"სკოლა ბავშვისთვის აუტანელ ტვირთად იქცევა არა სასწავლო პროგრამის, არამედ სასწავლო პროცესის გამო" - რა უნარები ეხმარება ბავშვს, რომ სკოლაში წარმატებული იყოს - მშობლები

"სკოლა ბავშვისთვის აუტანელ ტვირთად იქცევა არა სასწავლო პროგრამის, არამედ სასწავლო პროცესის გამო" - რა უნარები ეხმარება ბავშვს, რომ სკოლაში წარმატებული იყოს

2026-07-01 09:48:50+04:00

პირველ კლასამდე რამდენიმე თვით ადრე, ბევრი მშობელი შიშობს, რომ ბავშვი სკოლისთვის მოუმზადებელია, რადგან წერა, კითხვა ან ანგარიში საერთოდ არ იცის. თუმცა, რეალურად, ეს უნარები თითქმის არანაირ გავლენას არ ახდენს იმაზე, თუ როგორ შეეგუება პატარა ახალ გარემოს. რა ასაკში ჯობს ბავშვის პირველ კლასში გაშვება, რა უნდა იცოდეს მან რეალურად და როგორ მოვემზადოთ ამ ეტაპისთვის ზედმეტი სტრესის გარეშე.

მთავარი კრიტერიუმია – შეუძლია თუ არა ბავშვს საკუთარი თავის მართვა: არ წამოხტეს მაშინ, როცა მოუნდება, მოუსმინოს ინსტრუქციას, აკეთოს ის, რაც იმ მომენტში არ აინტერესებს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

სკოლისთვის მზაობა, პირველ რიგში, ნებისყოფისა და გაცნობიერებული ქცევის უნარია. სკოლამდელი ასაკის ბავშვები სპონტანურად მოქმედებენ: მოუნდათ – გაიქცნენ, დაიყვირეს. მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისად განვითარებული პრეფრონტალური ქერქი, რომელიც ზუსტად ამ სპონტანური და უადგილო ქმედებების შეკავებაზეა პასუხისმგებელი. ამასვე უკავშირდება უნარი, აიძულო საკუთარი თავი აკეთო ის, რაც არ გინდა, და ასევე აქტივობების დაგეგმვა – რის გარეშეც, მაგალითად, ჩანთის ჩალაგებაც კი შეუძლებელია.

თუ ეს მზაობა არ არის, სკოლა ბავშვისთვის აუტანელ ტვირთად იქცევა – არა სასწავლო პროგრამის, არამედ სასწავლო პროცესის გამო. ეს ყველაფერი დიდ ენერგიას წაიღებს და ბოლოს ცუდ ნიშნებამდეც მივა. ამასთან, ბავშვი შეიძლება საკმაოდ საზრიანი და ნიჭიერიც კი იყოს, მაგრამ თავს მაინც ჩამორცენილად და სხვებზე ნაკლებად იგრძნობს.

ამავდროულად, ბავშვები არათანაბრად ვითარდებიან. თუ გაზაფხულზე გვეჩვენება, რომ ბავშვი სკოლისთვის მზად არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ სექტემბრისთვის არაფერი შეიცვლება. ხშირად განვითარების ნახტომი 7 წელთან ახლოს და ძალიან სწრაფად ხდება.

აქედან გამომდინარეობს პრაქტიკული დასკვნა: თუ ეჭვი გეპარებათ, სჯობს არ იჩქაროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი სწრაფად იღლება, იკეტება საკუთარ თავში, მძიმედ განიცდის ახალ სიტუაციებს ან ვერ მართავს ემოციებს. უფრო გვიან დაწყებული სწავლა, როგორც წესი, ბავშვისთვის ბევრად კომფორტულია.

უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა წერა-კითხვა?

ოფიციალურად – არა. სკოლის დაწყებამდე სავალდებულო აკადემიური მოთხოვნები არ არსებობს. თუმცა, არსებობს სკოლის რეალობა.

დაწყებითი კლასების მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ პროგრამა ისეა მოწყობილი, რომ ბავშვს ყველაფერს ნულიდან ასწავლიან. თუმცა, კლასში ყოველთვის არის ე.წ. „საშუალო დონე“, რომელსაც მასწავლებელი უთანაბრებს ტემპს. დღეს ეს საშუალო სტატისტიკური ბავშვი, როგორც წესი, უკვე იცნობს ანბანს, კითხულობს მარცვლებით და ითვლის 10-ის ფარგლებში. ეს არ არის ოფიციალური მოთხოვნა, მაგრამ ეს არის ფონი, რომელშიც პირველკლასელი ხვდება.

თუ ბავშვი საერთოდ მომზადების გარეშე მივა, შესაძლოა გაუჭირდეს – არა იმიტომ, რომ ვერ დაძლევს, არამედ იმიტომ, რომ ჩამორჩება საერთო ტემპს და თავს სხვებზე ნაკლებად იგრძნობს. ამან კი შეიძლება თავდაჯერებულობა დააკარგვინოს.

არის მეორე პრობლემაც - ბავშვები, რომლებმაც „უკვე ყველაფერი იციან“, აღარ უსმენენ მასწავლებლის განმარტებებს, ყურადღებას არ აქცევენ დეტალებს, გაკვეთილებზე სწყინდებათ, მოგვიანებით კი ისინისც ანებებენ სწავლას თავს.

რა არის რეალურად მნიშვნელოვანი სკოლის წინ?

მასწავლებლების ყველაზე ზუსტი, თუმცა ოდნავ უხეში ფორმულირება ასე ჟღერს: „სჯობს ბავშვს თასმების შეკვრა ასწავლოთ, ვიდრე კითხვა.“ სკოლაში ბავშვს ჩაცმაში, გახდასა თუ ტუალეტით სარგებლობაში ყოველ ნაბიჯზე ვერავინ დაეხმარება.

შეიძლება ეს თავისთავად ცხადად გეჩვენებათ, მაგრამ რეალურად ხშირად ხდება კურიოზული და სტრესული სიტუაციები, როდესაც ბავშვმა დამოუკიდებლად ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა ან ფიზკულტურის გაკვეთილისთვის სწრაფად გადაცმა ვერ შეძლო.

ამიტომ, სკოლისთვის მზაობის საბაზისო უნარების სია ასე გამოიყურება:

  • ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა.

  • დამოუკიდებლად სარგებლობს ტუალეტით.

  • იცის თავისი სახელი, გვარი, მისამართი და მშობლების მონაცემები.

  • იცის, როგორ მიმართოს უფროსს და როგორ სთხოვოს დახმარება.

  • არჩევს უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობის ფორმებს.

ცალკე ბლოკია კომუნიკაცია. თუ ბავშვი სკოლამდე მხოლოდ ოჯახურ წრეში ტრიალებდა, გაუჭირდება სისტემასთან ადაპტაცია. მნიშვნელოვანია წინასწარ აუხსნათ ქცევის წესები და ასწავლოთ კითხვების დასმა.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ასაკის მიხედვით?

მომზადება არა გაკვეთილების კურსი, არამედ ეტაპობრივი განვითარებაა:

  • 3–4 წელი: არანაირი „სკოლისთვის მომზადება“ ამ სიტყვის კლასიკური გაგებით არ გჭირდებათ. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, თამაშია. ოღონდ არა სამუშაო რვეულებით, არამედ მარტივი თამაშებით, რომლებიც ავითარებს ყურადღებას, აზროვნებასა და მეხსიერებას. მაგალითად, სპეციალურად დაუშვით შეცდომები ნაცნობ ამბებში (წითელქუდას მწვანექუდა დაუძახეთ) და დაელოდეთ, შეგისწორებთ თუ არა. ეს ბავშვს აზროვნებას და ეჭვის შეტანას ასწავლის, რაც სწავლისთვის ბაზისია.

  • 5 წელი: უკვე შეიძლება ასოებისა და ციფრების ფრთხილი გაცნობა, ოღონდ ყოველდღიურობაში ინტეგრირებით: წაიკითხეთ აბრები ქუჩაში, იპოვეთ ნაცნობი ასოები წიგნებში, დათვალეთ სათამაშოები ან ხილი მაღაზიაში. ნუ გადააქცევთ ამას გაკვეთილად. მიზანია, ციფრები და ასოები ბავშვისთვის ნაცნობი და მეგობრული გახდეს.

  • 6–7 წელი: აქ უკვე შეიძლება სტრუქტურის შემოტანა – დავალებები, რომლებიც ბოლომდე უნდა შესრულდეს, ინსტრუქციის მოსმენა და ყურადღების კონცენტრაცია. კარგია გრაფიკული კარნახი (უჯრებიან რვეულში ხატვა კარნახით: „ორი უჯრა მარჯვნივ, ერთი ქვემოთ...“). ეს ავითარებს სივრცით აღქმას, ხელის კონტროლსა და ინსტრუქციების მიყოლას.

სკოლაში მისვლამდე, ჯობს, ეს ვასწავლოთ... პატარა ჯამში ქვიშა ჩავყაროთ და თითით დაწეროს - დაჩი ნანობაშვილი წინასასკოლო პერიოდზე
მშობელი უნდა დააკვირდეს არა იმას, რამდენი სიტყვა იცის ინგლისურად ან რამდენი ლექსი იცის ზეპირად, არამედ, შეუძლია თუ არა ურთიერთობებში ჩაბმა, ყურადღების კონცენტრირება... - როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა შვილის სასკოლო მზაობა