"მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი ტელეფონი გეჭირება ხელში. ​ეს უნდა უთხრას ავტორიტეტმა, მშობელმა, ბავშვს, თუმცა არ ეუბნება" - თამარ გაგოშიძე - მშობლები

"მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი ტელეფონი გეჭირება ხელში. ​ეს უნდა უთხრას ავტორიტეტმა, მშობელმა, ბავშვს, თუმცა არ ეუბნება" - თამარ გაგოშიძე

2026-06-29 10:07:58+04:00

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე სალომე კასრაძის პოდკასტში საუბრობს იმ ფასეულობებზე, რომლებიც მშობლებმა შვილს პატარა ასაკიდანვე უნდა გადასცენ:

- რა არის ჩვენს საზოგადოებაში ფასეულობა? მატერია. რას ნიშნავს სტატუსი? ბრენდული სამოსი გაცვია ან ბრენდული ნივთი გიჭირავს. ბავშვი სხვებს უყურებს. ცხადია, ბავშვის რეაქცია ყოველთვის ასეთია, მაგრამ აქ მთავარია, თუ რას ეუბნება მას მშობელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელმა შეიძლება ისიც კი არ უთხრას, რომ ახლა ამის ფული არ აქვთ. ფული გვაქვს, მაგრამ მაინც არ ვყიდულობ. ​ფული გვაქვს, მაგრამ არ გიყიდი. იცი, რატომ? იმიტომ, რომ ეს შენს პიროვნებას არ განსაზღვრავს.

მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი ტელეფონი გეჭირება ხელში. ​ეს უნდა უთხრას ავტორიტეტმა, მშობელმა, ბავშვს, თუმცა არ ეუბნება. "შვილი არ დამეჩაგროს" - ეს ჩვენი მთავარი ფორმულაა. სტრესში არ ჩავარდეს და ამისგან ტრავმა არ მიიღოს. ჩვენს საზოგადოებაში სიტყვებს - "ტრავმა" და "სტრესი" არასწორად ვიყენებთ. რაც ბავშვს ტრავმას ნამდვილად აყენებს, იმას უხვად გადავცემთ.

არ არის საჭირო ბავშვის ზედმეტი რაღაცებით დასაჩუქრება, არ არის საჭირო და ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები. ჩემი თუ არ გჯერათ, მილიარდერებს დაუჯერეთ – ნებისმიერი მათგანის ჩანაწერები ან ინტერვიუ რომ ნახოთ, იმავეს გეტყვიან. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ ფული ენანებათ, არამედ იმიტომ, რომ განსაკუთრებულობისა და რჩეულობისკენ ტენდენციები ჩვენ ისედაც ყველას გვაქვს, რადგან ყველა ეგოცენტრულები ვართ. პატარა ბავშვი განსაკუთრებით ეგოცენტრულია და ჰგონია, რომ მის გარშემო ტრიალებს ქვეყანა. ფსიქოანალიტიკოსები გვეტყვიან, რომ ბავშვი ასე იბადება და მერე ნელ-ნელა კარგავს ილუზიას, თითქოს თავად არის სამყარო და ყველა მის გარშემო ბრუნავს. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და რას აკეთებს ამ დროს კარგი აღზრდა? კარგი აღზრდა ზუსტად ამ ილუზიას გაკარგვინებს; გაგებინებს, რომ შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი და შენ გარდა კიდევ არსებობენ სხვა ადამიანები. თანამედროვე აღზრდის სისტემა კი – არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ზრდის ნარცისს.

​როდესაც მშობლისთვის ბრენდი მნიშვნელოვანი არ არის და რაც უფრო დიდი სტატუსი გაქვს, მით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება იგი, ეს ბავშვზე დადებითად მოქმედებს. სწორედ აქედან იწყება მისი ასერტიულობა. დედაჩემიც ასეთია, მამაჩემიც ასეთია და ჩვენს სახლშიც ასეა. ​მე ჩემს შვილს ვეუბნები, რომ არ მაინტერესებს, თუ რას ფიქრობენ მისი მეგობრის დედა და მამა, რადგან ჩვენს სახლში ასეა მიღებული. ხომ მოგწონს ჩვენი სახლი, ხომ მოგწონს ჩვენი ურთიერთობები და ხომ მოგწონს ეს სიტუაცია? ​ჩვენ ასეთები ვართ. ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. სხვებს სხვანაირი შეხედულებები აქვთ. შენ სხვისი შეხედულებებით უნდა იცხოვრო? ეს მაინტერესებს და ამ თემაზე ვიმსჯელოთ. სხვა რასაც ჩაგძახებს, იმით უნდა იხელმძღვანელო? შენი აზრი არ უნდა გაგაჩნდეს? ეს ყველაფერი ბავშვობიდან ყალიბდება.