"ეკრანმა არ უნდა ჩაანაცვლოს სამი ფუნდამენტური რამ... გააჩნია, რას ვანაცვლებთ, რისთვის ვიყენებთ" - თამარ გაგოშიძე განმარტავს, როგორ ირღვევა ბავშვის ტვინის ბუნებრივი ფორმირების პროცესი ეკრანის არასწორი გამოყენებისას - მშობლები

"ეკრანმა არ უნდა ჩაანაცვლოს სამი ფუნდამენტური რამ... გააჩნია, რას ვანაცვლებთ ამით, რისთვის ვიყენებთ" - თამარ გაგოშიძე განმარტავს, როგორ ირღვევა ბავშვის ტვინის ბუნებრივი ფორმირების პროცესი ეკრანის არასწორი გამოყენებისას

2026-06-30 07:34:45+04:00

დღეს ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათი გავლენა ბავშვის განვითარებად ტვინზე სულ უფრო მეტ კითხვასა და შეშფოთებას აჩენს მშობლებსა თუ სპეციალისტებში. როგორ ცვლის ეკრანი ბავშვის ფსიქიკას და სად გადის ზღვარი ნამდვილ ნეიროგანვითარებად დარღვევებსა და ტექნოლოგიებით გამოწვეულ პრობლემებს შორის? ამ აქტუალურ თემებზე ცნობილი ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე საუბრობს.

გაჯეტები ბოროტება არ არის – მთავარია, რას ვანაცვლებთ მათით

სპეციალისტების ნაწილი ხშირად რადიკალურად უპირისპირდება ტექნოლოგიებს, თუმცა თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ პრობლემა არა თავად მოწყობილობებში, არამედ მათი გამოყენების ფორმაშია.

„თავისთავად გაჯეტი, ეკრანი, ტელეფონი, კომპიუტერი, ნებისმიერი ეს დიგიტალური საშუალება ბოროტება არ არის. თავისთავად ძალიანაც კარგია და მისი სასარგებლოდ გამოყენება დღევანდელ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია რას ვანაცვლებთ ჩვენ ამითი, ანუ რისთვის ვიყენებთ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მიცნობენ, როგორც მტერს ამ გაჯეტების და გაუკვირდებათ ძალიან, რომ ძალიან გამომყენებელი ადამიანი ვარ ამ საშუალებების, თამაშის ჩათვლით. ამიტომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეც ვსაუბრობ ამაზე და ასევე, როგორც ნეიროფსიქოლოგი და ნეირომეცნიერების წარმომადგენელი.“

ნეიროფსიქოლოგი ხაზს უსვამს, რომ კრიზისი მაშინ იწყება, როდესაც ეკრანი ბავშვის „გასაჩუმებელ“ ან „დასამშვიდებელ“ ბერკეტად იქცევა. მშობლები ხშირად იყენებენ მულტფილმებს კვების დროს, რადგან თვლიან, რომ ბავშვი სხვანაირად უბრალოდ არ შეჭამს. თუმცა, ასეთ მიდგომას ტვინისთვის საკმაოდ მძიმე ნეიროქიმიური შედეგები მოჰყვება.

რა ემართება ბავშვის ტვინს ეკრანთან ჭამისა და აგზნების დროს

როდესაც ბავშვი მექანიკურად იკვებება ეკრანის წინ, მისი ტვინის ბუნებრივი ფორმირების პროცესი ირღვევა. თამარ გაგოშიძე განმარტავს, თუ რა ბიოლოგიური მექანიზმები ირთვება ამ დროს:

„ჩვენი ტვინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფორმირდებოდა და ონტოგენეზშიც ზუსტად ესე ფორმირდება. ანუ რა არი როცა მე არ ვჭამ, მაყურებინებენ რაღაცას, პირს ვაღებ და ავტომატურად საჭმელს რაღაცნაირად ახერხებს ეს დედაჩემი, რომ მაჭამოს – ანუ რეალურად სიამოვნებას ვიღებ ამით, კონცენტრაცია მაქ იმ სიამოვნებაზე და ეს არი ხელოვნურად დოპამინის ამოფრქვევის ძალიან ძლიერი მეთოდი, იმდენად ძლიერი, რომ სხვა ვერაფერს ვერ ამჩნევს ეს ბავშვი და ამიტომ პირი ღია. ეხლა როცა უნდა დააწყნარო, დაამშვიდო, დავუშვათ მოძრაობს ბავშვი, ბევრს დარბის წინ და უკან, მოიცა ეხლა მე ამას დავაწყნარებ და ეგრევე მიაჩეჩებენ აი ამ iPad-ს, ტელეფონს, ნებისმიერს.“

მოწყენილობის ფენომენი და ფანტაზიის გაღვიძება

გარდა კვებისა და დამშვიდებისა, თანამედროვე მშობლებს კიდევ ერთი ფენომენის ეშინიათ — ეს ბავშვის მოწყენილობაა. ნეიროფსიქოლოგის თქმით, დღევანდელ სამყაროში მიჩნეულია, რომ მოწყენილობა არ შეიძლება. თუმცა, კოგნიტური განვითარებისთვის ეს მდგომარეობა რეალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

„მოწყენილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. რას ნიშნავს მოწყენილობა? ტვინს აქვს ესეთი თვისება: ეჩვევი რაღაც მდგომარეობას და მერე ამ მდგომარეობას უკვე ვეღარც გრძნობ... ეს მდგომარეობა არის რაღაცა ისეთი უღიმღამო მდგომარეობა განცდისეულად, როცა არაფერი არ ხდება შენ თავს. აი სწორედ ეს მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი, რომ შენ გაგეღვიძოს ფანტაზია, რომ შენ უცბად ვიღაცამ გიჩქმიტოს, რომ შენ ფანტაზიას მიეცეს გარკვეული მიმართულება, გასაქანი... შემოქმედებითად მიუდგე რაღაცას. აი ახლა აი მცარიელ ოთახში რომ ზიხარ ტელეფონის გარეშე და შენ მოგეწყინა, რა უნდა ქნა?“

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ციფრულ სტიმულებზე მიჯაჭვული ბავშვები სრულიად კარგავენ თვითგართობისა და სოციალიზაციის უნარს. თამარ გაგოშიძე ამის მაგალითად თანამედროვე მოზარდების ქცევას ასახელებს:

„დაბადების დღეზე როცა მიყავთ ბავშვები, უკვე მოზრდილები, იქ რა ხდება – ყველას ტელეფონები აქ და ამ ტელეფონებში რაღაცეებს შვებიან. თუ ეტყვი, რომ წესი არ არის, მოდი ეხლა ჩვენ ტელეფონები გადავდოთ, ისინი უკვე წუწუნებენ, რომ მოწყენილობაა, მოგვეწყინა, აბა რა გავაკეთოთ, არ იცის რა გააკეთოს. ეხლა მე რომ გამახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩვენ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. მართალია ყირაზე ვიდექით და სასიამოვნო არ იყო ეს ჩვენი მშობლებისთვის და უფროსი თაობისთვის, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ და ამას მშვენივრად იტანდნენ და ეს ხომ ბუნებრივია, რომ ბავშვი ყირაზე უნდა იდგეს.“

ძილისწინა მულტფილმები და ლურჯი გამოსხივების ბიოლოგიური ზიანი

გაჯეტების კიდევ ერთი დამანგრეველი როლი ბავშვის ძილის რეჟიმის დარღვევაში ვლინდება. ბევრი მშობელი აცხადებს, რომ ბავშვი ეკრანის გარეშე უბრალოდ არ იძინებს, თუმცა ნეიროფსიქოლოგი გვაფრთხილებს, რომ ეს ნერვული სისტემისთვის დამღუპველია. ფსიქოლოგიას რომ თავი დავანებოთ, აქ წმინდა წყლის ნეიროქიმიური პროცესები ზიანდება: ეკრანის ლურჯი გამოსხივება პირდაპირ ამცირებს მელატონინის გამოყოფას. ფსიქოლოგიურად კი, ბავშვის თავის ტვინის ელექტრული აქტივობა საშინლად აღგზნებულია, რის გამოც მას მთელი ღამე სჭირდება დასაწყნარებლად.

აქედან გამომდინარე, სპეციალისტი სთავაზობს მშობლებს ოქროს წესს — გაჯეტებმა ბავშვის ცხოვრებაში არ უნდა შეცვალოს და ჩაანაცვლოს სამი ფუნდამენტური რამ: მოძრაობა, ენა/კომუნიკაცია და ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა.

ნებელობის დეფიციტი და ენობრივი შეფერხებები

განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ადრეულ, სკოლამდელ ასაკში. თამარ გაგოშიძის განმარტებით, 6 წლის ასაკისთვის ბავშვს უკვე სრულყოფილად უნდა ჰქონდეს განვითარებული როგორც მეტყველება, ისე ნებელობა — ანუ საკუთარი იმპულსების შეკავებისა და ემოციების მართვის უნარი:

„ექვსი წლისთვის უნდა იყოს ენა და ენობრივი სისტემები ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ისე, რომ ბავშვს შეეძლოს თავისუფლად დიალოგი, მსჯელობა, თხრობა, ამბის გადმოცემა სრულიად ზრდასრულის ლექსიკური მარაგით. უკვე სწორედ ამ ასაკისთვის ბავშვს უნდა ნებელობა ჰქონდეს ჩამოყალიბებული. რას ნიშნავს ნებელობა? იმპულსის შეკავებას, გადავადებას, მიზნის დასახვას, ისეთი ემოციების რეგულირებას, რომელიც წაგებასთან არის დაკავშირებული და წარუმატებლობასთან... აი სწორედ ტელეფონი და iPad ამას სპობს, ამას ვერ აღწევს ექვს წლამდე ასაკის ბავშვი.“

ნეიროფსიქოლოგი ეყრდნობა ბოლო წლების მასშტაბურ საერთაშორისო კვლევებსა და მეტაანალიზებს, რომლებიც პირდაპირ აკავშირებენ ეკრანთან გატარებულ დროს მეტყველების განვითარების შეფერხებასთან. ყოველი ერთი საათი დღეში ეკრანთან, 6 თვის ასაკიდან დაწყებული, 49%-ით ამცირებს ენის ნორმალური განვითარების ალბათობას. განვითარებულ ქვეყნებში პედიატრებთან მისული ბავშვების მესამედს უკვე აღენიშნება ჩამორჩენა მეტყველებასა და კომუნიკაციაში, რაც შემდგომში ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და აფერხებს წერა-კითხვას, აზროვნებასა და მსჯელობას.

ფსევდო-ADHD და ფსევდო-აუტიზმი: რატომ გვეშლება დიაგნოზები

მეტყველების პრობლემებთან ერთად, გაჯეტების ჭარბი მოხმარება ხშირად იწვევს ქცევით დარღვევებს, რომლებსაც მშობლები და არაპროფესიონალები შეცდომით მოდურ დიაგნოზებს მიაწერენ. თამარ გაგოშიძე ხსნის, თუ როგორ განვასხვავოთ ნამდვილი დარღვევა შეძენილი ფსევდო-სიმპტომებისგან:

„ძალიან ხშირად მთელ მსოფლიოში გაზრდილია ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის შემთხვევები. ეს ყოველთვის არ არის ADHD... ეს თანდაყოლილი გენეტიკური მდგომარეობაა ტვინის. ნეირომრავალფეროვანი ტვინია, სხვანაირი ტვინია, რომელიც სხვანაირად პასუხობს სტიმულებს და ეს ბავშვობიდან ვლინდება. მაგრამ აქ როგორ უნდა გაარჩიო, როცა ექვსი თვის ბავშვს უკვე მიაჩეჩე შენ ეს ტელეფონი და ბავშვი გახდა სრულიად აღგზნებული, ჰიპერაქტიური. რატომ? არ მოძრაობს... ტვინის დეტოქსიკაციის შემდეგ თუ არ დარჩა ეს სიმპტომი, ესე იგი ეს არ არის ADHD.“

ტექნოლოგიები იწვევს არა მხოლოდ ფსევდო-ყურადღების დეფიციტს, არამედ ფსევდო-აუტიზმის სპექტრის ნიშნებსაც, რადგან ბავშვს არ აქვს ცოცხალი სოციალური ინტერაქცია. რეალური სურათის დასანახად სპეციალისტი მშობლებს მკაცრ ციფრულ დეტოქსს სთავაზობს: ორი კვირა სრულად უგაჯეტოდ. თუმცა, ეს პერიოდი ოჯახისთვის მძიმეა, რადგან ბავშვს ეწყება ნამდვილი აბსტინენციური სინდრომი, ტანტრუმები და ისტერიკები, რასაც მშობლებმა უნდა გაუძლოს.

ეკრანული პოზა, თვალის მოძრაობის დარღვევა და ეპიგენეტიკა

ფიზიკური უმოძრაობა და ეკრანის წინ გაშეშება ბავშვის ანატომიურ და მხედველობით უნარებსაც აზიანებს. ნეიროფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მათ ცენტრში მისული ბავშვების ნახევარს აქვს არა მხედველობის ფიზიკური პრობლემა, არამედ თვალის მოძრაობისა და ნივთზე მზერის მიყოლების დარღვევა, რადგან მათ არ უთამაშიათ ეზოს თამაშები და არ უმოძრავებიათ თვალები სივრცეში.

ბავშვის ფსიქიკა კი სენსორული არხებით სწავლობს სამყაროს. გაჯეტების გამო საზიანო ცვლილებებს განიცდის ეპიგენეტიკაც (გარემოს გავლენა გენებზე), რაც მომავალ თაობებს კოგნიტურად კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.

მოკლე ვიდეოები (TikTok/Reels) და მუშა მეხსიერების დამახინჯება

თანამედროვე ციფრული კონტენტის სპეციფიკა, როგორიცაა მოკლე ვიდეოები (TikTok და Reels), კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას. თამარ გაგოშიძე განმარტავს, თუ როგორ ანადგურებს ეს პლატფორმები მუშა მეხსიერებას, რაც პირდაპირ აისახება სწავლის უნარზე:

„რას შვება TikTok-ი, აი ეს რელსები? რაზეა მოჭრილი? ორწუთიანი, წუთნახევრიანი და შენი კონცენტრაცია, ესეთი ჰიპერფოკუსი არის მხოლოდ ამ დონეზე. ეს ამახინჯებს მუშა მეხსიერებას, რომელიც მერე გჭირდება შენ სწავლისთვის. მუშა მეხსიერება რა არის? მიმდინარე მოვლენების ფონზე ამოცანა უნდა შეასრულო – ანუ უნდა დაიმახსოვრო პირობები, რა გაქ გასაკეთებელი და თან ისიც უნდა გახსოვდეს, რასაც აკეთებ. აბა მიდი ქენი ორ წუთიანი რილსის პირობებში – არ შეგიძლია ამის გაკეთება. ეს ეხება დიდებსაც, მაგალითად, ჩემს სტუდენტებს, მაგალითად ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ვიცი, მოდაშია და ფიქრობენ, რომ აქვთ ADHD და მერე აღმოჩნდება, რომ არ აქვთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად... ინდუცირებული ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა ეკრანით გამოწვეული.“

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი თავიდანვე წარმატებულად ჩაერთოს სასწავლო პროცესში, პირველკლასელისთვის გაკვეთილები არ იყოს მოსაბეზრებელი და არ ჩამორჩეს საგაკვეთილო პროგრამას? - თამარ გაგოშიძე
მშობლები ფიქრობენ, 3 წლიდან თუ ბავშვმა არ იმეცადინა, წერა-კითხვა, ჭადრაკი, ცეკვა არ ისწავლა, კონკურენტუნარიანი გარემოა და არაფერი გამოვა... შედეგი სავალალოა...“ - თამარ გაგოშიძე მშობელთა შეცდომაზე საუბრობს