მშობლების უმრავლესობისთვის ყოველდღიური ყოფა ხშირად დაუსრულებელ რუტინას ჰგავს — ძლივს დალაგებული მისაღები ოთახი რამდენიმე წუთში ისევ სათამაშოების, წიგნებისა და ნივთების მოედნად იქცევა. ამ დროს ბევრ დედას უჩნდება დანაშაულის გრძნობა, რომ სახლი ყოველთვის იდეალურად დაწკრიალებული არ არის.
რეალურად რა გავლენას ახდენს გარემოს იდეალური წესრიგი ბავშვის განვითარებაზე და რატომ არ უნდა გვაშინებდეს ქაოსი? ამ თემაზე ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე საინტერესო მოსაზრებას აზიარებს და მშობლებს საკუთარი პრიორიტეტების გადაფასებისკენ მოუწოდებს:

„წარმოიდგინეთ ორი სურათი: მიდიხართ სტუმრად ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია, და იქ იდეალურად დაწკრიალებული, პრიალა სივრცე გხვდებათ. ეს ერთი ვერსია. შედიხართ მეორე სახლში და იქ ყველაფერი მიმოფანტულია: სათამაშოები, წიგნები, საჭმლის ნარჩენებიც კი.
მშობლებს მინდა ვუთხრა: თუ ჩვენ ბავშვის სწორ განვითარებაზე ვზრუნავთ (განსაკუთრებით ადრეულ ასაკში), წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რომ სახლი ყოველთვის იდეალურად დალაგებული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იდეალიზმისკენ სწრაფვის გამო, მშობელს მოუწევს ყველა სათამაშოს გადამალვა, შენახვა და ბავშვისთვის იმის აკრძალვა, რომ ზედმეტი ნივთი დააგდოს.
ასეთ დროს ჩნდება კითხვა: როგორ უნდა შეიმეცნოს და იკვლიოს ბავშვმა გარემო? პატარასთვის აუცილებელია, სამყაროს კვლევის პროცესში სათამაშოები ხელმისაწვდომ ადგილას ჰქონდეს, მისი წიგნები დაბალ, ე.წ. „ნულოვან თაროებზე“ ეწყოს, რათა ნებისმიერ დროს მივიდეს და თავად აიღოს, იქვე ეგულებოდეს თავისი პუფი თუ დასასვენებელი კუთხე.
მოკლედ, იქ, სადაც პატარა ბავშვი იზრდება, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ სახლი არეული იყოს. ჩვენ ამის გამო დისკომფორტი არ უნდა შეგვექმნას. დაფიქრდით, საიდან მოდის ეს უხერხულობის განცდა? ეს ხომ ისევ ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილია? ეს ძალიან ღრმა თემაა, თუმცა მშობელი აუცილებლად უნდა დაუკვირდეს საკუთარ თავს და ჰკითხოს: „რატომ მაწუხებს ეს? იმიტომ ხომ არა, მეზობელი რომ შემოვა, არეული ოთახი არ დავახვედრო?“
საბოლოო ჯამში, რატომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას იმას, თუ როგორ დაინახავენ სხვები ჩვენს სივრცეს? ეს ხომ, პირველ რიგში, არის პირადი სივრცე, სადაც ჩვენი შვილი თავისუფლად უნდა განვითარდეს.“ - ამბობს თინათინ გობაძე.