როგორც ცნობილია, თბილისში აზერბაიჯანელი გოგონა მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ფემიციდს ეხება. გოგონას ნათესავები აზერბაიჯანში ცხოვრობენ, რომელთა მიმართვაც ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა.
მოკლული გოგონას შესახებ პოსტს აქვეყნებს აქტივისტი სამირა მაირამოვაც:
"დავუკავშირდი თბილისში მოკლული გოგონას დას, რომელიც მზად არის, თავისი დის უფლებების დასაცავად. სოციალურ ქსელში მას პროფილის სლოგანად „სამართლიანობა ფატიმასთვის“ აქვს მითითებული.
რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ვცდილობდი დეტალური ინფორმაციის შეგროვებას, საჭირო კონტაქტების მოძიებასა და რიგ საკითხებზე ნებართვების მიღებას.
როგორც ირკვევა, გოგონა თავის დასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. ის წარსულში შორს ნათესავზე იყო დანიშნული, თუმცა ისინი მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდნენ. პირი, რომელთან ერთადაც ის საქართველოში ჩამოვიდა, მისი ბავშვობის მეგობარი იყო. ისინი დანიშვნას გეგმავდნენ, თუმცა ბიჭი ამბობდა, რომ ფული არ ჰქონდა. მოგვიანებით მან საქართველოში იპოვა სამსახური, რის შემდეგაც წყვილი აქ ჩამოვიდა და სასტუმროში დასახლდა. მოკლულის და აღნიშნავს, რომ მისი და ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო და მისთვის გაუგებარია, რა სახის დაპირებებმა აიძულა იგი, საქართველოში ჩამოსვლაზე დათანხმებულიყო.
ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ბიჭმა გოგონაზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო და სხეულზე არაერთი დაზიანება მიაყენა, მათ შორის, სიგარეტითაც კი წვავდა. მოგვიანებით მან გოგონას პასპორტიც წაართვა. ამის შემდეგ ბიჭი აზერბაიჯანში, საკუთარ ოჯახში დაბრუნდა. ცნობილია, რომ ის აზერბაიჯანის ერთ-ერთ კლინიკაში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, თუმცა მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება გოგონას ბიძაშვილს, რომლის იმედიც მას დახმარების კუთხით ჰქონდა (რადგან ეს უკანასკნელი ხშირად მოგზაურობდა), მათ ადრე ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. ამასთანავე, იმის გამო, რომ მსხვერპლს ტელეფონიც არ ჰქონდა, მას სხვა ახლობლების ნომრები ზეპირად არ ახსოვდა." - წერს სამირა ბაირამოვა.
მოკლული გოგონას დასა და ნათესავებს უამრავი კითხვა აქვთ და მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ სიმართლის დასადგენად. შემთხვევის დღეს დამ აზერბაიჯანის პოლიციას მიმართა, თუმცა, ვინაიდან ფაქტი საქართველოში მოხდა, იქ გამოძიება არ დაუწყიათ. ამის შემდეგ გოგონას და საქართველოში საქმის გამომძიებელსაც დაუკავშირდა, თუმცა მათგან მხოლოდ სტანდარტული პასუხი მიიღო — „გამოძიება მიმდინარეობს“, - წერს სამირა ბაირამოვა.