"ბავშვი წყალში იხრჩობა წამებში და უხმოდ" - მაშველები იმ მთავარ შეცდომებს ასახელებენ, რაც ყველაზე ხშირად იწვევს ბავშვის დახრჩობას - მშობლები

"ბავშვი წყალში იხრჩობა წამებში და უხმოდ" - მაშველები იმ მთავარ შეცდომებს ასახელებენ, რაც ყველაზე ხშირად იწვევს ბავშვის დახრჩობას

2026-06-24 23:04:54+04:00

ცურვა და წყალში ჭყუმპალაობა ბავშვებისთვის ზაფხულის მთავარი სიამოვნებაა. თუმცა, წყალი ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედაც განიხილება - სამწუხაროდ, ყოველწლიურად უამრავი ბავშვი იღუპება წყალში დახრჩობით.

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზღვასა და აუზზე დასვენებამ მშვიდად და უსაფრთხოდ ჩაიაროს, რა იწვევს ტრაგედიებს წყალში და სად უშვებენ უფროსები საბედისწერო შეცდომებს?

პატარა ბავშვი შეიძლება 5 სანტიმეტრ სიღრმეშიც კი დაიხრჩოს

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ნამდველ საფრთხეს მხოლოდ მდინარე, ტბა ან ზღვა წარმოადგენს. სინამდვილეში, პატარა ბავშვისთვის ტრაგედიის დასატრიალებლად მეტრობით სიღრმე საჭირო არ არის. ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვი შეიძლება სულ რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმის წყალშიც კი გაიგუდოს. არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვები 5-7 სანტიმეტრამდე სიღრმის წყალში დამხრჩვალან.

დაუჯერებლად ჟღერს — როგორ შეიძლება ადამიანი რამდენიმე სანტიმეტრ წყალში დაიხრჩოს, როცა შეუძლია უბრალოდ თავი ასწიოს ან გადაბრუნდეს? მაგრამ ანატომიურად და ფსიქოლოგიურად, განსაკუთრებით ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, ეს სამწუხაროდ აბსოლუტური რეალობაა და აი, რატომ:

  • ფიზიკური უმწეობა და პროპორციები: ჩვილებსა და 1-2 წლამდე ასაკის ბავშვებს სხეულის პროპორციებთან შედარებით მძიმე თავი და სუსტი კისრის კუნთები აქვთ. თუ პატარა ბავშვი სახით წყალში ჩავარდა (თუნდაც ძალიან დაბალ წყალში, მაგალითად, ეზოს გუბეში, თხელ ტაშტში ან აბაზანაში), მას ხშირად არ ჰყოფნის ძალა, რომ თავი დამოუკიდებლად ზემოთ ასწიოს ან გვერდზე გადაბრუნდეს.

  • შოკური რეაქცია და რეფლექსები: ბავშვები წყლის მოულოდნელად გადაყლაპვისას ხშირად ვარდებიან შოკში. ისინი პანიკისგან შეშდებიან, ტირილს ან ყვირილსაც კი ვერ ახერხებენ და ინსტინქტურად სუნთქვას იკავებენ, რასაც მალევე მოსდევს გონების დაკარგვა. გონებადაკარგული ბავშვი კი წყლის ზედაპირიდან თავს ვეღარ აწევს.

  • ლარინგოსპაზმი (სასუნთქი გზების ჩაკეტვა): როდესაც წყლის მცირე წვეთებიც კი ხვდება ხორხში, ორგანიზმი თავდაცვის მიზნით რთავს რეფლექსს — ხორხის კუნთები სპაზმურად იკუმშება, რათა წყალი ფილტვებში არ შევიდეს. თუმცა, ეს სპაზმი ჰაერის ნაკადსაც ბლოკავს. იწყება ასფიქსიას და თუ თავი წყლიდან დროულად არ ამოწია, სულ რამდენიმე წამში გონებას კარგავს.

საფრთხე არსებობს არა მხოლოდ დიდ წყალსატევებში, არამედ ჩვეულებრივ აბაზანაში, გასაბერ აუზში, წყლით სავსე დიდ ტაშტში თუ ეზოს დეკორატიულ ტბორში. ამიტომ, არასოდეს დატოვოთ პატარა ბავშვი წყალთან ახლოს მეთვალყურეობის გარეშე, თუნდაც ძალიან დაბალ საბავშვო აუზში და თუნდაც სულ მოკლე დროით. არ არსებობს არანაირი „უსაფრთხო პაუზა“ იმისთვის, რომ ერთი წუთით პირსახოცის ან ტელეფონის მოსატანად გაიქცეთ.

წყალში დახრჩობა სულაც არ ჰგავს იმას, რასაც ფილმებში გვაჩვენებენ

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უფროსები საფრთხეს დროულად ვერ ამჩნევენ, არის გავრცელებული მითი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც იხრჩობა. უმეტესობას წარმოუდგენია ხმამაღალი ყვირილი, ხელების ქნევა და ხმაური. თუმცა, რეალობაში ყველაფერი ჩუმად და თითქმის შეუმჩნევლად ხდება.

როდესაც წყალი სასუნთქ გზებში ხვდება, ორგანიზმი ცდილობს ჰაერი მოიპოვოს. მთელი ენერგია სუნთქვაზე იხარჯება, რის გამოც ადამიანს ყვირილი ხშირად უბრალოდ არ შეუძლია. ბავშვი შეიძლება წყალში ვერტიკალურად იმყოფებოდეს, წინ არ მიიწევდეს, საშველად არ უხმობდეს ვინმეს და ისე გამოიყურებოდეს, თითქოს უბრალოდ დგას ან თამაშობს.

მაშველები აღნიშნავენ, რომ გარედან ეს წამები ადვილად შეიძლება აგვერიოს წყალში ჩვეულებრივ ქცევაში. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ პლაჟზე ბავშვებთან უბრალოდ კი არ ვიყოთ, არამედ მათ მუდმივად ვუყუროთ.

curva-1720424302-1782333232.webp

მთავარი მტერი: იმედი იმისა, რომ ბავშვს სხვა უყურებს

ძალიან ხშირად ტრაგედია ხდება არა მაშინ, როცა უფროსები ახლოს არ არიან, არამედ მაშინ, როცა ირგვლივ ერთდროულად რამდენიმე ზრდასრულია. დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვი მამასთანაა; მამას ჰგონია, რომ მას ბებია აქცევს ყურადღებას; ბებია კი ფიქრობს, რომ პატარა უფროს ბავშვებთან ერთად თამაშობს. შედეგად, რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტუაციას რეალურად არავინ აკონტროლებს.

ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) იყენებს ტერმინს წყლის ზედამხედველობა — ეს არის სიტუაცია, როდესაც ერთი კონკრეტული ზრდასრული პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ წყალთან ბავშვის მეთვალყურეობაზე. ის არ იყურება ტელეფონში, არ ესაუბრება მეგობრებს, არ წვავს მწვადებს და არ ერთობა სხვა საქმით. ამასთანავე, 4-5 წლამდე ასაკის ბავშვთან ყოფნისას, უფროსი მისგან გაწვდილი ხელის მანძილზე უნდა იმყოფებოდეს.

გასაბერი რგოლი, ჟილეტი და მკლავები შეიძლება ვერ აღმოჩნდეს ხსნა

ბევრი მშობელი გასაბერ რგოლებს, ჟილეტებსა და მკლავებს უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. რგოლი შეიძლება გადაბრუნდეს ან ბავშვი შიგნით ჩაცურდეს, ხოლო გასაბერი ელემენტები დაეშვას ან დაზიანდეს. სერტიფიცირებული სამაშველო ჟილეტიც კი არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი წყალში მარტო შეგიძლიათ დატოვოთ.

გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ჟილეტი ნახევარ საათში იძირება, თუ ჰაერი ეპარება. გარდა ამისა, თუ ჟილეტი ბავშვს ზომაზე არ აქვს, ის შეიძლება წყალზე დარჩეს, მაგრამ ბავშვი გადაბრუნდეს და დაიხრჩოს. ასევე, ნებისმიერი გასაბერი ნივთი ზრდის იმის რისკს, რომ დინებამ ბავშვი მდინარეში ან ზღვის სიღრმეში სწრაფად გაიტაცოს.

უარი თქვით ცისფერ და ლურჯ საცურაო კოსტიუმებზე

ბოლო წლებში უსაფრთხოების სპეციალისტები სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ მშობლებს, ყურადღება მიაქციონ ბავშვის საცურაო ტანსაცმლის ფერს.

წყალში ყველაზე უკეთ მკვეთრი, ნეონის ფერები ჩანს — მაგალითად, სალათისფერი, ნარინჯისფერი, მკვეთრი ვარდისფერი და ყვითელი. ეს ტონები კარგად გამოიყოფა როგორც წყლის ზედაპირზე, ისე მის ქვეშ.

ამის საპირისპიროდ, არსებობს არარეკომენდებული ფერები, რომლებიც პრაქტიკულად ერწყმის წყალს და აუზის ან წყალსატევის ფსკერს, როს გამოც ბავშვის შემჩნევა გაგიჭირდებათ:

  • ცისფერი

  • ლურჯი

  • ფირუზისფერი

  • თეთრი

თუ ბავშვს ასეთი ფერის სამოსი აცვია და იგი წყალქვეშ აღმოჩნდება, მისი სწრაფად შემჩნევა ჩვეულებრივ აუზშიც კი გაგირთულდებათ, რომ არაფერი ვთქვათ ტალღოვან და ამღვრეულ ზღვაზე. რა თქმა უნდა, საცურაო კოსტიუმის ფერი თავისთავად დახრჩობას ვერ აგაცილებთ თავიდან, თუმცა ექსტრემალურ სიტუაციაში ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მკვეთრი ტანსაცმელი კი დაგეხმარებათ ბავშვი წამებში შეამჩნიოთ და წყლიდან ამოიყვანოთ.

curvaaa-1689932990-1782333265.webp

საფრთხე ნაცნობ პლაჟზეც კი არსებობს

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა იმ ადგილის უსაფრთხოდ მიჩნევა, სადაც ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ისვენებს. ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში ფსკერის რელიეფი შეიძლება შეიცვალოს, დინება გაძლიერდეს, ხოლო წყალი გაღრმავდეს. მდინარეში შეიძლება გაჩნდეს ხის კორძები, მეტალის ნაგავი, არმატურა ან სხვა საშიში საგნები.

სწორედ ამიტომ, მაშველები გვირჩევენ შევარჩიოთ მოწყობილი პლაჟები, სადაც ფსკერი შემოწმებულია, არის სამაშველო პუნქტები და გამოყოფილია უსაფრთხო ზონები საბანაოდ. სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ბავშვები ყველაზე ხშირად სწორედ „ველურ“, მოუწესრიგებელ პლაჟებზე იღუპებიან.

ბავშვი შეიძლება წყლიდან ამოყვანიდან რამდენიმე ხნის შემდეგაც დაიღუპოს

მშობლებში ხშირად გამოიყენება ტერმინები „მეორეული დახრჩობა“ ან „მშრალი დახრჩობა“. ეს სახელწოდებები სამედიცინო თვალსაზრისით ბოლომდე ზუსტი არ არის, თუმცა თავად პრობლემა ნამდვილად არსებობს. თუ ბავშვმა წყალი ყლაპა, ბანაობის შემდეგ დიდხანს ახველებდა ან წყალში დახრჩობის ეპიზოდი გადაიტანა, შედეგები შეიძლება მაშინვე არ გამოვლინდეს. ხანდახან წყალი ფილტვების დაზიანებას და სუნთქვის სერიოზულ დარღვევას ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწვევს.

ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ექიმმა, თუ ის წყალქვეშ იმყოფებოდა, დაკარგა გონება, გადაეყლაპა დიდი რაოდენობით წყალი ან ბანაობის შემდეგ ძილი ერევა, დაიწყო ჩივილი გულმკერდის ტკივილზე ან ჰაერის უკმარისობაზე. ასეთ სიტუაციებში სჯობს თავი დაიზღვიოთ და სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

რა წესები უნდა ავუხსნათ ბავშვს წინასწარ

ბევრმა ბავშვმა იცის, რომ შუქნიშნის წითელ შუქზე გზაზე გადარბენა არ შეიძლება, თუმცა ბევრად ცუდად წარმოუდგენიათ წყალზე უსაფრთხოების წესები. ზღვამდე, მდინარემდე ან ბანაკში წასვლამდე სასარგებლოა წინასწარ აუხსნათ რამდენიმე მარტივი რამ:

  1. წყალში უფროსების ნებართვის გარეშე შესვლა არ შეიძლება.

  2. მარტო ცურვა აკრძალულია.

  3. ნებისმიერი თამაში, რომელიც წყალში ერთმანეთის ძალით გაჩერებას გულისხმობს, სახიფათოა.

ცალკე უნდა აუხსნათ ბავშვებს, რომ მათ არ უნდა სცადონ ადამიანის დამოუკიდებლად გადარჩენა. პანიკაში მყოფმა ზრდასრულმაც კი შეიძლება შემთხვევით მაშველი წყალქვეშ ჩაითრიოს. ბავშვისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა — დაუყოვნებლივ დაუძახოს უფროსებს და გამოიძახოს დახმარება.

ამით ბავშვს დახრჩობისაგან დაიცავთ: რა ფერის საცურაო კოსტიუმი უნდა ეცვას ბავშვს, რომ წყალში ჩავარდნისას ადვილად შენიშნონ და თვალშიც მუდმივად გხვდებოდეთ