განწირული ყვირილი, ტირილი, იატაკზე გაწოლა, ისტერიკები და გარშემომყოფების კრიტიკული მზერა — ეს სურათია 3 წლამდე ბავშვების მშობლებისთვის ზედმიწევნით ნაცნობია. ასეთ დროს უფროსები ხშირად იბნევიან, თუმცა ფსიქოლოგების პრაქტიკული რეკომენდაციები დაგეხმარებათ, სიტუაციას სიმშვიდითა და ეფექტურად გაუმკლავდეთ.
გთავაზობთ 10 ოქროს წესს ბავშვის მძაფრი ემოციებისა და ისტერიკის სამართავად:
პატარები ხშირად ვარდებიან მრისხანებაში, როდესაც რაიმე არ გამოსდით: კოშკი დაენგრათ, სათამაშო გაუტყდათ ან ქვიშის სასახლე წყალმა წაიღო. ბავშვი ყრის ნივთებს, ყვირის და იქნევს ხელებს.
ნუ შეგეშინდებათ ამ რეაქციის — როცა უფროსებს რაღაც არ გამოგვდის, ჩვენც ვბრაზდებით. ბავშვმა უბრალოდ ჯერ არ იცის, როგორ მართოს ეს ბრაზი. აჩვენეთ თქვენი ტონითა და ქცევით, რომ კატასტროფა არ მომხდარა.
პრაქტიკული ხერხი: შეგიძლიათ სასურველი რეაქციის მოდელირება გააკეთოთ. ბავშვის გვერდით ააწყვეთ სათამაშო, სპეციალურად დაშალეთ და ხმამაღლა თქვით: "უი, როგორ ჩამოინგრა, რამდენი ვაშენე. არა უშავს, თავიდან ავაშენოთ". ბავშვი დაინახავს, რომ წყენა და მისი გამოხატვა ტირილის გარეშეც შეიძლება.
ბრაზის შემოტევა ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა ბავშვის სურვილები რეალობას არ ემთხვევა. ეცადეთ, სიტუაცია წინასწარ აღწეროთ, რათა ისტერიკის შანსი მინიმუმამდე დაიყვანოთ:
სტუმრად წასვლამდე: „საღამოს სასრიალოებზე წავალთ, მაგრამ მანამდე ცოტა უნდა დაიძინო“.
ტელევიზორის გამორთვამდე: „მულტფილმი მალე დამთავრდება“.
მაღაზიაში შესვლამდე: „დღეს მხოლოდ ერთი სათამაშოს (ან ტკბილეულის) ყიდვა შეგვიძლია, შენ თვითონ აირჩიე, რომელი იქნება“.
საზოგადოებრივ ადგილებში ისტერიკა საუკეთესოდ მუშაობს, რადგან მშობლები სირცხვილის გამო მზად არიან, ბავშვს ყველაფერზე დაეთანხმონ. პატარები ამ სუსტ წერტილს მალევე სწავლობენ.
თუ ბავშვს წინასწარ გააფრთხილეთ, რომ რაღაცას არ უყიდდით და მან მაინც ტირილი დაიწყო, ჯერ აგრძნობინეთ, რომ გესმით მისი: „ვიცი, რომ გწყინს, მაგრამ დღეს ამას ვერ ვიყიდით“, შემდეგ კი მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმე. როგორც კი წამიერად გაჩუმდება ჰაერის ჩასასუნთქად, მაშინვე ჩაერთეთ: „ყოჩაღ! წამო ახლა იოგურტი ავარჩიოთ“.
წესები ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — ისინი ცხოვრებას პროგნოზირებადს ხდიან და დამამშვიდებლად მოქმედებენ.
მთავარი პრინციპია: წესები არ უნდა იყოს ბევრი, მაგრამ ისინი უნდა იყოს ურყევი. თუ ბავშვმა იცის, რომ სადილამდე ტკბილეულს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს (მაშინაც კი, როცა სტუმრად ბებიაა), ის მალევე მიხვდება, რომ ამის მოთხოვნას აზრი არ აქვს. მოხსენით შეზღუდვები იქ, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ სადაც აკრძალვაა — მტკიცედ იდექით.
ბავშვმა ჯერ არ იცის ემოციების სახელები. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა დაასახელონ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გრძნობები: „ახლა იღიმი — ეს სიხარულია“, „ახლა გაბრაზებული ხარ და ამას ვხედავ“.
თუ ემოციებს უგულებელყოფთ, ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის საინტერესო არ არის, და შესაძლოა ნეგატიური ემოციების გამოხატვა საერთოდ აკრძალულად მიიჩნიოს. აგრესია კი ზოგჯერ მიზნების მისაღწევადაც საჭიროა.
როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, ისტერიკა ხშირად ყურადღების მიქცევის ერთადერთი გზა ხდება.
თუ ოჯახში ჩვილი გაჩნდა, უფროს შვილს ნუ ეტყვით: „შენ უკვე დიდი ხარ“. ის არ უნდა კარგავდეს თავის სათამაშოებს ან სივრცეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე დაიბადა. შეუნარჩუნეთ ძველი რიტუალები (მაგალითად, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვა) და დღეში მინიმუმ 30 წუთი გაატარეთ მასთან მარტო — ტელეფონისა და ტელევიზორის გარეშე.
ხშირად ჭირვეულობის მიზეზი ბანალური გადაღლა, შიმშილი ან უძილობაა. თუ ისტერიკები გახშირდა, გადახედეთ დღის განრიგს:
დააწვინეთ დასაძინებლად უფრო ადრე.
გაზარდეთ სუფთა ჰაერზე ყოფნის დრო.
შეზღუდეთ ტკბილი, ცხიმიანი საკვები.
დროებით დაივიწყეთ ისეთი ძლიერი გამაღიზიანებლები, როგორიცაა ტელევიზორი და გაჯეტები.
ჭირვეულობის დროს ბავშვის გაკიცხვა უსარგებლოა, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ — მავნებელიც კი, რადგან ამით ბავშვი ხვდება, რომ მის მეთოდს თქვენზე გავლენა აქვს.
ისტერიკის მომენტში ნუ დაუწყებთ ჭკუის სწავლებას და ნუ გაუზიარებთ მერე მის „საგმირო საქმეებს“ ოჯახის სხვა წევრებს. ამ დროს ყველაზე დიდი სასჯელი ყურადღების დეფიციტია.
ნებისმიერი ისტერიკა სპექტაკლია, რომელიც მაყურებელზეა გათვლილი. თუ ბავშვს ამ დროს მარტო დატოვებთ, ის მალევე გაჩუმდება. მტკიცედ უთხარით: „ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ახლა სასეირნოდ ვერ წავალთ. როცა დამშვიდდები, ერთად მოვამზადოთ პიცა“ — და გადით ოთახიდან. როგორც კი ტირილი შეწყდება, მაშინვე დაბრუნდით და შეაქეთ სიმშვიდისთვის.
ბავშვმა ყურადღება მაშინ უნდა მიიღოს, როცა კარგად იქცევა და არა მაშინ, როცა იატაკზე გორავს. თუ პატარამ ტირილის გარეშე აგიხსნათ, რა სურს, ხაზი გაუსვით ამას: „შენ წყნარად მითხარი და მეც მაშინვე გაგიგე“. მოერიდეთ ზოგად ფრაზას „ყოჩაღ!“. შექება ყოველთვის კონკრეტული უნდა იყოს. აუხსენით, რატომ არის კარგი: იმიტომ, რომ უკვე თავად იცვამს, სათამაშოებს ალაგებს ან ლამაზად ხატავს. ეს ხელს უწყობს ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.