"საშვილოსნო ქალბატონის არც ჰორმონალურ და არც სქესობრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობს… ქალბატონებს ეს ოპერაცია ახლა უფრო მარტივად გადააქვთ" - როდის არის აუცილებელი საშვილოსნოს ამოღება და რას ცვლის ეს ოპერაცია - მშობლები

"საშვილოსნო ქალბატონის არც ჰორმონალურ და არც სქესობრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობს… ქალბატონებს ეს ოპერაცია ახლა უფრო მარტივად გადააქვთ" - როდის არის აუცილებელი საშვილოსნოს ამოღება და რას ცვლის ეს ოპერაცია

2026-06-29 10:04:04+04:00

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გინეკოლოგი, ონკოქირურგი, ნინო ჩოგოვაძე, პოდკასტში "RadVision" საშვილოსნოს ამოღებასთან დაკავშირებულ მცდარ შეხედულებებზე საუბრობს და აღნიშნავს, როდის შეიძლება, ქალმა ასეთ დროს ოპერაციაზე იფიქროს:

- ​საშვილოსნოს ამოღება რატომღაც მაინც იმგვარ მითოლოგიურ ორგანოსთანაა დაკავშირებული, რომელიც ქალბატონებში ქალურობას განსაზღვრავს. მათ ასეთი წარმოდგენა აქვთ. რეალურად, საშვილოსნო ქალბატონის არც ჰორმონალურ და არც სქესობრივ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებს. ამ კუნთოვან ორგანოს მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია - შვილის ტარება აკისრია. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი ფუნქციაა. ​

თუმცა, როდესაც ქალბატონი რეპროდუქციულ ასაკში აღარ არის, ანუ შვილის გაჩენას აღარ აპირებს და მას ისეთი შემაწუხებელი პათოლოგიები აქვს, რომლებიც ცხოვრების ხარისხს უქვეითებს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ჩვენ ოპერაციულ მკურნალობას მაინც ვწყვეტთ. ეს პრობლემები შეიძლება ქრონიკული ანემიის, ტკივილის, გადაგვარებისკენ მიდრეკილების, ატიპიური განვითარების ან მორეციდივე ჰიპერპლაზიებისა და პოლიპების სახით გამოვლინდეს, რომლებიც, პოტენციურად, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სიმსივნედ გადაგვარდეს.

ქალბატონებს ვუხსნით, რომ ეს ოპერაცია მათ ცხოვრებაში დიდ ცვლილებას რეალურად არ შეიტანს. ​განსაკუთრებით ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარებამ დიდი ცვლილება გამოიწვია, რადგან ქალბატონებს ეს ოპერაცია ახლა უფრო მარტივად გადააქვთ. აქედან გამომდინარე, ტრავმატიზმი ნაკლებია, ისინი ჯანსაღ ცხოვრებას მალევე უბრუნდებიან, მალე აქტიურდებიან და სამსახურშიც სწრაფად მიდიან. თუნდაც ეს პოსტოპერაციული ნაწიბურები თვალში აღარ ხვდებათ.

ზოგ შემთხვევაში ვაგინალური ქირურგია გამოიყენება, რაც საშვილოსნოს ვაგინალური მიდგომით ამოღებას გულისხმობს. ეს შესანიშნავი მეთოდია, რადგან ქალბატონს არც ჭრილობა და არც რაიმე უსიამოვნო შეგრძნება არ აქვს. ისინი იმ პრობლემებისგან თავისუფლდებიან, რაც მანამდე აწუხებდათ. ამის გამო პაციენტები ძალიან მადლობლები არიან და ხშირად ამბობენ, ნეტავ ეს ოპერაცია უფრო ადრე გამეკეთებინა, რადგან არ ვიცოდი, თუ ასეთი კარგი შედეგი ექნებოდაო. ​ასე რომ, თუკი რაიმე პათოლოგია ქალბატონის ცხოვრების ხარისხს აქვეითებს და მის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის, ჩვენ ოპერაციის ჩატარებას, რა თქმა უნდა, განვიხილავთ.

რა ხდება სინამდვილეში თქვენს ორგანიზმში პერიმენოპაუზის და მენოპაუზის დროს - სიმპტომები მხოლოდ გინეკოლოგიური არ არის...
შეიძლება თუ არა მენოპაუზის გადავადება - გინეკოლოგების რჩევა
ისევ იკეთებენ თუ არა საქართველოში საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას: ის შეიძლება სპორტის ან ტამპონის გამოც დაირღვეს - ცნობილი პლასტიკური ქირურგი და გინეკოლოგი ტაბუდადებულ თემაზე