ჯუდიას ბუენოანო, ანუ "შავი ქვრივი", პირველი ქალი გახდა აშშ-ში, რომელიც სიკვდილით ელექტრო სკამზე დასაჯეს. განაჩენი, რომელსაც იგი 13 წელი ელოდა, 1998 წელს აღასრულეს. მას საკნის ვარდისფრად შეღებვის ნება დართეს და საკანცელარიო ნივთებსაც ყოველდღე უგზავნიდნენ.
დილით ამდგარი ჯუდიასი კბილებს იხეხავდა, პირს იბანდა და სხვადასხვა ინსტანციაში შეწყალების მრავალრიცხოვანი თხოვნების წერას იწყებდა. მისი საკნის პატარა სარკმლის მიღმა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამართული მიტინგის მონაწილეთა ბრბო ხმაურობდა. "შავი ქვრივის" ფოტო გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა, ამერიკელები კი მის ნაკვთებს გულმოდგინედ აკვირდებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, როგორ შეეძლო ამ სათნო ქალს ასეთი საშინელებების ჩადენა...
თუმცა, ფლორიდის სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა. უფრო მეტიც, ციხეში ქალის ყოფნის განმავლობაში მკვლელობისა და თაღლითობის სულ ახალ-ახალი ეპიზოდები იკვეთებოდა.
კრიმინალურმა ქრონიკებმა ჯუდიას ბუენოანოს სახელი იმ უსასტიკეს მკვლელთა სიაში შეიტანა, რომელთა საქმეებიც სისხლს ყინავს. "შავი ქვრივის" ისტორიას კრიმინალისტიკისა და სასამართლო ფსიქიატრიის ყველა სასწავლებელში დღემდე სწავლობენ. დამნაშავის საქმეში ხომ დღესაც უამრავი კითხვის ნიშანია, მისი დაუოკებელი მისწრაფება მკვლელობისკენ კი, ფსიქოლოგების აზრით, ბავშვობიდან იღებს სათავეს...
ჯუდი ტეხასში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ორი წლით ადრე დაიბადა. დედამისი ტუბერკულოზის მძიმე ფორმით იტანჯებოდა. ხანდახან, კარზე მიყურადებულ გოგონას ესმოდა, როგორ ახველებდა და იხრჩობოდა დედა. როდესაც ჯუდიასს 4 წელი შეუსრულდა, ქალი გარდაიცვალა. მამა არ მალავდა, რომ მეუღლის სიკვდილის შემდეგ შვება იგრძნო. ჯუდი ბებიას მიაბარა, უფროსი შვილები კი ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარა.
რამდენიმე წლის შემდეგ მამამ ცოლად შეირთო ქალი, რომელსაც საკუთარი შვილები ჰყავდა, თუმცა ბებიისგან თავისი ვაჟი და ქალიშვილიც წამოიყვანა. ჯუდიმ თავისი პატარა ჩემოდანი ჩაალაგა და ახალი დედისა და მისი შვილების გაცნობას მოუთმენლად ელოდა. ის და მისი ძმა ერთმანეთს ეხვეოდნენ და წარმოიდგენდნენ, როგორ მეგობრულად და მხიარულად იცხოვრებდნენ დიდ ოჯახში. თუმცა, გოგონა პირველივე დღეს მიხვდა, რომ ოცნებებს ასრულება არ ეწერა.
დედინაცვალი მას ძალიან ცივად შეხვდა და მაშინვე შეუდგინა საოჯახო მოვალეობების სია. გამხდარი პატარა გოგონა ყოველდღე შრომობდა და მთელი ყოფითი ცხოვრება, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარ მხრებზე გადაჰქონდა. ნახევარძმა მას, როგორც მონას, ისე ეპყრობოდა, დედინაცვალი და მამა კი ჯუდის დასცინოდნენ და ნებისმიერი შეპასუხებისთვის სასტიკად სცემდნენ. როდესაც გოგონა 11 წლის გახდა, მისი გაუპატიურება დაიწყეს.
"თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენი ტანჯვა გადაიტანა ამ გოგონამ", - თქვა მრავალი წლის შემდეგ სასამართლოს წინაშე მდგარმა უკვე ზრდასრულმა ბუენოანომ.
14 წლის ასაკში, როდესაც ფიზიკური ძალა მოემატა, ჯუდიმ გარყვნილი მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. მან მამასა და დედინაცვალს მდუღარე ზეთი გადაასხა. გოგონა პოლიციამ წაიყვანა. ის ტიროდა, ყვიროდა, სისხლჩაქცევებსა და სიგარეტისგან დატოვებულ დამწვრობის კვალს აჩვენებდა მათ და დეტალურად უყვებოდა, რას უშვრებოდნენ ღამით. თუმცა მისი არავის ესმოდა. ორი თვის განმავლობაში მოზარდი სასჯელს ზრდასრულ დამნაშავეებთან ერთად იხდიდა, რომლებიც მალე მისთვის უფრო ახლობლები გახდნენ, ვიდრე ღვიძლი მამა, სასამართლოზე კი სახლში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
იგი ალბუკერკეს რთული მოზარდების სპეციალურ დაწესებულებაში მოათავსეს. 1959 წელს გოგონამ დაწესებულება დატოვა.
მაშინ ჩანდა, რომ წინ ახალი ცხოვრება ელოდა, რომელიც შეეძლო სიკეთესა და სიხარულში გაეტარებინა. ჯუდი მედდის თანაშემწედ მოეწყო და სახელიც შეიცვალა - ანა შულცი გახდა...
1961 წლის 30 მარტს ანა დედა გახდა. ვინ იყო ბავშვის მამა, საიდუმლოდ დარჩა, რომელიც ბუენოანომ სამარეში თან წაიღო.
მარტოხელა დედობა მას დიდხანს არ დასჭირვებია - ჯუდი სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერმა, ჯეისონ გუდიერმა შეირთო ცოლად. ჯეისონი ყველაფრით კარგი კაცი იყო: ჯუდის ეხმარებოდა, მისი პატარა ვაჟი იშვილა და იმ ჩვილის მამობისთვისაც ემზადებოდა, რომელსაც ცოლი მუცლით ატარებდა.
ოჯახში კიდევ ერთი ვაჟი და ქალიშვილი - უმცროსი ჯეიმსი და კიმბერლი დაიბადნენ. ეს ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ხანა იყო.
1960-იანი წლების ბოლოს ოჯახი ფლორიდაში გადასახლდა. ჯუდის ქმარი ორლანდოში, სტრატეგიული საავიაციო სარდლობის ბაზაზე გადაიყვანეს. კარგი სახლი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ლამაზი მამაკაცი, ჯანმრთელი შვილები - მათ ბედნიერებას მხოლოდ ერთი რამ აფერხებდა: ჯუდის უფროსი ვაჟი განვითარებაში ჩამორჩებოდა, თუმცა ოჯახი ამასაც უმკლავდებოდა. ბავშვთან პედაგოგები დადიოდნენ, მშობლებიც ეხმარებოდნენ.
ალბათ, მომდევნო ათწლეული ერთადერთი პერიოდი იყო, როდესაც ბუენოანო მშვიდად ცხოვრობდა...
1971 წელს კი ყველაფერი შეიცვალა: ჯუდის ქმარი ვიეტნამიდან, ომის ჯოჯოხეთიდან დაბრუნდა. გარშემო ყველას ესმოდა, რომ ეს ძალიან დიდი გამართლება იყო, რადგან ამერიკელი მეომრების ნახევარი სახლში დასახიჩრებული ბრუნდებოდა, ან სულაც ვეღარ ბრუნდებოდა. სამხედრო მფრინავი კი სამ შვილსა და ცოლთან სრულიად ჯანმრთელი მივიდა. მეურნეობის მოწყობა დაიწყო, შვილებსა და ცოლს საჩუქრებს ჩუქნიდა და სახლში გატარებული ყოველი დღით ხარობდა. უნდა ითქვას, რომ ჯეიმსი ოჯახს მატერიალურადაც კარგად უზრუნველყოფდა...
გარკვეული ხნის შემდეგ ოფიცერმა თავი მოულოდნელად შეუძლოდ იგრძნო. ექიმებს მიმართა, თუმცა ისინი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა მამაკაცს.
ნახევარი წლის შემდეგ ჯეიმსი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად დასკვნაში გულის შეტევა ჩაიწერა. დაკრძალვიდან რამდენიმე თვეში გუდიერის ოჯახის მთელი სახლი დაიწვა, ეზოში მდგარი მცირე ნაგებობების ჩათვლით. მეზობლები ამბობდნენ, რომ ჯუდი ძალიან ძლიერი ქალი იყო, რადგან მის თავს ამდენი უბედურება დატრიალდა, ის კი მაინც მხნედ იდგა და მის სახეზე ცრემლი არავის არასოდეს ენახა.

ამასობაში ქვრივმა რამდენიმე დღე გაძლო და მალევე სამი სადაზღვევო პოლისის გასანაღდებლად გაეშურა. მან სახელმწიფოსგან, სამი შვილის გათვალისწინებით, 95 ათასი დოლარი მიიღო, ვეტერანთა ასოციაციის დახმარების ჩათვლით. ამას ემატებოდა სადაზღვევო კომპანიისგან სახლისთვის განკუთვნილი კიდევ დაახლოებით 90 ათასი დოლარი. არც ერთ ამ გარემოებას ეჭვი არ გამოუწვევია, ახალ მამაკაცთან, ბობი ჯო მორისთან სწრაფი ურთიერთობის დაწყების ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქმრის გარდაცვალებიდან მხოლოდ ნახევარი წელი იყო გასული...
ქალმა ახალ თაყვანისმცემელთან შეხვედრები დაიწყო, უფროსი ვაჟი - მაიკლი კი მინდობით აღზრდაში გაგზავნა იმ სავალდებულო პირობით, რომ მას ფსიქიატრით უზრუნველყოფდნენ.
ეს საქციელიც არავის გაუკრიტიკებია, რადგან მარტოს სამი შვილის გამოკვება ძალიან უჭირდა, ჯუდი კი კარგი ადამიანი იყო. ამ ფრაზას ქალის გარემოცვაში გამონაკლისის გარეშე ყველა იმეორებდა.
1977 წელს ქვრივი შვილებთან ერთად ბობის სახლში, კოლორადოში გადავიდა. თუმცა ოჯახს ახალ სახლში მოწყობაც კი არ ჰქონდა მოსწრებული, რომ მორისი დასნეულდა. ექიმებმა სენის მიზეზს ვერც ამჯერად მიაგნეს: ხან ერთ დიაგნოზს უსვამდნენ, ხან - მეორეს.
რამდენიმე კვირის განმავლობაში მამაკაცი საავადმყოფოში დაწოლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინოდა. თუმცა, ბოლოს მაინც დანებდა: კლინიკაში გატარებულმა ორმა კვირამ და სისხლის გაწმენდამ თავისი საქმე გააკეთა - პაციენტი გამოჯანმრთელების გზას დაადგა.
სახლში დაბრუნება დიდი პომპეზურობით აღნიშნეს, თუმცა ორიოდე დღეში მამაკაცი კვლავ შეუძლოდ გახდა. მან გონება პირდაპირ სადილობისას დაკარგა. მამაკაცის გადარჩენას მედიკოსთა რამდენიმე ბრიგადა ცდილობდა. ის გონს ხან მოდიოდა, ხან კი ბოდავდა და ექიმის ხალათს ებღაუჭებოდა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობსო.
ერთ-ერთმა ექიმმა მამაკაცის ბუნდოვან, შემაძრწუნებელ ლუღლუღს ყური მაინც დაუგდო. მომაკვდავი ბობი ჯუდის ყოფილ ქმარზე ლაპარაკობდა - ისიც ასე გარდაიცვალა, თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, საკუთარმა ცოლმა მოკლაო. ექიმმა ეს სიტყვები პოლიციელს გადასცა, თუმცა შეუძლოდ მყოფი ადამიანის ბრალდებების დადასტურება ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში ბობი ჯო მორისი გარდაიცვალა.
სიკვდილის შესახებ სამედიცინო დასკვნაში მიზეზად ჩაიწერა: გარდაიცვალა გულის გაჩერებით, მეტაბოლური აციდოზის შედეგად.
ბობის ოჯახი ახლობელი ადამიანის დაკარგვას ვერ შეეგუა და პოლიციაში ჯუდიასის წინააღმდეგ განცხადებების შეტანას განაგრძობდა. როგორც ჩანს, სიცოცხლეში მამაკაცმა რამდენიმე ნათესავს საკუთარი ეჭვები გაუზიარა. თავად ქალი კი ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა, მალე კი სახელმწიფოსგან კვლავ სოლიდური თანხა მიიღო.
ცოტა ხანში ჯუდიასმა გვარი შეიცვალა და ბუენოანო გახდა, სხვა შტატში გადავიდა და აქ თავისი კიდევ ერთი პრობლემა გადაჭრა - დედამ საკუთარ უფროს ვაჟს სიცოცხლე მოუსწრაფა... -1980 წლის 30 მარტს "შავმა ქვრივმა" მაიკლს კანოეთი გასეირნება შესთავაზა. ჯუდი ნავს თავდაჯერებულად მართავდა იქითკენ, სადაც უფრო ღრმა წყალი იყო და ნაკლები უცხო თვალი ტრიალებდა. სწორედ აქ გადაბრუნდა კანოე. მაიკლს გადარჩენის შანსი არ ჰქონია.
გეგმამ ამჯერადაც გაამართლა. რამდენიმე კვირაში ჯუდიასმა 20 ათასი დოლარის ოდენობის საზღვაო კომპენსაცია მიიღო. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივლენ ექსპერტები იმ დასკვნამდე, რომ მაიკლი დედის მიზეზით დაიღუპა.
როგორც კი ფული ხელში ჩაუვარდა, ქალმა მისი დაბანდება ბრიზის ყურეში მდებარე საკუთარ სილამაზის სალონში გადაწყვიტა. ბიზნესის საზრუნავმა მკვლელი ისე გაიტაცა, რომ რამდენიმე წელი მშვიდად ცხოვრობდა და სხვისი სიცოცხლე აღარ დაუზიანებია. ჯუდიასმა მდიდარ ბიზნესმენთან, ჯონ ჯენტრისთან რომანის გაბმაც კი მოახერხა. სწორედ ის გახდა მისი მესამე ქმარი.
იმ ქალის რეპუტაციამ, რომელსაც წილად ბევრი უბედურება ხვდა, ამჯერადაც კეთილი სამსახური გაუწია - ქმარიც და გარემოცვაც ჯუდის თანაუგრძნობდნენ და მწუხარებით აყოლებდნენ თვალს: ორი ქმრისა და ვაჟის დაკარგვა იოლი ხვედრი როდიაო…
"ამ მწუხარების შესამსუბუქებლად არანაირი ფული და კომპენსაცია არ იქნება საკმარისი, საცოდავი, საცოდავი ჯუდიასი!" - თავს აქნევდნენ მეზობლები.
ისინი გარკვეულწილად მართლებიც იყვნენ - "შავ ქვრივს" არც ერთი კომპენსაცია დიდხანს არ ჰყოფნიდა.
ახალი ქმარი სიყვარულითა და ყურადღებით რომ განებივრდა, ქალმა ის დაზღვევის გაფორმებაზე დაითანხმა, რის შემდეგაც ახლობელ ადამიანზე კიდევ უფრო თავგამოდებით დაიწყო ზრუნვა. 1982 წლის დეკემბერი იყო. სეზონური გრიპი იმ ზამთარს განსაკუთრებით აგრესიული გამოდგა და ჯუდიმ, როგორც ყოფილმა მედდამ, რა თქმა უნდა, ვიტამინებზე "იზრუნა". თუმცა, რაც უფრო დიდხანს იღებდა მამაკაცი წამლებს, მით უფრო უარესდებოდა მისი მდგომარეობა.
"ეს ყველაფერი გაციების ბრალია", - მზრუნველად ეუბნებოდა ქალი და ვიტამინების დოზას უზრდიდა.
სანამ ჯონი დარიშხანისგან ნელ-ნელა დნებოდა, მისმა საყვარელმა ცოლმა დაზღვევის პირობები შეცვალა და გამოსასყიდი თანხა ნახევარ მილიონ დოლარამდე გაზარდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯუდიას ბუენოანოს მეგობრები ქალს კვლავინდებურად თანაუგრძნობდნენ და იმ ვარაუდსაც კი გამოთქვამდნენ, რომ კეთილი გულის გამო ის თავის ცხოვრებაში ავადმყოფ მამაკაცებს თავადვე იზიდავდა.
გასაკვირია, მაგრამ ჯონი გამოჯანმრთელების გზას დაადგა, 1983 წელს კი ჯუდიასმა ქმარს გამოუცხადა, ორსულად ვარო და სუპერმარკეტში გაგზავნა.
ფრთაშესხმული მამაკაცი მანქანით მაღაზიისკენ მიქროდა, რათა დიდი ხნის ნანატრი მატების აღსანიშნავად ტკბილეული და შამპანური ეყიდა, თუმცა ადგილამდე მისვლა ვეღარ შეძლო. მისი მანქანა ტრასაზე აფეთქდა... მაგრამ, საოცრება მოხდა და ჯონი კვლავ ცოცხალი გადარჩა…
დამწვარი და დასახიჩრებული, საავადმყოფოს საწოლზე მწოლიარე მამაკაცი პირველად მიხვდა, რომ საქმე სულ სხვაგვარად იყო.
მკურნალობის მთელი სამი თვის განმავლობაში ჯონი პოლიციელებს ეკონტაქტებოდა, ცოლი კი თავისთან აღარ შეუშვია. 1983 წლის ზაფხულში ჯუდი კრიმინალურ ქრონიკებში პირველად მოხვდა.

სადაზღვევო თაღლითობის შესახებ საინტერესო მონაცემები გამოაშკარავდა, ჯუდის ბიოგრაფიულმა მონაცემებმა კი აჩვენა, რომ ქალი აბსოლუტურად ყველაფერში ტყუოდა. ყალბი აღმოჩნდა არა მხოლოდ დიპლომები და დოკუმენტები, არამედ ორსულობის ტესტიც.
ჯენტრის ცრემლები წასკდა, როდესაც გაიგო, რომ მისმა ცოლმა ქირურგიული სტერილიზაციის პროცედურა ჯერ კიდევ 1975 წელს ჩაიტარა. პოლიციამ ჯუდიასისა და მისი შვილების სახელზე ყველაზე ძვირად ღირებული საკრუიზო ლაინერის ბილეთებიც იპოვა. ჯონის ბილეთი მათ შორის არ ყოფილა...
კრიმინალისტიკურმა ლაბორატორიამ დაადგინა, რომ მამაკაცის სისხლში დარიშხანი იყო, და დიდი ალბათობით, ჯუდის საავადმყოფოში ქმრის მონახულება და მისთვის საჭმელების მიტანა რომ გაეგრძელებინა, ის ვეღარ გადარჩებოდა.
მალე ფეხზე დააყენეს იმ სხვა შტატების პოლიციელებიც, სადაც ქალი ოდესღაც ცხოვრობდა. ჯუდიასის ვაჟის ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდა კვლევის ჩასატარებლად და აქ ყველაზე შემზარავი ეჭვები დადასტურდა. ახალგაზრდა მამაკაციც დარიშხანით ყოფილა მოწამლული.
ერთი დანაშაული მეორეს ააშკარავებდა - პოლიციელებს ხელთ ექსპერტთა ათობით დასკვნა ეჭირათ.
ჯუდიასი დააპატიმრეს, სახლში კი მთელი არსენალი იპოვეს: დარიშხანი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სადენები. ორი წლის განმავლობაში გამომძიებლები და მოსამართლეები "შავი ქვრივის" საქმეს არკვევდნენ და 1984 წელს ბუენოანოს მსჯავრი ჯენტრის მკვლელობის მცდელობისა და მაიკლის მკვლელობისთვის დასდეს. 1985 წელს კი მას განაჩენი ჯეიმს გუდიერის დაღუპვის გამო გამოუტანეს. პირველისთვის მან 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო, მეორესთვის - სამუდამო პატიმრობა, გუდიერის სიკვდილმა კი განაჩენი სიკვდილით დასჯამდე მიიყვანა. სადაზღვევო თაღლითობებისა და ხანძრების გაჩენის ბრალდებებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
1998 წლის 30 მარტს ჯუდიას ბუენოანომ თავისი უკანასკნელი გზა გაიარა: საკნიდან ელექტროსკამამდე, სადაც მისი სიცოცხლე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ იმ დღეს მისი პირველი შვილის, მაიკლის, დაბადების დღე იყო, რომლის მკვლელობაც ქალმა თავად დაგეგმა.