ცნობილი მეან-გინეკოლოგი, პროფესორი რეზო სულუხია „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში“ საუბრობს რთულ პაციენტებზე, ნდობაზე, რომელსაც ექიმი მოიპოვებს და მთავარ გამოწვევებზე:
- როცა პაციენტი მოდის და თავის ტკივილს გიყვება, ექიმმა მისი მდგომარეობა სრულად უნდა გაითავისოს. იმ მომენტში ტელეფონიც და პირადი პრობლემებიც გვერდზე უნდა გადადო. როგორც ცნობილი ექიმი ბოტკინი ამბობდა, თუ 8-10 წუთი საუბრის შემდეგ პაციენტმა შვება ვერ იგრძნო, ცუდი ექიმი ყოფილხარ. მართალია, 8 წუთში ვერც დიაგნოზს დასვამ და ვერც განკურნავ, მაგრამ პაციენტმა უნდა იგრძნოს შენი თანადგომა. პაციენტს უნდა უთხრა სიმართლე სირთულეების შესახებაც, მაგრამ ყოველთვის უნდა მისცე იმედი. უნდა აგრძნობინო, რომ მარტო არ არის და კლინიკის მთელი გუნდი მის გვერდით დგას.
- საუბარია იმაზეც, რომ ბოლო წლებში გახშირდა საკეისრო კვეთები და ქალები ხშირად გაურბიან ფიზიოლოგიურ მშობიარობას შიშის გამო. რას ეტყვით მათ?
- ლენინგრადში მე-13 სამშობიარო სახლში ვმუშაობდი, სადაც გულის მანკით დაავადებული, დეკომპენსირებული ურთულესი კონტინგენტი მოდიოდა. მიუხედავად ამისა, საკეისრო კვეთების მაჩვენებელი იქ მხოლოდ 13-15% იყო, საბჭოთა კავშირის მასშტაბით კი საერთოდ 3-4%. დღეს კი ზოგ რაიონში ეს მაჩვენებელი 40% აღწევს. ორსულობა და მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია. რაც უფრო ნაკლებად ჩავერევით მასში, მით უკეთესია როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. საკეისრო კვეთა ინვაზიური, ქირურგიული მეთოდია და მას გაცილებით მეტი რისკები აქვს, როგორიცაა სისხლისდენა ან ინფექცია. რა თქმა უნდა, როცა არსებობს პირდაპირი სამედიცინო ჩვენება, საკეისრო კვეთა აუცილებელია. თუმცა, შიშის გამო ამის გაკეთება არასწორია. ჩვენ გვაქვს „მშობელთა სკოლა“, სადაც ორსულებს დეტალურად ვუხსნით ამ ყველაფერს და ფსიქოლოგიურადაც ვამზადებთ.
- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი „სამარცხვინო ლაქა” თეთრ ხალათზე ექიმისთვის?
- მედიცინაში არსებობს შეცდომები, მაგრამ ყველაზე უპატიებელი ცოდვა გულგრილობაა. ექიმმა გულგრილობა არასოდეს არ უნდა გამოიჩინოს. თუ ხედავ, რომ რაღაცას სათანადო დონეზე ვერ აკეთებ, ამბიცია გვერდზე უნდა გადადო და დაუძახო კოლეგას, პროფესიონალს, ვინც ამას შეძლებს. მთავარია პაციენტი იყოს უსაფრთხოდ. როცა სახლში მიდიხარ, შენს თავთან მართალი უნდა იყო და მშვიდად გეძინოს - ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
- ასეთი სტრესისა და უძილო ღამეების შემდეგ, როგორ ახერხებთ ძალების აღდგენას?
- როცა ურთულესი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოდიხარ, ორგანიზმი ისე ივსება დადებითი ემოციით, რომ დაღლილობას ვეღარ გრძნობ. თუმცა რელაქსაცია მაინც აუცილებელია. ჰიპოკრატე ამბობდა, რომ ხანგრძლივი სიცოცხლისთვის აუცილებელია კარგი გენეტიკა და სწორი კვება, მე კი ვამატებ - კარგ ხალხთან ურთიერთობა. ოჯახი, საყვარელი ადამიანები, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და თანადგომა არის ის, რაც სტრესს ხსნის და სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს.
- მედიცინაში არის ისტორიები, რომლებიც წლების შემდეგაც არ გავიწყდებათ. შეგიძლიათ გაიხსენოთ ასეთი შემთხვევა?
- მახსენდება შემთხვევა, როცა რაიონიდან 5 კვირის ორსული შემოვიდა, რომელსაც საშვილოსნოზე უზარმაზარი სიმსივნე ჰქონდა. სხვაგან აბორტს ურჩევდნენ - ეუბნებოდნენ, რომ ორსულობას მაინც ვერ მიიტანდა ბოლომდე. ჩვენ ეს ორსულობა 35 კვირამდე მივიყვანეთ, გავაკეთეთ საკეისრო კვეთა და სიმსივნეც მოვაშორეთ. ზუსტად 18 წლის შემდეგ, იმ გადარჩენილმა ბავშვმა თავად დამირეკა ჩემს დაბადების დღეზე და მადლობა გადამიხადა! იხილეთ სრულად