ხშირად გვგონია, რომ ბავშვები ბევრ რამეს ვერ ამჩნევენ ან ვერ ხვდებიან. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. პატარა ბავშვიც კი საოცრად ზუსტად გრძნობს და აღიქვამს იმ გარემოს, რომელშიც იზრდება. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ შვილების თანდასწრებით ყოველთვის მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ.
წარმოგიდგენთ 11 მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლებსაც ბავშვები ყოველთვის აფიქსირებენ და რომლებიც მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე უდიდეს გავლენას ახდენს.
დღის რეჟიმში, წესებში, აკრძალვებსა და შეზღუდვებში არსებული არათანმიმდევრულობა ბავშვებისთვის ძალიან მტკივნეულია. დიახ, წესების დაცვა მშობლებისგან ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ისინი აუცილებელია, რათა ბავშვმა მკაფიოდ იცოდეს, რას უნდა ელოდოს სხვებისგან და რას ელიან მისგან. ეს მას უსაფრთხოების განცდას უქმნის.
ბავშვები კარგად ხედავენ, როდესაც მშობლები ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ისინი მაშინვე ამჩნევენ უსამართლობას — მაგალითად, როცა ერთ შვილს პატიობენ იმას, რისთვისაც მეორეს სჯიან, ან სჯიან ბავშვს იმ საქციელისთვის, რაც მანამდე ნებადართული იყო. ასეთი არათანმიმდევრულობა ბავშვს აბნევს, უკარგავს უსაფრთხოების განცდას და მშობლებისადმი სრულ ნდობას. სტაბილურობა კი ეხმარება მათ, უკეთ გაიგონ საკუთარი თავი, სამყარო და დასაშვები საზღვრები, რაც უმნიშვნელოვანესია მათი მომავლისთვის.
ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილური დღის განრიგი. ისინი ჩვეული რეჟიმიდან მცირე გადაცდომებსაც კი ამჩნევენ. განრიგი არ უნდა იყოს რთული: ბავშვმა უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ ძილის წინ მას ყოველთვის წაუკითხავენ წიგნს, ხოლო საუზმისას მასობლები ყოველთვის მასთან არიან. ეს ქმნის პროგნოზირებადობისა და სიმშვიდის განცდას.
რეჟიმს პრაქტიკული და სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ის ეხმარება ბავშვს, მიეჩვიოს ყოველდღიური მოვალეობების შესრულებას და აახლოებს ოჯახის წევრებს საერთო რიტუალების გარშემო. კვლევები აჩვენებს, რომ სტაბილური განრიგი ავითარებს თვითდისციპლინას და განსაკუთრებით ეხმარება ბავშვს მაშინ, როცა ოჯახი რთულ ეტაპს გადის.
ბავშვები ემოციური ბარომეტრებივით არიან. ისინი მარტივად გრძნობენ ოჯახურ ატმოსფეროს და ხვდებიან, როდის არის მშობლებს შორის უთანხმოება. უფროსებს შეიძლება ჰგონიათ, რომ ფარულ კონფლიქტს ბავშვი ვერ შეამჩნევს, მაგრამ პატარები არავერბალურ სიგნალებსაც კი კითხულობენ — ხელების მდებარეობას საუბრისას, სახის გამომეტყველებასა და ტონს.
კონფლიქტები ნებისმიერ ოჯახში ხდება და ეს ნორმალურია, თუმცა ხშირი და დაუმალავი დაძაბულობა ბავშვს ართმევს დაცულობის განცდას და მკვეთრად უზრდის სტრესის დონეს.
შვილის აღზრდა მუდმივ ყურადღებას მოითხოვს, რაც თანამედროვე სამყაროში რთული მისაღწევია სამსახურის, საოჯახო საქმეებისა და გაჯეტების გამო. ბავშვები ყოველთვის ამჩნევენ, როდესაც მათთან ურთიერთობისას მშობელი პარალელურად ტელეფონში იყურება.
კვლევების მიხედვით, პატარები ნაკლებ ინტერესს იჩენენ გარე სამყაროს მიმართ და მეტ სტრესს განიცდიან, თუ მათი დედები მუდმივად სმარტფონებით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, ეს ბავშვები მომავალში თავადაც ეკრანებზე დამოკიდებულები ხდებიან. შეუძლებელია ტექნოლოგიებზე სრულად უარის თქმა, თუმცა მნიშვნელოვანია შვილთან გატარებული დრო სრულფასოვანი იყოს.
მცირე კეთილი საქმეები უფროსებისთვის შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ ბავშვები მათ მაშინვე აქცევენ ყურადღებას. ბავშვი სამყაროს შეცნობას მშობლების, და-ძმებისა და გარშემომყოფების ქცევის კოპირებით იწყებს. ისინი ხედავენ, როგორ ესალმებით მეზობლებს ან ეხმარებით სხვებს.
ქალებისადმი პატივისცემა, მოხუცებზე ზრუნვა და ცხოველებისადმი სიყვარული — ამ ყველაფერს ბავშვი მომენტალურად ითვისებს. ყოველდღიური სიკეთის ყურება ავითარებს ბავშვის ემოციურ ინტელექტსა და თანაგრძნობის უნარს არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც.
ბავშვები მკაფიოდ ამჩნევენ სიყვარულისა და სითბოს გამოვლინებებს როგორც მათ მიმართ, მათი მშობლების მიმართ და თავად მშობლებს შორისაც. რა ტქმა უნდა, საწინააღმდეგო, უარყოფით ემოციებსაც ზალიან სწრაფად "იჭერენ". პოზიტიური ფიზიკური კონტაქტი ბავშვის განვითარების ფუნდამენტია. ჩახუტება, კოცნა და მოფერება ბავშვს ეხმარება სოციალიზაციაში, ასწავლის ემპათიას და ხდის მას ბედნიერს.
საპირისპიროდ, ნეგატიური ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დასჯა მომავალში ანტისოციალურ ქცევას, ნდობის დაკარგვას, შფოთვასა და დეპრესიას იწვევს.
გადატვირთული გრაფიკის გამო ოჯახური საღამოებისთვის დროის პოვნა რთულია, თუმცა ბავშვები ძალიან აფასებენ მომენტებს, როდესაც მშობლები მთელ ყურადღებას მათ უთმობენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია მშობლის ემოციური გამოხმაურება.
ხშირად ბავშვის ცუდი ყოფაქცევა და ურჩობა სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების მიქცევის მცდელობა. გონიერი მშობელი ხვდება, რომ ამ ქცევის უკან რაღაც საჭიროება დგას. მაშინაც კი, თუ დრო ცოტა გაქვთ, გამოიყენეთ ის ხუთი წუთიც ან მოაწყვეთ ტელეფონების გარეშე ვახშამი, რათა შვილს მოუსმინოთ.
ბავშვები აკვირდებიან, როგორ ურთიერთობენ მშობლები მეგობრებთან, ნათესავებთან თუ უცნობებთან. თუ ისინი ხედავენ ნეგატიურ და აგდებულ დამოკიდებულებას, სწავლობენ, რომ ეს ნორმაა. ხოლო თუ ხედავენ მხარდაჭერასა და პატივისცემას, თავადაც ამ სტილს ითვისებენ. ემპათია არის უნარი, რომლის სწავლებაც მშობლებს საკუთარი მაგალითით შეუძლიათ.
ბავშვები ხედავენ, როდესაც მშობლებს მათი მცირე წარმატებებიც კი ახარებთ — იქნება ეს დალაგებული სათამაშოები თუ მათემატიკის რთული ამოცანის ამოხსნა.
ჩვენი ცხოვრება ხომ ძირითადად პატარა, ყოველდღიური გამარჯვებებისგან შედგება. როდესაც მშობლები ბავშვს ამ მცირე მიღწევებისთვის აქებენ, ისინი უგზავნიან სიგნალს: „შენ შეგიძლია სირთულეების გადალახვა“. ეს ზრდის ბავშვის თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას.
ხანდახან მშობლები ბავშვებს სხვებს კეთილი განზრახვით ადარებენ, რათა მოტივაცია მისცენ, თუმცა ეს ყოველთვის მძიმე დარტყმაა ბავშვის თვითშეფასებისთვის.
კრიტიკული შედარებები, განსაკუთრებით და-ძმებს შორის, ხშირად ზრდასრულ ასაკშიც ტოვებს კვალს. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის არ არის საკმარისად კარგი იმისთვის, რომ უბრალოდ ისეთი უყვარდეთ, როგორიც არის.
მშობლებისთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა საკუთარ ემოციებთან და სტრესთან გამკლავებაა. ბავშვები ხედავენ, როგორ იქცევით კრიზისულ სიტუაციებში და ასაკის მატებასთან ერთად ზუსტად იმეორებენ ამ მოდელს.
მშობლები ხშირად ცდილობენ ნეგატიური ემოციების ჩახშობას და ბავშვთან ამაზე არ საუბრობენ, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები ამ ფარულ სტრესს მაინც გრძნობენ და თავადაც შფოთავენ. პროფესორ სარა უოტერსის თქმით, ბავშვები ნაკლებ სტრესს განიცდიან, როდესაც მშობლები მათთან გულწრფელები არიან. სჯობს, არ შეგეშინდეთ ნამდვილი გრძნობების ჩვენება და მისცეთ ბავშვსაც უფლება, გამოხატოს თავისი ემოციები — ასე ის ისწავლის სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავებას.