დღეს, 24 ივნისს ლიონელ მესი დაბადების დღეს აღნიშნავს. ის ამ დღეს სამუშაო რეჟიმში, აშშ-ში, კერძოდ კანზასში ხვდება, სადაც მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს არგენტინის ნაკრების ბაზაა განთავსებული.როგორც წესი, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, მესი დაბადების დღეს სასტუმროში, ნაკრების თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, სიმბოლური ტორტითა და ვახშმით აღნიშნავს.
სწორედ ახლა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას — ის კვლავ წერს თავის სახელს ისტორიაში: გააქვს რეკორდული რაოდენობის გოლები, ტრიბუნებიდან მის სახელს სკანდირებენ, ოპერატორები კი არცერთ მის მოძრაობას არ ტოვებენ. მესი კი უბრალოდ მშვიდად თამაშობს და ყოველდღე რეალობად აქცევს იმას, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.
ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი, „ოქროს ბურთის“ რვაგზის და „ოქროს ბუცის“ ექვსგზის მფლობელი, ესპანეთის ათგზის ჩემპიონი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული... ლიონელ მესის ამ დაუსრულებელ ტიტულების სიას 2022 წლამდე მხოლოდ ერთი აკლდა — მსოფლიო ჩემპიონობა. 2026 წელს კი მას აქვს შანსი, ეს ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვოს.

ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატი აქტიურ ფაზაშია და არგენტინის ნაკრები უკვე გავიდა პლეი-ოფში. ეს დიდწილად სწორედ გუნდის კაპიტნის დამსახურებაა — მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა 18 გოლით. მიმდინარე ტურნირზე თავისი გუნდის მიერ გატანილი ხუთივე გოლი პირადად ლეოს ანგარიშზეა. ტრიბუნებიდან მას არა მხოლოდ ათასობით გულშემატკივარი, არამედ მისი ცხოვრების მთავარი ქალი — ანტონელა როკუცოც გულშემატკივრობს.
ის, რომ სწორედ ეს გოგონა იქნებოდა მის გვერდით მთავარი ოცნებების ასრულების მომენტში, ლიონელმა ბევრად ადრე იცოდა, სანამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი გახდებოდა. ანტონელა როკუცო მან მაშინ გაიცნო, როდესაც... 5 წლის იყო. რა თქმა უნდა, მაშინ ამაღლებულ გრძნობებზე საუბარი ზედმეტია, თუმცა თავად სპორტსმენი ირწმუნება, რომ პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა.

მომხიბვლელი გოგონა ლეოს საუკეთესო მეგობრისა და თანაგუნდელის, ლუკას სკალიას და იყო. ერთ დღეს მშობლებმა ანტონელა თამაშზე მიიყვანეს, სადაც პატარა ლეომ ის გაიცნო. აღმოჩნდა, რომ ისინი მეზობლად ცხოვრობდნენ, ამიტომ სულ უფრო ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს — ერთ ეზოში სეირნობდნენ, საყვარელ ბარათებს უცვლიდნენ და სტუმრად დადიოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი გზები მოულოდნელად გაიყო.
როდესაც მესი 11 წლის იყო, მწვრთნელებმა მას დიდი საფეხბურთო მომავალი უწინასწარმეტყველეს, თუმცა ეს იდეალური სურათი ექიმების დიაგნოზმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მას ზრდის ჰორმონის დეფიციტი აღმოაჩნდა. ბიჭს თავისუფალი დრო პრაქტიკულად აღარ რჩებოდა: ნაწილს ვარჯიშებზე ატარებდა, ნაწილს კი — საავადმყოფოებში.
საბედნიეროდ, სერიოზულმა პრობლემებმა გვერდი აუარა და მალე ლეო „ბარსელონას“ ბავშვთა აკადემიაში მიიწვიეს. ამის გამო მის ოჯახს არგენტინიდან ესპანეთში მოუწია გადასვლა. მესის გრაფიკი იმდენად დაიტვირთა, რომ სამშობლოს ნოსტალგიისთვის დრო აღარ რჩებოდა, თუმცა ანტონელა ხშირად ახსენდებოდა და არ იცოდა, შეხვდებოდნენ თუ არა ოდესმე კვლავ ერთმანეთს.

სანამ ლიონელი დიდ კარიერას აშენებდა, გოგონა გაიზარდა და საკუთარ პროფესიას ეძებდა. თავიდან სტომატოლოგობა სურდა და უნივერსიტეტშიც ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით დიეტოლოგის პროფესიაზე გადაერთო და სოციალური ქსელების განვითარება დაიწყო. ანტონელამ პირადი ცხოვრებაც ააწყო და გათხოვებასაც აპირებდა, თუმცა ყველაფერი ერთმა ტრაგედიამ შეცვალა.
გოგონას საუკეთესო მეგობარი ქვეითთა გადასასვლელზე მოტოციკლისტმა გაიტანა. მეგობრის გარდაცვალების შემდეგ ანტონელას მძიმე დეპრესია დაეწყო. მას ახლობლებთან ურთიერთობაც კი არ სურდა. სწორედ ამ დროს შეატყობინეს, რომ ქალაქში მისი ბავშვობის მეგობარი, ლეო დაბრუნდა. მესიმ მომხდარის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა პირადად დადგომოდა გვერდით და გახდა კიდეც ის ადამიანი, ვინც გოგონა სასოწარკვეთილების უფსკრულიდან ამოიყვანა.
იმ დროისთვის მესი უკვე ცნობილი იყო, მაგრამ მისი გული თავისუფალი რჩებოდა (ის რამდენიმე თვე ხვდებოდა Playboy-ის მოდელ ლუსიანა სალასარს, თუმცა სპორტსმენის მშობლები ამ კანდიდატურით აღფრთოვანებულები არ იყვნენ და მიანიშნეს, რომ დროებითი გატაცება სხვა იყო, ცხოვრების მეგზური კი უფრო სერიოზულად უნდა შეერჩია).

ანტონელასთან მესი მეგობრის სტატუსით მივიდა, თუმცა მასთან გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდა, რომ ისევ უზომოდ იყო შეყვარებული. გოგონამაც იგრძნო, რომ მხოლოდ მის გვერდით იყო ნამდვილად ბედნიერი და მშვიდი.
იმ მომენტიდან ახალგაზრდები პრაქტიკულად აღარ დაშორებიან ერთმანეთს. 2008 წელს მათ თავიანთი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ განაცხადეს. 2012 წელს წყვილს პირველი ვაჟი, ტიაგო შეეძინა, 2015 წელს — მატეო, ხოლო ოფიციალურად მხოლოდ 2017 წელს დაქორწინდნენ.
ქორწილი მდიდრული და გრანდიოზული იყო: დახვეწილი სამოსი, 250-ზე მეტი სტუმარი და ერთგულების ფიცი. ბედნიერი მომენტები ამით არ დასრულებულა — ცერემონიიდან რამდენიმე თვეში მათ კიდევ ერთი შვილის მოლოდინის შესახებ გამოაცხადეს და 2018 წელს მესამე ვაჟი, ჩირო შეეძინათ.

დღეს ანტონელა როკუცო თავის მეუღლეზე არანაკლებ პოპულარულია, ხოლო ფეხბურთის გულშემატკივრებში მან „იდეალური ცოლის“ არაოფიციალური ტიტული დაიმსახურა. ის ზრდის სამ შვილს, ესწრება ქმრის თითქმის ყველა მატჩს და მის გვერდითაა როგორც გამარჯვების, ისე მარცხის მომენტებში.
