"ნებისმიერ სამშობიაროში რომ შეხვიდეთ, მიხვდებით, რომ ორსულთა ნახევარზე მეტი სუროგატია. იმაზეც მიხვდებით, რომ ეს ქალები ხშირად ქართველები არ არიან" - ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, რომელმაც სუროგაციის თემაზე იმუშავა - მშობლები

"ნებისმიერ სამშობიაროში რომ შეხვიდეთ, მიხვდებით, რომ ორსულთა ნახევარზე მეტი სუროგატია... იმაზეც მიხვდებით, რომ ეს ქალები ხშირად ქართველები არ არიან" - ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, რომელმაც სუროგაციის თემაზე იმუშავა

2026-07-02 09:11:32+04:00

სუროგაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში წლებია, აქტიური განხილვის თემაა, თუმცა ამ პროცესის მიღმა მყოფი ქალების რეალური ყოველდღიურობა, მათი უფლებრივი თუ სოციალური მდგომარეობა საზოგადოებისთვის ხშირად უხილავი რჩება. სწორედ ამ რთულ, სტიგმატიზებულ და სისტემურ პრობლემებს ააშკარავებს რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილის დოკუმენტური ფილმი "ცხრათვიანი კონტრაქტი", რომლის საერთაშორისო პრემიერაც კოპენჰაგენში შედგა და უკვე არაერთი პრიზი მოიპოვა.

ფილმი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, ერთი კონკრეტული გმირის, ჟანას ისტორიის მაგალითზე გვიჩვენებს, თუ როგორ იქცა სუროგაცია მოწყვლადი ჯგუფების გადარჩენის ერთადერთ გზად და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული კანონმდებლობა. რა ხდება მაშინ, როდესაც კომერციული ინტერესები ადამიანის ჯანმრთელობასა და უფლებებზე მაღლა დგება, ვინ არიან სუროგაციის ინდუსტრიის მთავარი დამკვეთები და რატომ არის აუცილებელი სფეროს მკაცრი რეგულირება - ამ და სხვა საკითხებზე რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილს ვესაუბრეთ.

- ფილმზე მუშაობა ძალიან დიდხანს მომიწია, რადგან თავდაპირველად ყველაფერი მთავარი გმირის გაცნობით დაიწყო. მასზე სატელევიზიო ფილმი გადავიღე, თუმცა ის სუროგაციის თემატიკას არ ეხებოდა. ფილმის გმირი, ჟანა, ბავშვთა სახლიდანაა და თავის შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ოჯახი არასდროს ჰყოლია და ამბობს, რომ დედა არც ახსოვს, შვილის მიმართ მისი დამოკიდებულება ჩემთვის საოცარი იყო. ჩანდა, რომ ამ ადამიანს საკუთარი შვილისთვის მყუდრო ოჯახის შექმნა ძალიან უნდოდა და ეს მისთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენდა.

2012 წელს, ამ ფილმის "მეცხრე არხზე" გასვლის შემდეგ, ჟანასთვის ბინის ქირაობა და მისი მცირედით დახმარება მოვახერხეთ. მოგვიანებით სოციალური დახმარებაც დაენიშნა. აღმოჩნდა, რომ იგი ცხინვალიდან დევნილიც იყო და დევნილის სტატუსიც მიიღო. თითქოს, სისტემამ იგი მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნია, მანამდე კი ვერ ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სახლში დიდხანს ცხოვრობდა და მისი მდგომარეობის დანახვა, წესით, ძალიან მარტივი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მას ბავშვთან დაკავშირებით სოციალურმა აგენტმაც მიაკითხა.

რაც შეეხება სუროგაციის თემაზე გადართვას, ეს სფერო მანამდეც მაინტერესებდა. მეტროში პირველად რომ დავინახე განცხადება, სადაც ქალებს სუროგაციაში მონაწილეობას სთავაზობდნენ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტელებლოგში" ვმუშაობდი და ვიფიქრე, რომ ამ თემაზე სიუჟეტს მოვამზადებდი. ქალები ვეძებე, რამდენიმეს შევხვდი კიდეც. თავიდან დამთანხმდნენ, თუმცა მერე გადაიფიქრეს. მაშინ მივხვდი, რომ ეს იმდენად სტიგმატიზებული თემაა და ადამიანები ამას ისე მალავენ, იმ ეტაპზე მუშაობის გაგრძელება ძალიან რთული იყო.

pilmi-cxratviani-kontrakti-3-1782969670.jpg
კადრი ფილმიდან "ცხრათვიანი კონტრაქტი"

- ეს დაახლოებით რამდენი წლის წინ იყო?

- ეს 2014 წელს, ანუ 12 წლის წინ იყო. ეს თემა თავში სულ მიტრიალებდა, რადგან თავადაც დედა ვარ, მაშინ პატარა შვილი მყავდა და ინტერესი გამიჩნდა, თუ ვინ იყვნენ ეს ქალები და რა ხდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი. არასდროს მიფიქრია, რომ სუროგატი დედობა სახალისო მდგომარეობაა, ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ორი წლის შემდეგ, 2016 წელს, ჟანამ მოულოდნელად გამომიცხადა, რომ სუროგატი დედობისთვის ემზადებოდა. კითხვაზე, თუ საიდან გაიგო ამის შესახებ, მიპასუხა, რომ ბავშვთა სახლის გოგოებისგან მიიღო ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მათგანი ამ გზას მიმართავდა. რეალურად, ეს ჩემთვის ამ თემით სიღრმისეულად დაინტერესების პირველი მიზეზი გახდა, რადგან მივხვდი, თუ ვისზეა ეს მთელი სისტემა გათვლილი.

2014 წელს, როდესაც დაკვირვება დავიწყე, ეს სფერო საქართველოში ძალიან პატარა იყო. თითქოს, არავინ არაფერი იცოდა, რადგან ქალებიც მალავდნენ და სააგენტოებიც ცდილობდნენ, რომ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. მედიაში თუკი რაიმე იშვიათად ქვეყნდებოდა, ძირითადად, არა პრობლემებზე, არამედ იმაზე საუბრობდნენ, თუ რა კარგი იყო ეს ყველაფერი უშვილო წყვილების დასახმარებლად და ფინანსურად თავად ამ ქალებისთვისაც. საზოგადოებამ ამის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. გადაღებები რომ დავიწყე და მეგობრებს ვეუბნებოდი, ამ თემაზე ფილმს ვიღებ-მეთქი, ყველას უკვირდა, ისიც არ იცოდა ბევრმა, საერთოდ ხდებოდა თუ არა მსგავსი რამ საქართველოში.

წლების განმავლობაში, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ეს სფეროც გაფართოვდა. განსაკუთრებული ნახტომი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოხდა. უკრაინაშიც ზუსტად ჩვენნაირი ლიბერალური კანონმდებლობაა - სუროგაცია ლეგალურია და მკაცრად არ რეგულირდება. უკრაინა უცხოელი წყვილებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილი იყო, ხშირად დონორებიც სჭირდებოდათ და სლავურ გარეგნობას ანიჭებდნენ უპირატესობას. ომის დაწყების შემდეგ იქ ორსულებს პრობლემები შეექმნათ, გაჩნდნენ ბავშვები, რომელთა გამოყვანაც ვერ ხერხდებოდა და რისკები მკვეთრად გაიზარდა. ამის გამო ბევრი სააგენტო საქართველოსკენ წამოვიდა, რამაც ეს ინდუსტრია მკვეთრად გაზარდა. შეიქმნა მომენტი, როდესაც საქართველო ამ ნაკადს ფიზიკურად ვეღარ აუდიოდა - სააგენტოები სუროგატ ქალებს აქტიურად ეძებდნენ და მსურველებს ვეღარ პოულობდნენ.

- ვინ არიან ძირითადად დამკვეთები და რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან?

- დამკვეთებს შორის ქართველებიც არიან, თუმცა იშვიათად, რადგან ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან ძვირი მომსახურებაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მონაცემებს რომ ვიღებდით, უკრაინის კრიზისამდე ქართველები მხოლოდ 10%-ს შეადგენდნენ. ახლა ეს პროცენტი ბევრად ნაკლები მგონია, რადგან უცხოელების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა. ბოლოს სტატისტიკა აღარ მოგვცეს, თუმცა ნებისმიერ სამშობიაროში რომ შეხვიდეთ, მიხვდებით, რომ ორსულთა ნახევარზე მეტი სუროგატია. იმაზეც მიხვდებით, რომ ეს ქალები ხშირად ქართველები არ არიან.

რაც შეეხება ქვეყნებს, უკრაინის ომამდე ყველაზე დიდი პროცენტი ისრაელზე მოდიოდა, შემდეგ კი ჩინეთმა გადაასწრო და დღეს ჩინეთი ლიდერობს. თუმცა, ჩამოდიან ევროპის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან და სკანდინავიიდანაც - ანუ, თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნიდან.

- სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპზე რა რეგულირდება და რა რჩება კონტროლის მიღმა?

- მთავარი "მიმზიდველი" ფაქტორი ის არის, რომ სუროგაცია ლეგალურია და საჭირო საბუთების დამზადება მარტივად ხდება. ბავშვის დაბადების მოწმობაში სუროგატი ქალის სახელი საერთოდ არ იწერება და არსად ჩანს, რომ ბავშვი სუროგაციით დაიბადა, პირდაპირ მშობლები ფიქსირდებიან. სააგენტოები რეკლამებში ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სუროგატ ქალს ბავშვზე არავითარი უფლება არ გააჩნია. მისი უფლებები და მოვალეობები ბავშვის გაჩენისთანავე სრულდება.

თუმცა, სხვა ქვეყნების კანონმდებლობა განსხვავებულია. მაგალითად, გერმანიასა და ბრიტანეთში დედად ის ქალი მიიჩნევა, ვინც ბავშვი გააჩინა და თუ წყვილი სუროგატი ქალისგან ოფიციალურ ნებართვას არ მიიღებს, ბავშვს ქვეყნიდან ვერ წაიყვანს. ჩვენთან კი სუროგატს ბავშვზე პრეტენზიის გამოთქმის უფლება კანონით საერთოდ არ აქვს. მთავარი პრობლემა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობებს შორის არსებული აცდენაა, საქართველო კი ამ ყველაფერს მარტივად მოერგო და ერთგვარ ოაზისად იქცა.

pilmi-cxratviani-kontrakti-5-1782969709.jpg
კადრი ფილმიდან "ცხრათვიანი კონტრაქტი"

- როდესაც ბავშვები ქვეყნიდან გაჰყავთ, ამას სახელმწიფო აკონტროლებს თუ ეს საკითხიც ღიაა? რეალურად შვილად აჰყავთ თუ სხვა მიზნები არსებობს?

- ქართული კანონმდებლობა ამ მიმართულებით არაფერს არეგულირებს და მე ამაში დიდ პრობლემას ვხედავ. იმასაც კი არ აკონტროლებენ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი რაიმე ჯანმრთელობის პრობლემით, მაგალითად, დაუნის სინდრომით იბადება. ასეთ ბავშვებს მშობლები ძირითადად ტოვებენ და ისინი ჩვენს სახელმწიფო სისტემაში ან ბავშვთა სახლებში რჩებიან.

ერთი სკანდალური შემთხვევა იყო, როდესაც ჩინელ მამას ძიძამ ბავშვზე სექსუალური ძალადობის ნიშნები შეამჩნია. ამ საქმეზე ორგანიზაცია "საფარი" მუშაობდა და დღემდე ამ ბავშვის უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ, რადგან კანონმდებლობა შესაბამის ბერკეტებს არ იძლევა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ადგილობრივი რესურსის სიმცირის გამო ქალები უცხოეთიდანაც ჩამოჰყავთ. თუ იცით, ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან?

- ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი ჩამოდის ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ერთ-ერთმა ექიმმა პირად საუბარში მითხრა, რომ ქალების ჩამოყვანა აფრიკის ქვეყნებიდან, ფილიპინებიდან და ტაილანდიდანაც დაიწყეს, რადგან ქართული ბაზარი ამხელა მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს.

- თავად სუროგატი დედები რა მთავარ პრობლემებს აწყდებიან? მოპყრობისა და ანაზღაურების თვალსაზრისით, რამდენად სამართლიანია გარემო და სრულდება თუ არა თავდაპირველი პირობები?

- ბევრი მისაუბრია მათთან. მხოლოდ ჟანას ოთხ ორსულობას დავესწარი და ამ პროცესში უამრავი პრობლემა გამოიკვეთა. სუროგატ ქალებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ და ინფორმაციას ცვლიან. მათი მთავარი პრობლემა სრული სამართლებრივი დაუცველობაა - სახელმწიფო მათ უფლებებს არ იცავს. კონტრაქტები, რომლებსაც ისინი ხელს აწერენ, ცალმხრივია. ჟანაც, მაგალითად, ხელშეკრულებას საერთოდ არ კითხულობდა და მხოლოდ ანაზღაურების გრაფას უყურებდა. ხშირად არის პუნქტი, რომ თუ ორსულობა 34 კვირამდე ვერ მივიდა და ბავშვი ნაადრევად დაიბადა, ძირითად თანხას საერთოდ არ უხდიან და მხოლოდ მცირე კომპენსაციით შემოიფარგლებიან.

ამ დაუცველობას ისიც ემატება, რომ ისინი ამ საქმიანობას მალავენ და იურისტებს დახმარებისთვის არ მიმართავენ. ჟანას მესამე ორსულობისას ორგანიზაცია "საფარს" იმიტომ მივაკითხეთ, რომ მას კონტრაქტი საერთოდ არ გააჩნდა. პროცესი ისე დაიწყო, რომ ხელშეკრულება არ გაფორმებულა. პოსტკოვიდური პერიოდი იყო, სააგენტომ უთხრა, რომ წყვილი ქვეყანაში ვერ შემოდიოდა და პროცედურა დაეწყოთ. რადგან ჟანას ამ სააგენტოსთან მანამდე კარგი გამოცდილება ჰქონდა, ეჭვი არ შეუტანია და ორსულობა ისე დაასრულა, რომ ხელშეკრულება თვალით არ უნახავს.

pilmi-cxratviani-kontrakti-7-1782969784.jpg
კადრი ფილმიდან "ცხრათვიანი კონტრაქტი"

- თანხა ბოლოს მაინც თუ მიიღო?

- თანხა კი მიიღო, თუმცა სააგენტო უცნაურ გზებს სთავაზობდა. სთხოვდნენ, სამშობიაროში ეთქვა, რომ ბავშვის ბიოლოგიური დედა თავად იყო და ჩვეულებრივი წესით აჩენდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ დამკვეთი არა წყვილი, არამედ მარტოხელა მამაკაცი იყო. მას უკვე ჰყავდა წინა სუროგატით გაჩენილი შვილი და კიდევ ორი ბავშვი, რომელთა წარმომავლობა არ ვიცი. საქართველოს კანონმდებლობით კი სუროგაცია მხოლოდ უშვილო, სამედიცინო პრობლემის მქონე წყვილებისთვისაა დაშვებული, რომლებიც ან ქორწინებაში არიან, ან მინიმუმ ერთი წელი ერთად ცხოვრობენ. ანუ, სააგენტოებმა კანონი დაარღვიეს, დამკვეთს პირობა მისცეს, ჟანას კი სხვადასხვა "ზღაპრები" უამბეს. ჟანას ძალიან შეეშინდა, "საფარში" წავედით და ამ პირობას არ დათანხმდა.

ამის გამო მათ ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პრობლემა შეექმნათ. მე ბრიტანეთის საელჩოშიც მივედი, რადგან დამკვეთი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, საქმის კურსში ჩავაყენე და ვთხოვე, ბავშვის უსაფრთხოება და მისი შემდგომი ბედი გაეკონტროლებინათ. დამპირდნენ, რომ მიხედავდნენ, თუმცა საქმის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ინფორმაცია აღარ მოუციათ. ვიცი, რომ რამდენიმე თვის წინ ეს ბავშვი 5 წლის ასაკში ისევ საქართველოში იმყოფებოდა.

- სანამ ბავშვებს ქვეყნიდან გაიყვანენ, მათ ვინ პატრონობს?

- ძიძებს ქირაობენ, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ბევრი ბავშვი ვიცი, ვინც კერძო ბინებში ძიძებთან ერთად ცხოვრობს.

- თავად ქალების ჯანმრთელობაზე რას გვეტყვით? აღნიშნეთ, რომ ჟანამ ოთხჯერ გააჩინა ბავშვი სუროგაციის გზით.

- დიახ, და მეოთხე მშობიარობის დროს საშვილოსნო დაკარგა. სხვა ქალებსაც ხშირად აქვთ მსგავსი პრობლემები. საშვილოსნოს დაკარგვა ხშირია, რადგან მათ თითქმის ყოველთვის საკეისრო კვეთას უკეთებენ. ამდენი ჭრილობის შემდეგ ქალები ხშირად რეაბილიტაციისთვის საჭირო დროს არ აცდიან და სუროგაციას მალევე უბრუნდებიან. თავიდან მეგონა, რომ მხოლოდ ჟანა იყო გამონაკლისი, მაგრამ დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ზოგადი ტენდენციაა. აღებული თანხა მათ იმ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არ ჰყოფნით, რის გამოც ამ საქმეს იწყებენ, ამიტომ პროცესში სწრაფად ბრუნდებიან. ეს მათ ჯანმრთელობაზე უმძიმესად აისახება, რადგან ორგანიზმი ისედაც დიდ ჰორმონალურ "ბუსტს" იღებს.

- ანაზღაურება დაახლოებით რამდენი იყო ამ წლებში?

- 2016 წლიდან 2023 წლამდე, როდესაც ჟანას ეს ოთხი ორსულობა ჰქონდა, მინიმალური ანაზღაურება 13 000 დოლარს შეადგენდა, მაქსიმალური კი 16 000 დოლარს. ეს ინდივიდუალურია, თუმცა ახლა ამბობენ, რომ ფასები გაიზარდა და 20 000 დოლარს ან მეტსაც უხდიან. ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი მოხდა - სააგენტო "ქინდერლის" დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ იმის გამო, რომ მათ სუროგატ ქალებს კუთვნილი თანხა საერთოდ არ გადაუხადეს.

pilmi-cxratviani-kontrakti-2-1782969819.jpg
კადრი ფილმიდან "ცხრათვიანი კონტრაქტი"

- ფილმის დასასრულს ჟანა აღნიშნავს, რომ მისი ნება რომ იყოს, სუროგაციას საერთოდ აკრძალავდა. თქვენ, როგორც რეჟისორსა და მოქალაქეს, როგორი პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?

- სანამ ამ პრობლემას სიღრმისეულად გაიცნობ, რომელიც არა მხოლოდ ქართული, არამედ გლობალურია, გგონია, რომ აკრძალვა ყველაფერს მოაგვარებს. თუმცა, ასე არ არის. ეს ბიზნესი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთსა და ტაილანდში აიკრძალა, რის შემდეგაც მან უბრალოდ სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა. ეს არის მოგზაური ბიზნესი. ვიცი შემთხვევები, როდესაც პროცედურები კვიპროსში ჩატარდა, მშობიარობა კი საქართველოში მოხდა. ერთ ქვეყანაში აკრძალვამ შეიძლება პრობლემა ზედაპირულად, დროებით მოაგვაროს, მაგრამ ამას დიდი საფრთხე ახლავს. ყაზახი და უზბეკი ქალები საქართველოში თუ ჩამოჰყავთ, აკრძალვის შემთხვევაში ქართველ ქალებს წაიყვანენ სხვა ქვეყნებში, სადაც მათი უფლებები კიდევ უფრო ნაკლებად იქნება დაცული.

საკუთარ ქვეყანაში ადგილობრივი ქალები მაინც უფრო დაცულები არიან, ვიდრე უცხოეთიდან ჩამოყვანილები. "ქინდერლის" შემთხვევაში ჩამოყვანილი ქალები თებერვალში ჰოსტელში უშუქოდ და უგაზოდ, პატარა ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ. პოლიციასა და პროკურატურაში რომ მივიდნენ, განცხადებასაც კი არ აწერინებდნენ - ეუბნებოდნენ, რომ ტექსტი მხოლოდ ქართულად უნდა დაეწერათ, მათ ენაზე კი არ იბარებდნენ. სანამ ორგანიზაცია "საფარი" არ იპოვეს, სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს ყველაფერი უკვე ტრეფიკინგის სახეს იღებს და ქალები უმძიმეს მდგომარეობაში ვარდებიან. ამიტომ ჩემი რაციონალური ნაწილი აცნობიერებს, რომ სრული აკრძალვა გამოსავალი არ არის, რაღაც სხვა ფორმაა მოსაფიქრებელი.

ჩემთვის პირადად, როგორც ქალისთვის და როგორც რეჟისორისთვის, მთავარი პრობლემა ქალის სხეულის ბიზნესად ქცევაა, დეჰუმანიზაცია და ორსულობის პროცესის ადამიანურობისგან დაცლა. ამ პროცესის ყურება მარტივი არ იყო, მძიმე გამოცდილება იყო, რამაც სამუდამო დაღი დამასვა. ამიტომ, ჩემი პირადი აზრი და სურვილია, ქალი მხოლოდ მაშინ ხდებოდეს სუროგატი დედა, თუკი ეს მისი არჩევანია და არა გამოუვალი მდგომარეობა.

- თქვენ აგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას?

- დიახ, ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებ. ახალი ფილმის გადაღებას აღარ ვაპირებ, თუმცა ძალიან გვინდა, რომ ამ ფილმს რაღაც შედეგი მოჰყვეს. შესაბამისად, ორგანიზაცია "საფართანაც" ვთანამშრომლობ და ვცდილობ, საერთაშორისო მედიის საშუალებით ხმა მივაწვდინო საზოგადოებას.

- თავდაპირველად, ფილმის გადაღების პროცესში - უშუალოდ ინფორმაციის მოძიებისას ან სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის დროს - რა გამოწვევები შეგხვდათ? რა იყო მთავარი სირთულე და დაბრკოლება, რაც ამ გზაზე ნახეთ?

- სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოს სტრუქტურებთან შეხება არ მქონია, რადგან ეს არ მჭირდებოდა. მეგონა, რომ დაბრკოლება სამშობიაროებსა და საავადმყოფოებში შესვლა იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. თავდაპირველად, სანამ ეს საკითხი სკანდალური და საერთაშორისო მასშტაბის გახდებოდა, თავად სააგენტოები და სამშობიაროები ამას ერთგვარ რეკლამად უყურებდნენ და ყველაფერს უფრო დადებითად აღიქვამდნენ, რადგან რეალურად პრობლემას ვერ ხედავდნენ. ამის გამო დაბრკოლება არ შემხვედრია და ყველგან შევდიოდი, თუმცა ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა. უკვე ხვდებიან, რომ არის საკითხები, რომლებზეც არ უნდა ილაპარაკონ.

- ფილმს როგორი გამოხმაურება აქვს?

- ფილმი არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგინეთ. პრემიერა 2025 წლის მარტში, კოპენჰაგენში, ფესტივალ "CPH:DOX"-ზე შედგა. სხვათა შორის, ფილმმა პირველივე ფესტივალზე ადამიანის უფლებების პრიზი მოიპოვა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის შემდეგ ფილმი 50-მდე საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, მათ შორის ორჯერ ამერიკაში, ასევე კანადის ძალიან პრესტიჟულ ფესტივალ HotDocs-ზე და კოლუმბიაში. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყავით, ზოგან - რამდენჯერმეც. მაგალითად, პოლონეთში ერთ კვირაში უკვე მესამედ აჩვენებენ. ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი პრიზიც მოიპოვა. თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა რეაქცია იმაზეც იყო დამოკიდებული, თუ რამდენად ახლოს დგას ესა თუ ის ქვეყანა ამ პრობლემასთან. ვინაიდან ფილმი დედა-შვილზეა, ვფიქრობ, მან ნებისმიერი ადამიანის გულამდე მიაღწია და ყველასთვის მარტივად გასაგები გახდა. ფილმი უშუალოდ სუროგაციაზე კი არ არის, არამედ დედა-შვილის ურთიერთობაზეა, სუროგაცია და მათი სოციალური მდგომარეობა კი უფრო კონტექსტს წარმოადგენს. ამიტომ, ძირითადად ყველგან ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა.

696687531-10242210978547956-718040338675321098-n-1782975576.jpg

ამ ფილმის გადაღებისას ეთიკურ საკითხებზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ეს ადამიანები, განსაკუთრებით ჟანა და შემდეგ მისი შვილიც, ელენეც, მზად იყვნენ, ჩემთან ბოლომდე გახსნილიყვნენ. მუდამ მქონდა იმის შიში, თუ როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი ელენეზე, რადგან ის მაშინ პატარა იყო. სულ ვდარდობდი, ფილმი რომ გამოვიდოდა, რა მოხდებოდა. დღეს კი გახარებული ვარ, რადგან ამ ფილმმა მათზე დადებითი გავლენა მოახდინა - როგორც ელენეს პიროვნულ განვითარებაზე, ისე ჟანასა და მათ ურთიერთობაზე. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს შეგრძნება, რომ ფილმზე მუშაობის პროცესში სამივემ ბეწვის ხიდზე გავიარეთ.

თამარ იაკობაშვილი

ბავშვი სუროგაციით იქნება დაბადებული, ხელოვნური განაყოფიერებით თუ ბუნებრივად, ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ... - რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან
სუროგაციით დაბადებული, დედის გარეშე გაზრდილი ჩემპიონი, რომელმაც მამა დაითხოვა და საკუთარ კარიერას თავად აკონტროლებს:: ვერავინ მიკარნახებს, რა შეიძლება და რა - არა
ციხიდან ახალგამოსულმა ბათუმში მცხოვრებმა თურქმა მილიონერმა 22 შვილთან ერთად აღნიშნა ახალი წელი (ვიდეო)