"არაფერიც არ მჭირდა, უბრალოდ საშინლად მეზარებოდა სწავლა" - ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რომლებიც უზარმაცესი მოსწავლეები იყვნენ - მშობლები

"არაფერიც არ მჭირდა, უბრალოდ საშინლად მეზარებოდა სწავლა" - ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რომლებიც უზარმაცესი მოსწავლეები იყვნენ

2026-06-30 12:30:54+04:00

ჩვენს რეალობაში მიღებულია, რომ წარმატების ისტორიები აუცილებლად ათიანებით და მასწავლებლების ქება-დიდებით იწყება. როცა რომელიმე გენიოსზე ან ვარსკვლავზე ვკითხულობთ, რომ მას სკოლაში სწავლა უჭირდა, პიარ-მენეჯერები და ბიოგრაფები ხშირად ცდილობენ ამას მიზეზები მოუძებნონ: „დისლექსია“, „ჰიპერაქტივობა“ ან „განსხვავებული აღქმის უნარი“. ასე ისტორია ბევრად დრამატული, გმირული და შთაგონების მომცემია.

მაგრამ მოდით, გულწრფელად ვთქვათ: ყოველთვის ასე როდია. თუ ცნობილი ადამიანების მოგონებებსა და ინტერვიუებს კარგად ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ ბევრ გენიოსს, ლიდერსა და ვარსკვლავს, რომლებიც ყოველგვარი სამედიცინო მიზეზებისა თუ დიაგნოზების გარეშე, სრულიად გულწრფელად აღიარებენ: „არაფერიც არ მჭირდა, უბრალოდ საშინლად მეზარებოდა, სკოლა მძულდა და შატალოებზე დავდიოდიო“.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილის სიზარმაცე სამყაროს დასასრულია, გადახედეთ ამ ადამიანების ისტორიებს. ისინი ბავშვობაში ზუსტად ისევე აგიჟებდნენ მშობლებს მეცადინეობისას, როგორც თქვენ თქვენი ონავრები.

ანჯელინა ჯოლი

actress-angelina-jolie-attends-maria-gala-october-18-2024-1782811541.webp

ჰოლივუდის ვარსკვლავი პირდაპირ ამბობს, რომ სკოლაში მეცადინეობა კი არ უჭირდა, უბრალოდ სხვა ინტერესები ჰქონდა და წიგნებზე გული არ მისდიოდა. "საშინელი მოსწავლე ვიყავი. ვიყავი ბავშვი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა: "რატომ უნდა ვიჯდე აქ და ვუსმინო იმას, რაც ჩემთვის აზრს მოკლებულია?" ჩემთვის ცხოვრების სწავლა სკოლის კედლებს მიღმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ სკოლაში (Beverly Hills High School) სწავლობდა, სადაც თავს საშინლად გარიყულად გრძნობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ სკოლის პერიოდში გახდა "პანკი", თმას იასამნისფრად იღებავდა, ეცვა შავები და სკოლის დავალებების ნაცვლად, მისი ინტერესი როკ-მუსიკა და კლიპებში გადაღება იყო.

სკოლის პერიოდში იმდენად არ აინტერესებდა სტანდარტული განათლება, რომ ერთ მომენტში სწავლა მიატოვა კიდეც, რათა დაკრძალვის ორგანიზატორი გამხდარიყო და ამ მიმართულებით გაიარა კურსები. დისციპლინაშიც მოიკოჭლებდა. მან მოგვიანებით აღიარა, რომ სკოლის წლებში ძალიან ამბოხებული იყო, არ უყვარდა წესები და ავტორიტეტები, რაც სწავლაში ხელს უშლიდა.

რობერტ დაუნი უმცროსი (რკინის კაცი)

რობერტს სწავლა იმდენად ეზარებოდა, რომ მამამისმა, რეჟისორმა რობერტ დაუნი უფროსმა, ულტიმატუმი წაუყენა თავის ზარმაც შვილს, რომელსაც გაკვეთილებზე სიარული და დავალებების წერა საერთოდ არ აინტერესებდა. "მამაჩემმა მითხრა: ან ხვალიდანვე იწყებ მუშაობას, ან სკოლაში ნორმალურად ივლიო. მეორე დღესვე სკოლა მივატოვე და მუშაობა დავიწყე.“

16 წლის რობერტი ნიუ-იორკში გადავიდა და სანამ სამსახიობო კარიერა აეწყობოდა, ფეხსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად და რესტორნებში ჭურჭლის მრეცხავადაც კი მუშაობდა.

ალ პაჩინო

gettyimages-2076364755-1-1782811531.webp

ლეგენდარულ მსახიობს სწავლისადმი ინტერესი იმდენად დაბალი ჰქონდა, რომ კლასშიც კი ტოვებდნენ. „მე არ ვიყავი კარგი ბიჭი. სკოლა საერთოდ არ მაინტერესებდა. იმდენად მეზარებოდა ყველაფერი, რაც პროგრამას უკავშირდებოდა, რომ 17 წლის ასაკში ყველა საგანი ჩავაგდე, ინგლისურის გარდა. კლასში დამტოვეს, რის შემდეგაც საერთოდ წამოვედი სკოლიდან. ჩემი ინტერესი მხოლოდ ქუჩა, ბეისბოლი და თეატრი იყო.“- ამბობს ის.

კლასში ჩარჩენის გამო დედასთან დიდი ჩხუბი მოუვიდა. საბოლოოდ, პაჩინომ სახლიც მიატოვა და სკოლაც. სანამ სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, ის ქუჩაში ცხოვრობდა, ბეისბოლს თამაშობდა და ყველანაირ დაბალანაზღაურებად საქმეზე მუშაობდა (კურიერად, დამლაგებლად, ბილეთების შემმოწმებლად), რათა სამსახიობო კურსების ფული გადაეხადა.

ჯონი დეპი

ჯონი დეპსაც არანაირი სამედიცინო მიზეზი არ ჰქონია — უბრალოდ პროტესტი და უკიდურესი სიზარმაცე სძლევდა

ტრადიციული განათლების მიმართ. „სკოლა ჩემთვის ციხესავით იყო. აბსოლუტურად ყველაფერი მეზარებოდა, რაც დავალებებსა და ტესტებს უკავშირდებოდა. 15 წლის ასაკში მივატოვე სწავლა, რადგან მინდოდა როკ-მუსიკოსი გავმხდარიყავი. როცა დირექტორთან მივედი საბუთების გამოსატანად, მან მითხრა: "წადი, ჯონი, აქ მაინც არაფერი გეშველება.“ - ასე იხსენებდა მსახიობი ამ პერიოდს, თუმცა დირექტორთან დაკავშირებული ისტორია გაცილებით დრამატილუ იყო.

ჯონი დეპმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა, რადგან მთელი მისი გონება მუსიკას და გიტარას ეჭირა. თუმცა, სკოლის მიტოვებიდან სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ გადაიფიქრა და სკოლაში დაბრუნება სცადა. როდესაც დირექტორთან მივიდა, ამ უკანასკნელმა საბუთების უკან დაბრუნებაზე უარი უთხრა და უთხრა ფრაზა, რომელმაც ჯონის ცხოვრება შეცვალა: „არა, ჯონი, სკოლაში ნუ ბრუნდები, მიჰყევი შენს ოცნებას და გახდი მუსიკოსი“. დირექტორმა მასში ნიჭი დაინახა და მიხვდა, რომ სკოლის მერხთან მისი გაჩერება არ ღირდა.

რიჩარდ ფეინმანი (ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში)

ფეინმანი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გონებაა, თუმცა ბავშვობაში ისტორიის, ლიტერატურისა და უცხო ენების სწავლა გულწრფელად ეზარებოდა. მას მხოლოდ ის აინტერესებდა, რაც თავად უნდოდა. „სკოლაში საშინლად ზარმაცი ვიყავი იმ საგნებში, რომლებიც არ მაინტერესებდა. ჰუმანიტარული საგნების დავალებებს საერთოდ არ ვეხებოდი. ესპანურის გაკვეთილებზე უბრალოდ მეძინა, რადგან ვერ ვხედავდი აზრს, რატომ უნდა დამეხარჯა დრო სიტყვების დაზეპირებაზე. ჩემს ატესტატს რომ დახედოთ, იფიქრებთ, რომ ეს რომელიმე ჩამორჩენილი მოსწავლისაა და არა მომავალი ფიზიკოსის.“

უინსტონ ჩერჩილი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი)

g-1782811553.jpg

ჩერჩილს არანაირი სწავლის დარღვევა არ ჰქონია — ის უბრალოდ ჯიუტი და უკიდურესად ზარმაცი მოსწავლე იყო, რომელსაც ჰაროუს პრესტიჟულ სკოლაში ყველაზე დაბალი ნიშნები ჰქონდა. „სკოლაში სწავლა საერთოდ არ შედიოდა ჩემს გეგმებში. მასწავლებლები ჩემს მშობლებს სწერდნენ, რომ უბრალოდ არაფრის გაკეთება არ მინდოდა. მათემატიკა და ლათინური საშინლად მეზარებოდა, გამოცდებზე ცარიელ ფურცლებს ვაბარებდი. ზარმაციც ვიყავი და ამაყიც — ვთვლიდი, რომ რაც მე არ მაინტერესებდა, ის არც უნდა მესწავლა. ამის გამო კლასში ყველაზე ბოლო მოსწავლე ვიყავი.“

ლათინურის მისაღებ გამოცდაზე ჩერჩილმა ფურცელზე მხოლოდ თავისი სახელი და გვარი დაწერა და ორი საათი ისე იჯდა. წიგნში ის ამას ასე იხსენებს: „ფურცლის თავში დავწერე ჩემი სახელი. დიდი ფიქრის შემდეგ დავწერე ციფრი 1 და ფრჩხილი ასე: 1). მაგრამ ამის მერე ვეღარაფერი მოვიფიქრე, რაც ამ ფურცელს გაამდიდრებდა... მთელი ორი საათის განმავლობაში ამ ფურცელს მხოლოდ სევდიანი მზერით ვუყურებდი.“