ჯგუფ "ბუქმარქსის" წევრები არიან. სწორედ მათ ვთხოვეთ მცირე კომენტარი ჯგუფის წარმატებაზე.
მარიტა ხვედელიძემ მუსიკალური კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო - 3 წლიდან მღერის. მას საზოგადოება პროექტ "რანინადან" იცნობს, სადაც ფინალში მოხვდა. ასევე მის ბიოგრაფიაში არის "ნიჭიერი", პროექტები თეატრში და მრავალი კონკურსი. "რანინადან" კი "ბუკმარქსში" მოხვდა.

- ბუქმარქსის" წევრები დღემდე ყველა ერთად "რანინადან" მოვდივართ. სიმღერის თვალსაზრისით, უდიდესი გამოცდილება მივიღე და მუსიკალურად გავიზარდე.
რაც შეეხება ბოლო წარმატებას, ამერიკის კონკურსი უშუალოდ ამერიკელების შიდა პროექტია, სადაც მხოლოდ ისინი იღებდნენ მონაწილეობას. უდიდესი კონკურენცია დაგვხვდა, რადგან სხვა ეროვნების ერთადერთი წარმომადგენლები ჩვენ ვიყავით. თუმცა, რადგან ჩვენი პროდიუსერი და ხელმძღვანელი ბუკა კარტოზია ამერიკის მოქალაქეა, გამონაკლისის სახით დაგვიშვეს. ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ყველაზე პატარა კონკურსანტები ვიყავით. შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან ნიჭიერი და ძლიერი კონკურსანტების გარემოცვაში მოგვიწია ბრძოლა, თუმცა წარმატების მიღწევა მაინც შევძელით. რაც შეეხება ავსტრიასა და გერმანიას, იქ საერთაშორისო კონკურსები ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ორივეგან შევძელით, რომ აუდიტორიის ფავორიტის სტატუსი მოგვეპოვებინა და, პარალელურად, გრანპრი აგვეღო. ეს ჩვენი კარიერისთვის უდიდესი მიღწევა იყო, რითაც თითოეული ჩვენგანი ძალიან ამაყობს.


ახლა ამერიკის კონკურსისთვის კიდევ უფრო მეტი შემართებით ვემზადებით. კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რადგან ეს გამარჯვება ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ოკეანის გადაღმა ჩვენი ქვეყანა ამ გამარჯვებით ერთხელ უკვე ვასახელეთ და ახლა, მეორე ეტაპზეც ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ანალოგიური სიხარული მოვუტანოთ.
რატი გელოვანიც ძალიან პატარა ასაკიდან არის მუსიკალურ სფეროში.პირველად სცენაზე რომ გამოვიდა, მიკროფონს ხელში დამოუკიდებლად ვერც კი იჭერდა და ნათლია ეხმარებოდა. ისიც სამი წლიდან არის ამ სფეროში აქტიურად ჩართული. ნიჭიერთა ათწლედში საფორტეპიანო ფაკულტეტზე სწავლობს, არის ასევე "რანინას" წარმატებული მონაწილე.

- ჯგუფ "ბუქმარქსს" დაახლოებით, ერთი წლის წინ შევუერთდი. ხელმძღვანელმა დამირეკა და მათთან გაერთიანება შემომთავაზა. მანამდე საკუთარი კვარტეტი მყავდა, რომლის ხელმძღვანელიც თავად ვიყავი - არანჟირებებსაც ვაკეთებდი. შემდეგ კი "ბუქმარქსში" გადავინაცვლე, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრასთან ერთად, ვოკალურ პარტიას ვასრულებ.
ცოტა ხნის წინ ამერიკაში ვიმყოფებოდით, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსის პირველი ეტაპი მოვიგეთ, ახლა კი მეორე ეტაპზე მივდივართ. ეს არის აკაპელა ფესტივალი "Harmony Sweepstakes", რომელიც მხოლოდ ამერიკის შტატებისთვის ტარდება. ჩვენი ჯგუფისთვის გამონაკლისი დაუშვეს და კონკურსზე ქვეყნის სტატუსით გამოვედით. მონაწილეებს შორის ასაკით ყველაზე პატარები ვიყავით, რის გამოც ასაკობრივი ზღვარი, ფაქტობრივად, გაუქმდა. ძალიან გამოცდილ, პროფესიონალ მუსიკოსებთან მოგვიწია გამკლავება. მეორე ეტაპზე უკვე ფინალი იგეგმება, სადაც ყველა შტატის გამარჯვებული ერთმანეთს შეერკინება.

გამარჯვების იმედი მაქვს და ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს სფერო ძალიან დაფასებული იქნება. ახლაც ბევრი საინტერესო რაღაც კეთდება იმისთვის, რომ ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკა შეიქმნას, რაც დღესდღეობით როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ბაზარზე ცოტაა. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ ეს პროცესები უკეთესობისკენ შევცვალოთ.
