თვალის გარშემო არსებული კანი მთელ სხეულზე ყველაზე თხელი, ფაქიზი და მგრძნობიარეა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ასაკობრივი ცვლილებების კვალი აქ ყველაზე ადრე და თვალსაჩინოდ იჩენს თავს. დროთა განმავლობაში ორგანიზმში მკვეთრად იკლებს ისეთი მნიშვნელოვანი ცილების გამომუშავება, როგორებიცაა კოლაგენი და ელასტინი. შედეგად, კანი კარგავს თავის ბუნებრივ ტონუსს, სიმკვრივეს, დუნდება და ნელ-ნელა ქვემოთ იწყებს დაშვებას.
ამ პროცესს თან ერთვის კიდევ ერთი ანატომიური ფაქტორი - ე.წ. ორბიტალური ცხიმის პროტრუზია, რასაც ხალხში „ცხიმოვან თიაქრებს“ ან „ბალიშებს“ ვეძახით. ახალგაზრდობაში ამ ცხიმოვან ქსოვილს, რომელიც თვალის კაკალს იცავს, სპეციალური თხელი მემბრანა მყარად აკავებს შიგნით. ასაკის მატებასთან ერთად ეს მემბრანაც სუსტდება, თხელდება და ცხიმი წინ გამოიბურცება. სწორედ ეს ქმნის ზედა ქუთუთოების სიმძიმესა და ქვედა ქუთუთოების ქვეშ გაჩენილ, ესთეტიკურად არასასიამოვნო „ტომრებს“.
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ხანდაზმულობის თანმდევი პროცესი როდია. ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორიც. არსებობენ პაციენტები, რომელთაც ანატომიურად, თანდაყოლილად აქვთ ქუთუთოს დაბალი ნაოჭი ან კანის სტრუქტურული თავისებურება, რის გამოც ქუთუთოების ჩამოწელვა და სიმძიმის შეგრძნება ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკშიც კი უვითარდებათ.
ამ პრობლემის მოგვარება მარტივად ხდება ბლეფაროპლასტიკის საშუალებით, რომლის შესახებაც დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოქირურგი ელისო ბრეგვაძე გვესაუბრება.
რა უნდა ვიცოდეთ ბლეფაროპლასტიკის შესახებ?
ქუთუთოების პლასტიკა - ეს მხოლოდ სილამაზეა თუ ჯანმრთელობაც? რა ასაკიდან არის რეკომენდებული ოპერაციის გაკეთება და როგორია რეაბილიტაციის პერიოდი? ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი, ელისო ბრეგვაძე.
თავდაპირველად რომ განვმარტოთ, რა არის ბლეფაროპლასტიკა?
ბლეფაროპლასტიკა არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ზედა ან ქვედა ქუთუთოების კორექციისთვის კეთდება.
ეს მხოლოდ ესთეტიკური პროცედურაა თუ მას სამედიცინო დატვირთვაც გააჩნია?
გარდა იმ პაციენტებისა, რომელთაც მხოლოდ ზედმეტი კანი აწუხებთ და ოპერაციას ესთეტიკური თვალსაზრისით იკეთებენ, არიან ისეთებიც, ვისაც დაშვებული კანი ყოველდღიურ რეჟიმში, ფუნქციურად უშლის ხელს. ასეთ შემთხვევაში ბლეფაროპლასტიკა არა მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის, არამედ მხედველობის გასაუმჯობესებლადაც ტარდება. ოპერაციის შემდგომ პაციენტები აღნიშნავენ, რომ დილით ქუთუთოების გახელა გაცილებით მარტივია და მათი მხედველობის ველიც ბევრად უფრო ფართო არეალს მოიცავს.
რა იწვევს ამ პრობლემას?
ძირითადი გამომწვევი მიზეზი ასაკობრივი ცვლილებები და უფროს ასაკში კანის ელასტიურობის მოდუნებაა. თუმცა, ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომელთაც ეს პრობლემა გენეტიკური ფაქტორების გამო აღენიშნებათ.
არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი ამ ოპერაციისთვის?
თუ პაციენტს აქვს გენეტიკური ფონი, ქვედა ქუთუთოებზე ე.წ. „ცხიმოვანი ბალიშების“ ჩალაგება, პრობლემა შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. ასეთ დროს ქვედა ქუთუთოს ბლეფაროპლასტიკა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. რაც შეეხება ზედა ქუთუთოებს, ცვლილებები ძირითადად 30 წლის ზემოთ ვლინდება. შედარებით ასაკოვანი ადამიანები უფრო მეტად მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით იტარებენ. ოპერაციისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს.
უშუალოდ პროცედურაზეც რომ გვესაუბროთ, რამდენად რთულია იგი და რა ტიპის ანესთეზიით ტარდება?
ზედა და ქვედა ქუთუთოს ბლეფაროპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით. ეს ძირითადად პაციენტის ფსიქო-ემოციურ ფონზეა დამოკიდებული. ოპერაციის ხანგრძლივობა ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ინტერვალში მერყეობს და დამოკიდებულია მოსაცილებელი კანისა და ცხიმის მოცულობაზე.
როგორია რეაბილიტაციის პერიოდი? პაციენტს რჩება თუ არა ნაწიბურები?
რეაბილიტაციის პერიოდი ინდივიდუალურია. პაციენტებს ოპერაციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებათ შეშუპება, ასევე შეიძლება გამოვლინდეს მცირეოდენი სილურჯეები, რაც დაახლოებით 5 დღეში ლაგდება. ნაკერების მოხსნა პროცედურიდან 7-10 დღეში ხდება.
რაც შეეხება ნაწიბურს, ის არ რჩება. ზედა ქუთუთოზე ჭრილობა კეთდება ბუნებრივ ნაოჭში, ხოლო ქვედა ქუთუთოს ოპერაციისას გარედან საერთოდ არ ვჭრით, მიდგომა შიგნიდან ხდება.
რას ურჩევდით პაციენტებს პოსტოპერაციულ პერიოდში?
ამ პრობლემის პრევენცია შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია პოსტოპერაციული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა: რეაბილიტაციის პერიოდში უნდა მოვერიდოთ მზის სხივებს, ვიაროთ მუქი სათვალით და მკაცრად შევასრულოთ ექიმის დანიშნულება. სამწუხაროდ, ზოგჯერ პაციენტებს ეზარებათ ან ავიწყდებათ რეკომენდაციების შესრულება, რამაც შესაძლოა სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს. ამიტომ, ექიმის მითითებების ზუსტად დაცვა საუკეთესო შედეგის გარანტიაა.
შესაძლებელია თუ არა დროთა განმავლობაში პრობლემა გამეორდეს?
შედეგი საშუალოდ 15 წელი გრძელდება, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმი ბუნებრივ დაბერებას მაინც განიცდის.
R
R