როგორ რეგულირდება დეკრეტული შვებულება საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით და შესაძლებელია თუ არა ორივე მშობელმა შვებულება ერთდროულად გამოიყენოს, თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" იურისტი თამარ გაბისონია საუბრობს:
- მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, "დეკრეტული შვებულება“ კანონმდებლის ენა არ არის. ეს ტერმინი ქვეყანაში უბრალოდ ფართოდაა დამკვიდრებული. რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას ცნობს. 2020 წლის ცვლილებებმა მანამდე არსებული სტანდარტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. შესაბამისად, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, რომელიც გასაგები მიზეზების გამო დედის ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისგან გაიმიჯნა.
ამ უკანასკნელით სარგებლობა უკვე ორივე მშობელს შეუძლია. თუმცაღა, კანონმდებლობის მიხედვით, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები მაინც გვაქვს. ჯამში, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ხანგრძლივობა 730 დღეს შეადგენს. აქედან ორსულობისა და მშობიარობის გამო 126 დღეა გათვალისწინებული, რომლითაც დედა სარგებლობს. მამას ამ ნაწილით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას ბავშვის დედა არ გამოიყენებს.
ბავშვის მოვლის გამო შვებულების დანარჩენი ნაწილი კი 604 დღეს შეადგენს, რაც ჯამში, ორივე მშობლისთვის, 730 დღეს აკომპენსირებს. კერძო სექტორთან მიმართებით (ვინაიდან შრომის კოდექსი კერძო სექტორზე ვრცელდება და არა საჯარო მოხელეებზე) საკითხი ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს 126-დღიანი ორსულობისა და მშობიარობის შვებულების სრულად ანაზღაურება დამსაქმებელს კანონით ევალება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და აღნიშნული მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. კომპენსაციის სახით ამ პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული 2000-ლარიანი დახმარება არსებობს.
ცხადია, ეს თანხა იმის გარანტიას ვერ იძლევა, რომ ქალმა ან ზოგადად ოჯახმა თავი ფინანსურად სტაბილურად იგრძნოს. ეს 2000 ლარი რომ იმ მთლიან პერიოდზე გადავანაწილოთ, რასაც 126 დღეს დამატებული 604 დღე (ანუ ჯამში 730 დღე) ჰქვია, ბავშვის მოვლისთვის ძალიან მცირე თანხა გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება გაიმიჯნა, რის შედეგადაც მამებს ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობის საშუალება მიეცათ, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ასეთი, მამობის შვებულება ჩვენს ქვეყანაში მაინც არ არსებობს.
დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის კარგი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მამებს ეგრეთ წოდებული დეკრეტული შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ, რომელიც პირდაპირ ბავშვის დაბადებასთან არის მიბმული. სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით წესები განსხვავებულია, თუმცა მამებს მინიმუმ 10 დღე მაინც ეძლევათ, რომლითაც დედას და მამას ერთდროულად სარგებლობა შეუძლიათ. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, მამა შვებულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში სარგებლობს, თუ დედა მას სრულად არ გამოიყენებს. დღეს არსებული რეგულაციების მიხედვით, ბავშვის მოვლის შვებულებით ორივე მშობლის მიერ ერთდროულად სარგებლობა შეუძლებელია.