ჩვენი დედები პირადი ისტორიების, ოცნებებისა და განცდების მთელ სამყაროს ინახავენ, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, ვერასდროს შევიტყოთ, თუ დროულად არ ვკითხავთ.
ხშირად გვგონია, რომ დედებზე ყველაფერი ვიცით. თუმცა, როდესაც წლების შემდეგ შვილები მათი ნივთების, ძველი ფოტოებისა თუ სამკაულების გადარჩევას იწყებენ, აღმოაჩენენ ხოლმე, რამდენად ცოტა იცოდნენ დედის ახალგაზრდობაზე, მის გატაცებებზე, გემოვნებასა და იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც ის მარტო იდგა. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობლების ცხოვრებისადმი გაცნობიერებული ინტერესი საგრძნობლად აძლიერებს ოჯახურ კავშირებს. როდესაც დედას აღიქვამთ არა მხოლოდ მშობლად, არამედ საკუთარი ისტორიის მქონე ადამიანად, ურთიერთობის ხარისხი სრულიად იცვლება.
გთავაზობთ 40 კითხვას, რომლებიც დაგეხმარებათ დედასთან სრულიად ახალი კავშირის დამყარებაში. რა თქმა უნდა, ინტერვიუს არ უნდა დაემსგავსოს ეს საუბარი. სხვადსხვა დროს შეურჩიეთ შესაფერისი მომენტი და დაუსვით ეს შეკითხვები.
რომელი ადრეული მოგონება შემოგრჩა ყველაზე მკაფიოდ?
როგორი ურთიერთობა გქონდა საკუთარ მშობლებთან?
ვინ გინდოდა ყოფილიყავი ბავშვობაში და რატომ განვითარდა ცხოვრება სხვანაირად?
რა გეადვილებოდა სკოლაში ყველაზე მეტად და რა იყო ნამდვილი ტანჯვა?
მშობლების რომელმა გადაწყვეტილებამ მოახდინა შენზე ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვი — ამას ჩემს ცხოვრებაში არ გავიმეორებო?
ვინ იყო შენი საუკეთესო მეგობარი ბავშვობაში და თუ ურთიერთობთ დღემდე?
რა იყო შენი ახალგაზრდობის ყველაზე დიდი უსიამოვნება ან შეცდომა?
რომელი დღე გახსენდება ბავშვობიდან ყველაზე ბედნიერად?
რამდენი სერიოზული ურთიერთობა გქონდა მანამ, სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებდი?
რომელი დაშორება გადაიტანე ყველაზე რთულად?
როდის მიხვდი, რომ მზად იყავი ოჯახის შესაქმნელად?
როდის იგრძენი, რომ მზად იყავი დედობისთვის?
რა იყო შენი და მამას ყველაზე სერიოზული კამათი?
თუ არსებობს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კეთილი განზრახვით მიიღე, მაგრამ დღემდე ნანობ?
როგორი იყო დღე, როდესაც მე მოვავლინე ამ ქვეყანას?
რამ გაგაკვირვა ყველაზე მეტად დედობის პირველ წელს?
ყოფილა მომენტი, როცა ჩემგან ყველაზე მეტად გეტკინა გული ან გაგიცრუვდა იმედი?
რა აღმოჩნდა შვილების აღზრდაში სხვანაირი, ვიდრე წარმოგედგინა?
რა არის შენი მთავარი სურვილი შენი შვილების მომავლისთვის?
რამეს შეცვლიდი ჩემი აღზრდის მეთოდებში, ახლა რომ შეგეძლოს?
სამუშაო შენთვის სიხარულის წყარო იყო თუ უბრალო აუცილებლობა?
არსებობდა საქმე, რომლითაც გატაცებული იყავი, მაგრამ დაწყება ვერ გაბედე?
როგორ პოულობდი ბალანსს ოჯახსა და საკუთარ თავს შორის?
რით ამაყობ ყველაზე მეტად შენს პროფესიულ ცხოვრებაში?
ყოფილა მომენტი, რომელმაც სამყაროზე შენი შეხედულება სრულად შეცვალა?
ვინ იყო შენი მთავარი ორიენტირი ცხოვრებაში მაშინ და ვინ არის ახლა?
რით ჰგავს დღევანდელი დრო იმას, რაც ახალგაზრდობაში წარმოგედგინა და რით გაკვირვებს?
არსებობს ჩვენს ოჯახში მემკვიდრეობითი დაავადებები, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდე?
გქონია ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებზეც არასდროს გითქვამს?
როდის იყავი საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში და რა გეხმარებოდა მის შენარჩუნებაში?
რომელი მოგზაურობა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
რომელი ფოტოა შენი ყველაზე საყვარელი?
არსებობს ოცნება, რომლის ასრულებაზეც ხელი ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევია?
როგორ ხედავ შენს ცხოვრებას 10-15 წლის შემდეგ?
რა გინდა, რომ ადამიანებს შენ შესახებ ყოველთვის ახსოვდეთ?
რას ეტყოდი საკუთარ თავს 20, 30 და 40 წლის ასაკში?
ზოგიერთი პასუხი შეიძლება მოულოდნელი, ემოციური ან მტკივნეულიც კი აღმოჩნდეს — ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ნამდვილი სიახლოვე იდეალურ ისტორიებზე კი არა, გულწრფელობასა და ადამიანის ისეთად მიღებაზე შენდება, როგორიც არის — თავისი შეცდომებითა და შიშებით. ჩაიწერეთ ეს პასუხები, რადგან წლების შემდეგ ეს სიტყვები ფასდაუდებელ განძად იქცევა. გახსოვდეთ, ამ კითხვების დასმით დედას ყველაზე მნიშვნელოვან რამეს ჩუქნით — შესაძლებლობას, თავუსი შინაგანი სამყარო შვილს გაუზიაროს.