ჰოლივუდის 5 ვარსკვლავი, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე შვილებს ზრდიან და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობენ - მშობლები

ჰოლივუდის 5 ვარსკვლავი, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე შვილებს ზრდიან და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობენ

2026-07-02 10:49:40+04:00

სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების აღზრდა მშობლებისთვის ხშირად მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა. პრობლემაა არასაკმარისი რესურსები, სამედიცინო სერვისები, საზოგადოების დამოკიდებულება, რაც ბავშვებს სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევს.

ვარსკვლავები ხშირად თავიანთი შვილების მედიისა და საზოგადოების გადამეტებული ყურადღებისაგან დაცვას ცდილობენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ბავშვების სპეციალურ საჭიროებაზე ხმამაღლა საუბრობენ და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასაც ხელს უწყობენ:

სილვესტერ სტალონე

varskvlavebi-1-1782888895.jpg

სილვესტერ სტალონე ერთ-ერთი პირველი ცნობილი მსახიობი გახდა, ვინც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვის აღზრდაზე ღიად ალაპარაკდა.

1979 წელს სტალონესა და მის პირველ მეუღლეს, საშა ზაკს, შეეძინათ ვაჟი - სერჯო, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. 1985 წელს კი, როდესაც მსგავს პრობლემებზე უკიდურესად იშვიათად საუბრობდნენ, ჟურნალმა People გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც დიდების მწვერვალზე მყოფმა მსახიობმა ისაუბრა ვაჟზე, რომელიც არ ლაპარაკობდა.

nypichpdpict000071933823-1782975942.webp

სილვესტერ სტალონემ მაშინ გულწრფელად აღიარა, რომ ბავშვთან საერთო ენის პოვნა უჭირდა და მათ შორის მამა-შვილური ჩვეული ურთიერთობა არ არსებობდა. მსახიობი აღნიშნავდა, რომ ასეთი ბავშვების საკუთარ სამყაროში ძალადობრივად შემოყვანა დაუშვებელია, რის გამოც სერჯოსთვის იგი უფრო "სათამაშო" პარტნიორი იყო. მოგვიანებით, ყოფილ მეუღლესთან, საშასთან ერთად (რომელსაც მსახიობი იმავე 1985 წელს დაშორდა), სტალონემ დააფუძნა ფონდი, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებისა და უფროსების დასახმარებლად სახსრების მოძიებითაა დაკავებული.

დენიზ რიჩარდსი

varskvlavebi-2-1782888909.jpg

მსახიობმა დენიზ რიჩარდსმა 30-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა. თუმცა, გადაღებების მიღმა, იგი მძიმე სენით დაავადებულ ქალიშვილს ზრდის.

images-1782976207.jpg

ახალშობილი ელოიზი დენიზ რიჩარდსმა 2011 წელს, თავის პირველ ქმართან, ჩარლი შინთან განქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ იშვილა. ხუთი წლის შემდეგ გოგონას ქრომოსომული აშლილობა აღმოაჩნდა. მსახიობის თქმით, ექიმები არანაირ გარანტიას არ იძლეოდნენ, რომ იგი ოდესმე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრებას შეძლებდა. მიუხედავად ამისა, დენიზმა ქალიშვილზე უარი არ თქვა და მასზე ზრუნვას დღემდე აგრძელებს. 2018 წელს რიჩარდსი მსახიობ აარონ ფაიპერსზე დაქორწინდა, რომელსაც თავიდან ელოიზზე მამობის ოფიციალურად გაფორმება სურდა, თუმცა 2025 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ჯონ ტრავოლტა

varskvlavebi-3-1782888926.jpg

მსახიობ ჯონ ტრავოლტასთვის ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ვაჟის აღზრდა ტრაგედიით დასრულდა. მისი პირველი შვილი, ჯეტი, რომელიც 1992 წელს მსახიობ კელი პრესტონთან ქორწინებაში დაიბადა, ბაჰამის კუნძულებზე მდებარე ოჯახის სახლის აბაზანაში მიღებული სასიკვდილო ტრავმის შედეგად, 16 წლის ასაკში დაიღუპა.

john-travolta-gty-gmh-250414-1744658926657-hpmain-4x5-608-1782976427.jpg

ტრავოლტა და პრესტონი ვაჟს განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. საჯაროდ ისინი აცხადებდნენ, რომ ბიჭს კავასაკის სინდრომი ჰქონდა. თუმცა, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, ვარსკვლავური წყვილი შანტაჟის მსხვერპლი გახდა. ბოროტმოქმედები ჯეტის ნამდვილი დიაგნოზის გამჟღავნებით ემუქრებოდნენ. სწორედ მაშინ აღიარა ტრავოლტამ საჯაროდ, რომ მის ვაჟს აუტიზმი ჰქონდა და ეპილეფსიური შეტევებით იტანჯებოდა. ერთ-ერთმა ასეთმა შეტევამ ტრაგედია გამოიწვია.

ჯენი მაკკარტი

varskvlavebi-4-1782888940.jpg

ამერიკელ მსახიობს, მოდელსა და ტელეწამყვანს, ჯენი მაკკარტის მაყურებელი კარგად იცნობს. იგი ზრდის ვაჟს, ევან ეშერს, რომელსაც ორი წლის ასაკში აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.

images-1-1782976683.jpg

ვაჟის დახმარება ჯენი მაკკარტის ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა. იგი შვილს არა მხოლოდ ექიმებთან დაატარებდა, არამედ აუტიზმის მკურნალობის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებლადაც სწავლობდა და სხვადასხვა მეთოდიკას სცდიდა. შედეგად, ევანმა კონცენტრაციის უნარი გაიუმჯობესა, მოგვიანებით კი ლაპარაკიც დაიწყო. გარდა ამისა, მაკკარტიმ ამ თემაზე რამდენიმე წიგნიც დაწერა. თუმცა, მსახიობი დარწმუნებულია, რომ შვილის დაავადება ვაქცინაციამ გამოიწვია, რის გამოც მისი შეხედულებები სამედიცინო საზოგადოებამ არაერთხელ გააკრიტიკა.

კოლინ ფარელი

varskvlavebi-5-1782888954.jpg

ცნობილი მსახიობი კოლინ ფარელი კანადელ მოდელთან, კიმ ბორდენეივთან ერთად, ანგელმანის სინდრომით დაავადებულ ვაჟს, ჯეიმსს ზრდის.

შვილის დიაგნოზის შესახებ კოლინ ფარელმა ღიად ჯერ კიდევ 2007 წელს ისაუბრა. მაშინ ბიჭი დაახლოებით ხუთი წლის იყო. ამ დაავადებას თან ახლავს მეტყველებისა და მოტორული უნარების განვითარების შეფერხება, ეპილეფსია და ჰიპერაქტიურობა. მიუხედავად ამისა, ფარელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ვაჟი საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს საჩუქრად მიაჩნია. უფრო მეტიც, მსახიობმა აღიარა რომ სწორედ ჯეიმსი დაეხმარა მას მავნე ჩვევებზე უარის თქმასა და საკუთარი თავის გაუმჯობესებაში.

colin-1782976683.webp

კოლინ ფარელი 20 წლის შვილის იშვიათ დაავადებაზე ალაპარაკდა - მისგან პასუხებს ვერაფერზე მივიღებ...