1964 წლის დეკემბერში, პეკინში საფრანგეთის საელჩოს საშობაო წვეულება გაიმართა. სადღესასწაულო საღამოზე ფრანგული ენის სრულყოფილად მცოდნე, ნაზი აღნაგობის 26 წლის ადგილობრივი ახალგაზრდა, ში პეიპუ მივიდა. იმ საღამოს იგი საელჩოს 20 წლის ბუღალტერს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენელს, ბერნარ ბურსიკოს გაეცნო. ასე დაიწყო რომანტიკული თავგადასავალი, რომელმაც ორივეს ცხოვრება სრულიად შეცვალა...
ში ფრანგი დიპლომატების ოჯახებს ჩინურ ენას ასწავლიდა. იგი ჰყვებოდა, რომ პეკინის ოპერის სოლისტი იყო და მისთვის ლიბრეტოებსაც წერდა. პეიპუ კარგი ოჯახიდან გახლდათ: მამა - უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, დედა კი მასწავლებელი იყო. თავად მშობლიურ იუნანის პროვინციაში უნივერსიტეტი დაამთავრა და პეკინში გადასახლდა.
ბერნარ ბურსიკო ჩინეთში შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების ძიებისათვის გაემგზავრა. 20 წლის ასაკში ეს რომანტიკული თავგადასავლების ძიებასაც ნიშნავდა. იქამდე მას მხოლოდ თანასკოლელებთან მცირე სექსუალური გამოცდილება ჰქონდა. თუმცა, ბერნარს ნამდვილი სიყვარულის განცდა სურდა. ფიქრობდა, რომ ახალ ნაცნობთან ეს ნამდვილად გამოუვიდოდა. მამაკაცს არატრადიციული ორიენტაცია ჰქონდა. ქალებიც მოსწონდა და მამაკაცებიც.
ერთხელ ახალგაზრდა ჩინელმა ბურსიკოს საოცარი ისტორია უამბო. შიმ გამოუცხადა, რომ სინამდვილეში გოგონა იყო. თუმცა, იმის გამო, რომ მშობლები ოჯახის მარჩენალ ვაჟზე ოცნებობდნენ, ბავშვობიდანვე ბიჭივით აცმევდნენ და ზრდიდნენ. რომანტიკულმა ფრანგმა ეს დაიჯერა. შის ყოველთვის მამაკაცივით ეცვა, თუმცა, ამბობდა, რომ ბიოლოგიურად ქალი იყო.
ეს ყოველივე ლოგიკური იყო - ახლა ბერნარს უკვე ესმოდა, თუ რატომ იზიდავდა მას პეიპუ მუდმივად. მასში ქალსაც ხედავდა და მამაკაცსაც. 1965 წელს, ისინი საყვარლები გახდნენ. მოგვიანებით ბურსიკო აღიარებს, რომ პარტნიორის სხეულს მასში განსაკუთრებული კითხვები არ აღუძრავს - პეიპუმ გარკვეული თავისებურებები იმით ახსნა, რომ ში მამაკაცური ნიშნების გამოსაკვეთად სამედიცინო პრეპარატებს იღებდა.
მოგვიანებით ფრანგი ჰყვებოდა, რომ მათ შორის სექსი ყოველთვის სწრაფი იყო და სიბნელეში ხდებოდა. იგი ამას საყვარელი ადამიანის სიმორცხვესა და აღზრდის ეროვნულ თავისებურებებს მიაწერდა.
რომანტიკული ემოციებით აღვსილი ბერნარი თავს მართლაც ბედნიერად გრძნობდა. იგი საყვარელ ადამიანს მალულად საკვებ პროდუქტებსა და სხვა ნივთებს გადასცემდა. გარკვეული ხნის შემდეგ შეყვარებულებს განშორება მოუხდათ - ბურსიკო ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დიპლომატიურ მისიაში სამუშაოდ გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მამაკაცი საყვარელ ადამიანს შეძლებისდაგვარად ხშირად სტუმრობდა.
მალე ბერნარმა შეიტყო, რომ მამა გახდა. ვაჟიშვილის შესახებ შეყვარებული ბუნდოვნად ჰყვებოდა. თითქოს ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო ბავშვი სოფელში, ნათესავებთან გაგზავნეს. ერთ-ერთი ვიზიტის დროს პეიპუმ მას უკვე 4 წლის ვაჟი აჩვენა. ბიჭს, რომელიც მონღოლოიდურ და ევროპეოიდურ ნიშნებს აერთიანებდა, ში დუდუ ერქვა.
მოგვიანებით საფრანგეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლისა და ადგილობრივი მთარგმნელის ურთიერთობის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურებმა შეიტყვეს. 1969 წელს მათ ბურსიკოს პირობა წაუყენეს: საყვარლებს შეხვედრის უფლებას მისცემდნენ, თუ იგი ჩინელებს საელჩოდან დოკუმენტებს გადასცემდა. ასე გახდა ფრანგი დიპლომატი ჩინეთის აგენტი. როდესაც 1977-1979 წლებში ბურსიკო მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მუშაობდა, იგი პეკინში ყოველკვირეულად ჩადიოდა და შის დიპლომატიური ქაღალდების ასლებს გადასცემდა...
1979 წელს ბერნარ ბურსიკო სამშობლოში ბრუნდება. ამ წლების განმავლობაში დიპლომატს ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობები ქალებთანაც ჰქონდა და მამაკაცებთანაც. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ იგი ახალგაზრდა ბიჭს, ტიერი ტულეს შეხვდებოდა. მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. თუმცა ბურსიკო ჩინური ოჯახის საფრანგეთში გადაყვანის იმედს მაინც არ კარგავდა - მას პეიპუ აღარ უყვარდა, მაგრამ შვილის დედასთან დაშორება არ სურდა.
1982 წელს ბურსიკომ ში პეიპუსა და ში დუდუსთვის მრავალთვიანი ფრანგული ვიზის გაფორმება შეძლო. მათი ჩასვლის შემდეგ ბერნარმა საფრანგეთში ჩინელების ლეგალიზაციის გზების ძიება დაიწყო. დიპლომატის კავშირი ჩინეთის მოქალაქესთან საფრანგეთის სპეცსამსახურების ყურადღებას იპყრობს, რის გამოც გამოძიება იწყება. 1983 წლის ზაფხულში ბურსიკოსა და ში პეიპუს აკავებენ. დაკითხვების შემდეგ მათ ჩინეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდება წარუდგინეს.
ციხეში ჩატარებულმა ოფიციალურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დაკავებული ჩინელი ბიოლოგიურად მამაკაცი იყო. ექიმებმა პეიპუს სხეულში ვერანაირი ანომალია ვერ აღმოაჩინეს. თუმცა, მას კუნთების ისე შეკუმშვა შეეძლო, რომ სათესლე ჯირკვლები სხეულში შეეწია. შესაბამის პირობებში, გულუბრყვილო პარტნიორს ქალის გენიტალიებთან გარკვეული მსგავსება შესაძლოა მართლაც დაენახა.
ბურსიკომ სიმართლე პირველად რადიორეპორტაჟში მოისმინა. 1965 წლიდან მას ატყუებდა ადამიანი, რომელიც თავს ქალად ასაღებდა. ბავშვი კი, რომელსაც ჩინელი მსახიობი მათ საერთო შვილად წარმოაჩენდა, მან უბრალოდ ღარიბი ოჯახისგან იყიდა. ბერნარს ამის დაჯერება არ შეეძლო. მოგვიანებით მან ეს თავად პეიპუსგან, სასამართლოზე მოისმინა.
ყოფილმა დიპლომატმა ემოციების მოზღვავებას ვერ გაუძლო და სამართებლით ყელის გამოჭრით სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა. იგი გადაარჩინეს და გაასამართლეს. ბურსიკოს მიერ გადაცემულ 150 საიდუმლო დოკუმენტს შორის მნიშვნელოვანი არაფერი აღმოჩნდა. ფრანგსაც და ჩინელსაც შპიონაჟისთვის 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასჯელი ბოლომდე არცერთს არ მოუხდია - ორივე მათგანი 1987 წლის საპრეზიდენტო ამნისტიაში მოჰყვა. გათავისუფლების შემდეგ ში პეიპუმ პარიზის ოპერაში დაიწყო მუშაობა. ში დუდუმ კი, რომელსაც საფრანგეთში ბერტრანს ეძახდნენ, ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვა შეძლო.
1988 წელს ამერიკელმა დრამატურგმა დევიდ ჰენრი ჰვანგმა ში პეიპუსა და ბურსიკოს ისტორიაზე დაფუძნებული პიესა "M. Butterfly" დაწერა. 1993 წელს კი რეჟისორმა დევიდ კრონენბერგმა მისი ეკრანიზაცია შეძლო.
2009 წლის 30 ივნისს 70 წლის ში პეიპუ გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ მან თქმა მოასწრო, რომ მომხდარს ინანიებდა და ბერნარ ბურსიკო კვლავაც უყვარდა.
თავად ბურსიკო მოხუცებულთა თავშესაფარში იმყოფება. შის გარდაცვალების ამბავს მამაკაცი ლაკონიურად გამოეხმაურა: "მან მე იმდენი ბოროტება დამმართა და ამას არც ნანობდა. ვფიქრობ, ახლა სისულელე იქნებოდა იმის თქმა, რომ დამწუხრებული ვარ... ახლა მე თავისუფალი ვარ".
ში დუდუ საკუთარ ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს. მას სამი ვაჟი ჰყავს.