"აბიტურიენტს საგამოცდო პროცესზე პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა შეუძლია, ოღონდ აქ, რა თქმა უნდა, ნახევარლიტრიანი ბოთლი იგულისხმება. ყოფილა შემთხვევები, როცა ხუთლიტრიანი ბოთლიც წამოუღიათ" - თამარ მემანიშვილი - მშობლები

"აბიტურიენტს საგამოცდო პროცესზე პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა შეუძლია... ყოფილა შემთხვევები, ხუთლიტრიანი ბოთლიც წამოუღიათ" - თამარ მემანიშვილი

2026-06-26 11:05:28+04:00

22 ივნისიდან საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დაიწყო. წელს რეგისტრირებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესის დროს - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი, გადაცემაში "იმედის დილა" საუბრობს:

- 22 ივნისიდან, ორშაბათიდან, ყველა გამოსაცდელ პირს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა უკვე შეუძლია. საგამოცდო ბარათი ის დოკუმენტია, რომელიც აბიტურიენტს უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ რომელ საგამოცდო ცენტრში უწევს მას გამოცდის ჩაბარება, რა დღეებში და რომელ საათზეა ის გამოცდები დანიშნული, რომელთა ჩაბარებაც მას მოუწევს. შესაბამისად, აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად აუცილებლად უნდა წარადგინოს. ამ გარემოებას მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ის დოკუმენტებია, რომლებიც ცენტრს გამოსაცდელის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს და მათი გამოცდაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს.

​- რა მოხდება, თუ აბიტურიენტს საგამოცდო ბარათი სახლში დარჩება?

- საგამოცდო ბარათის სახლში დარჩენის შემთხვევაში, თითოეულ საგამოცდო ცენტრში იქვე მყოფი ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს დაეხმარებიან. ეს წესი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახლში დარჩენის შემთხვევაზეც ვრცელდება. თუმცა, ყველა გამოსაცდელ პირს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ, რომ ეს დოკუმენტები სახლში არ დარჩეთ და თან იქონიონ. თუკი მაინც ისე აღმოჩნდა, რომ რომელიმე მათგანი სახლში დარჩათ, ამის გამო უკან არ დაბრუნდნენ და გზა საგამოცდო ცენტრისკენ გააგრძელონ.

იქ ჩვენი წარმომადგენლები მათ დეტალურ კონსულტაციას გაუწევენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადაში და რა გზებით უნდა იქნეს შემდგომში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში წარმოდგენილი, რათა აბიტურიენტის მიერ შესრულებული ნაშრომი გასწორებას დაექვემდებაროს.

​- მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია დასრულებულია, ჩვენ ვიცით, რომ პრიორიტეტების გადახედვის, პროგრამების შეცვლის ან გადაადგილების შესაძლებლობა კიდევ არსებობს. ზუსტად რა დრომდეა ეს შესაძლებელი?

- პროგრამების ცვლილება აბიტურიენტებს კიდევ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს პერიოდში მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. სასურველია, მათ პრიორიტეტების გადანაცვლებაზე ფიქრისგან ცოტა ხნით თავი შეიკავონ და გამოცდაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რადგან პრიორიტეტების შეცვლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი. მათ ამის გაკეთება გამოცდების დასრულების შემდგომაც შეუძლიათ. აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი, შედეგების გამოქვეყნების მეორე დღის 6 საათამდე აბიტურიენტებს პრიორიტეტების გადანაცვლება, ან იმ პროგრამების დამატება შეუძლიათ, რომლებიც მანამდე შერჩეული არ ჰქონდათ. პროგრამების დამატება თუ იმ პროგრამის წაშლა, რომელიც მანამდე ჰქონდათ შერჩეული, შეუზღუდავი რაოდენობითაა შესაძლებელი. ეს პერიოდი, როგორც წესი, აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდება.

- თბილისში კონკრეტული მეტროსადგურებიდან საგამოცდო ადგილებამდე სპეციალური მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა, რათა აბიტურიენტები დანიშნულების ადგილზე დროულად მივიდნენ. რა განრიგით იმოძრავებენ ისინი, რომ აბიტურიენტებმა ზუსტად იცოდნენ, როდის მივიდნენ და ტრანსპორტირება სწორად დაგეგმონ?

- ჩვენ საგამოცდო ბარათებთან ერთად ვებგვერდზე მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებთან დაკავშირებული ინფორმაციაც განვათავსეთ. შესაბამისად, აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრის მისამართისა და მასთან მისასვლელი მარშრუტის შესახებ ინფორმაციის ნახვა ჩვენს ვებგვერდზე შეუძლია. იქვე Google Maps-ის ლინკებიც არის დატანილი, რისი საშუალებითაც ისინი ამ მისამართს მარტივად მოძებნიან. ასევე გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი - ცხრა საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს და აბიტურიენტთა ნახევარზე მეტი თბილისშია რეგისტრირებული, საგამოცდო ცენტრები ძირითადად გარეუბნებშია განთავსებული. ჩვენი კრიტერიუმების მიხედვით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ქალაქში საგზაო მოძრაობას და ტრაფიკს ხელი არ შეეშალოს და აბიტურიენტების გულშემატკივრებისთვისაც დიდი სივრცე გამოიყოს.

შესაბამისად, მითითებული გვაქვს, თუ ოთხი მიმართულებით რომელი მეტროსადგურებიდან გავა მუნიციპალური ტრანსპორტი კონკრეტული საგამოცდო ცენტრებისკენ. მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. ამიტომ, გადაადგილებისა და გამოცდაზე დროულად მისვლის პრობლემა მათ არ ექნებათ. ​

- რომელი ნივთების შეტანა იკრძალება საგამოცდო სივრცეში და არსებობს თუ არა წინაპირობა იმისა, რომ ნაშრომი არ გასწორდეს ან არ შეფასდეს?

- შემიძლია, ის ნივთები ჩამოვთვალო, რომელთა შეტანაც ნებადართულია. რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ ნივთსაც დავასახელებ, რომელთა შეტანაც აკრძალულია. აბიტურიენტს საგამოცდო პროცესზე პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა შეუძლია, ოღონდ აქ, რა თქმა უნდა, ნახევარლიტრიანი ბოთლი იგულისხმება. ყოფილა შემთხვევები, როცა აბიტურიენტს ხუთლიტრიანი ბოთლიც წამოუღია, რადგან დიდი რაოდენობის წყლის დანახვაზე ისინი უფრო მშვიდდებიან. მათ ნახევარლიტრიანი პლასტმასის ბოთლით წყლის შემოტანა შეუძლიათ, ხოლო თუ ეს რაოდენობა საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საკმარისი არ აღმოჩნდება, საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები მათ წყლით თავად უზრუნველყოფენ. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მათ კალმის შემოტანაც შეუძლიათ. კალმის სტანდარტებიც განსაზღვრული გვაქვს - ის აუცილებლად ბურთულიანი, ეგრეთ წოდებული გელიანი კალამი უნდა იყოს, რომლის წვერის სისქეც 0.5-დან 0.7 მილიმეტრამდე მერყეობს და ეს პარამეტრები კალამზე აუცილებლად უნდა ეწეროს. თუმცა, კალმის შემოტანა აუცილებელი არ არის. გუშინ მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აბიტურიენტებს ჰგონიათ, რომ კალმის ქონა სავალდებულოა და მათ სპეციალურ საკანცელარიო მაღაზიებში ყიდულობენ. ​აბსოლუტურად ყველა აბიტურიენტს კალამი საგამოცდო სივრცეში დახვდება.

ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობები და ნებისმიერი დამხმარე საშუალება აკრძალულია. ​