პროდუქტების მომარაგება და გაყინვა შესანიშნავი გზაა დროისა და ფინანსების დასაზოგად, თუმცა მთავარია, ეს პროცესი სწორად წარიმართოს. აგარაკიდან თუ ბაზრიდან მოტანილი ზედმეტი ხილისა და კენკრის კონსერვირება სავალდებულო არ არის, თუკი სახლში ტევადი საყინულე გაქვთ. გთავაზობთ გზამკვლევს, თუ რომელი პროდუქტები ინარჩუნებენ საუკეთესოდ სტრუქტურას, გემოსა და სასარგებლო თვისებებს გაყინვისას და როგორ უნდა მოვამზადოთ ისინი სწორად.

საყინულეში თამამად შეგიძლიათ შეინახოთ მწვანე ბარდა, ლობიო, კუბებად დაჭრილი სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი და სიმინდის მარცვლები. თუმცა, გაყინვამდე ბოსტნეული რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში უნდა გააჩეროთ, შემდეგ კი ცივი წყალი გადაავლოთ. ეს პროცესი, ანუ ბლანშირება, ანადგურებს იმ ბუნებრივ ფერმენტებს, რომლებიც პროდუქტის ქსოვილებს საყინულეშიც კი აზიანებს. ამის შემდეგ გადაწურეთ წყალი, გადაანაწილეთ ბოსტნეული საცხობ ქაღალდზე და შედგით საყინულეში. როდესაც პროდუქტი მყარად გაიყინება, გადაიტანეთ ჰერმეტულ პლასტიკურ პაკეტში, მაქსიმალურად გამოუშვით ჰაერი და დააბრუნეთ საყინულეში.
პომიდვრისთვის სხვა მეთოდი არსებობს. გარეცხილი და კანგაცლილი პომიდორი დააბლენდერეთ და მიღებული პიურე პატარა კონტეინერებით გაყინეთ, რათა შემდგომში სუპებსა და სოუსებში გამოიყენოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ნიახური, სალათის ფოთლები, კიტრი და თალგამი გაყინვის შემდეგ სტრუქტურას სრულად კარგავენ და ფაფისებურ მასად იქცევიან, ამიტომ მათი საყინულეში შენახვა არ ღირს.

გაყინული ხილი შესანიშნავად ინარჩუნებს გემოს, მაგრამ არა მის კონსისტენციას. ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავენ, გაყინვის შემდგომ რბილდებიან. მიუხედავად ამისა, ასეთი ხილი იდეალურია სოუსების, სმუზების, კოქტეილებისა და ცხობისას.
ბანანი შეგიძლიათ პირდაპირ კანიანად გაყინოთ, რათა მოგვიანებით სმუზისთვის ან ბანანის კექსისთვის გამოიყენოთ. ვაშლი, მსხალი, გარგარი და ქლიავი უმჯობესია გათალოთ, დაჭრათ ნაჭრებად, წინასწარ გაყინოთ ლანგარზე და შემდეგ გადაიტანოთ ჰერმეტულ კონტეინერში. ასევე შეგიძლიათ ისინი შაქართან ერთად მოთუშოთ და ისე შეინახოთ ფაფებში დასამატებლად.
მაყვალი, მოცვი, ალუბალი, დაჭრილი მანგო, ანანასი, კივი, ატამი ძალიან კარგად უძლებს გაყინვას. თანაბარი ზომის ნაჭრები ჯერ საცხობ ქაღალდზე გაშალეთ, გაყინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ პაკეტებში. ფორთოხლის გაყინვა რეკომენდებული არ არის, თუ ციტრუსის გაფუჭების გეშინიათ, ჯობია მისგან წვენი გამოწუროთ და ისე გაყინოთ.

თანამედროვე მაღაზიებში ხორცი ხშირად ვაკუუმის შეფუთვით იყიდება. ეს შეფუთვა იდეალურია გაყინვისთვის, რადგან ის ხორცის სტრუქტურას იცავს. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ ხორცი მჭიდროდ შეახვიოთ საკვებ ფირში რამდენიმე ფენად ან მოათავსოთ სპეციალურ ელვა-შესაკრავიან პაკეტებში, საიდანაც მაქსიმალურად გამოდევნით ჰაერს. ხორცის ფარში შეგიძლიათ პირდაპირ იმ პლასტმასის კონტეინერით გაყინოთ, რომლითაც შეიძინეთ. გაითვალისწინეთ, რომ ძვლიანი ხორცი საყინულეში ბევრად მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე რბილი ხორცი.

მჭიდროდ შეფუთული მთლიანი ქათამი საყინულეში მთელი წლის განმავლობაში ინახება. ინდაური შვიდ თვეს გაძლებს, ხოლო იხვი, ცხიმის მაღალი შემცველობის გამო, ექვს თვეს. დანაწილებული ფრინველის ხორცი კი ისევე უნდა შეფუთოთ და გაყინოთ, როგორც ჩვეულებრივი ხორცი.

თევზი გაყინვამდე აუცილებლად უნდა გამოშიგნოთ, გაასუფთაოთ ქერცლისგან და მოაცილოთ ლაყუჩები. შეგიძლიათ გაყინოთ როგორც მთლიანი სახით, ისე ფილეებად. იმისათვის, რომ თეთრი თევზი გალღობის შემდეგ არ დაიშალოს, გაყინვამდე წამიერად ჩააწეთ მარილიან წყალში (სამი სუფრის კოვზი მარილი ერთ ლიტრ წყალზე). ცხიმიანი თევზი კი უკეთ შეინახება, თუ მას ასკორბინის მჟავის ხსნარში მოათავსებთ (ორი სუფრის კოვზი ვიტამინი C ერთ ლიტრ წყალზე).
სუპები, ჩაშუშული კერძები და სხვა თხევადი საკვები შესანიშნავად ინახება ჰერმეტულ კონტეინერებში ან სპეციალურ პაკეტებში. 
ტაფაზე ან ფრიტიურში მომზადებული ბოსტნეული და კარტოფილი გაყინვის შემდეგ რბილდება და გემოს კარგავს. ლაზანიას გაყინვაც გამოცხობის შემდეგ არ არის რეკომენდებული, თუმცა შეგიძლიათ უმი, აუწყობელი ლაზანია გაყინოთ და მოგვიანებით პირდაპირ ღუმელში გამოაცხოთ.
ხაჭაპური უმჯობესია გამოცხობამდე გაყინოთ. მოამზადეთ, მიეცით ფორმა, მაგრამ არ გამოაცხოთ. შემდეგ კარგად შეფუთეთ და გაყინეთ. როცა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ პირდაპირ გაყინულივე გამოაცხოთ (შეიძლება გამოცხობის დრო 5–10 წუთით გაიზარდოს).
თუ ხაჭაპური უკვე გამოცხვარია, მისი გაყინვაც შესაძლებელია, თუმცა გალღობის შემდეგ ცომი ხშირად უფრო მშრალია და ყველიც ნაწილობრივ კარგავს ტექსტურას. გემოს მხრივ მაინც მისაღებია, მაგრამ ახალი გამომცხვარის ხარისხი აღარ ექნება.
ლობიანი ლობიანიც უმჯობესია გამოცხობამდე გაყინოთ. ასე ცომი და შიგთავსი უკეთ ინარჩუნებს ხარისხს.
გამომცხვარი ლობიანის გაყინვაც შეიძლება, რადგან ლობიოს შიგთავსი კარგად იტანს გაყინვას, თუმცა ცომი შეიძლება ოდნავ გამოშრეს. საუკეთესო შედეგისთვის გაალღვეთ მაცივარში და შემდეგ გააცხელეთ ღუმელში.
მაკარონი და ბრინჯი გაყინვამდე ოდნავ ალ დენტე, ანუ ნახევრად მოხარშული უნდა იყოს. გაყინვისთვის მრგვალი ბრინჯი ბევრად უკეთესია, ვიდრე გრძელმარცვლიანი. მოხარშული ქინოა და სხვა ბურღულეულიც თავისუფლად შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში.

რძის გაყინვა პირდაპირ პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ (საკვებისთვის განკუთვნილი პლასტმასის ბოთლი ერთჯერადი გაყინვისთვის, როგორც წესი, უსაფრთხოდ ითვლება) თუმცა მანამდე ბოთლიდან სითხის მეათედი ნაწილი უნდა გადმოასხათ, რადგან გაყინვისას რძე ფართოვდება და ბოთლი შეიძლება გასკდეს. თუ გალღობის შემდეგ რძემ მარცვლოვანი კონსისტენცია მიიღო, მიქსერით ათქვიფეთ. ნაღები პლასტმასის ბოთლში კარგად იყინება და გამოყენებამდე 24 საათით ადრე მაცივრის ქვედა თაროზე უნდა გადმოდგათ. კარაქი შეგიძლიათ პირდაპირ თავის ფოლგაში დატოვოთ, ხოლო თუ ქაღალდშია შეფუთული, დამატებით პარკი შემოავლეთ, რომ საყინულის სუნი არ აიყოლოს. მაგარი ყველი კარგად უძლებს გაყინვას, თუმცა რბილი ყველის სტრუქტურა მაღალი ტენიანობის გამო იშლება.
მწვანილი წვრილად დაჭერით, გადაანაწილეთ ყინულის ფორმებში, დაასხით ზეთი ან წყალი და ისე გაყინეთ. მწვანე ხახვი კი გარეცხვის და გაშრობის შემდეგ დაჭერით და პირდაპირ პაკეტით შედგით საყინულეში.
პური გაყინვამდე წინასწარ დაჭერით ნაჭრებად. გალღობისას ნაჭრებს ოდნავ წყალი მიასხურეთ და საშუალო ცეცხლზე ღუმელში ან მიკროტალღურშ შეათბეთ. კვერცხის გასაყინავად კი ნაჭუჭი უნდა გატეხოთ, მასა კექსის ფორმებში გადაანაწილოთ და ისე გაყინოთ.

შაქარი გვეხმარება დესერტების ტექსტურის შენარჩუნებაში. მთავარია, ნამცხვარი მჭიდროდ იყოს დახურული. არ გაყინოთ შიგთავსიანი ან გლაზურით დაფარული ნამცხვრები, მაგალითად, ვაშლის შარლოტკა გაყინვისას სველდება. ნამცხვრის გამოცხობამდე შეგიძლიათ ცომი დაყოთ პორციებად, შეახვიოთ ფირში და გაყინოთ, ხოლო საჭირო დროს პირდაპირ ღუმელში გამოაცხოთ.
საკვებში არსებული ცხიმი დროთა განმავლობაში იჟანგება. დაბალი ტემპერატურა ამ პროცესს ანელებს, მაგრამ ვერ აჩერებს. დაჟანგული ცხიმი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა არასასიამოვნო გემო აქვს. ამიტომ, პროდუქტების უსასრულოდ შენახვა საყინულეში არ შეიძლება.
ცხიმიანი პროდუქტები, როგორიცაა ბეკონი და ძეხვეული, ასევე სუპები და სოუსები, სამ თვეში უნდა გამოიყენოთ. კარაქი, ცხიმიანი თევზი, ხორცის ფარში და მზა ჩაშუშული კერძები ოთხ თვემდე ინახება.

პური, ბულიონი და ხილის წვენები საყინულეში ექვს თვემდე ძლებს. იგივე ვადა აქვს ღორისა და ფრინველის დანაწილებულ ხორცს. ხილისა და კენკრის ნაჭრები, ისევე როგორც თეთრი თევზი, რვა თვის განმავლობაში ინარჩუნებს თვისებებს. ბოსტნეული, კომპოტები, მთლიანი ქათამი და მჭიდროდ შეფუთული სტეიკი კი საყინულეში მთელ წელს გაძლებს.
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ გაყინული პროდუქტი უფრო ნოყიერია, ვიდრე ახალი. მაგალითად, ახლად მოკრეფილი და მაშინვე გაყინული ხილი ბევრად მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ის, რომელიც რამდენიმე დღე მაღაზიის დახლზე იდო. ბლანშირებისას ბოსტნეულმა შესაძლოა დაკარგოს B და C ვიტამინების ნაწილი, თუმცა მთლიანობაში გაყინვა მნიშვნელოვნად არ მოქმედებს პროდუქტის კვებით ღირებულებასა და ბოჭკოვან სტრუქტურაზე.