ყველა ბავშვი თანდაყოლილი მათემატიკური ნიჭით იბადება - ახალი აღმოჩენა, რომელიც მომავალში მათემატიკის სწავლებაში გარდატეხას შეიტანს - მშობლები

ყველა ბავშვი თანდაყოლილი მათემატიკური ნიჭით იბადება - ახალი აღმოჩენა, რომელიც მომავალში მათემატიკის სწავლებაში გარდატეხას შეიტანს

2026-07-03 09:20:11+04:00

ხშირად ფიქრობენ, რომ მათემატიკის სწავლა მაშინ იწყება, როცა ბავშვი ციფრების ცნობასა და თვლას ისწავლის. თუმცა, ბოლო სამეცნიერო აღმოჩენა ამ წარმოდგენას სრულიად ცვლის და ყველა მშობლისთვის საოცარ სიახლეს აჟღერებს: თქვენი შვილი სამყაროს მზა „მათემატიკური ინსტინქტით“ ევლინება და ციფრებს შორის სხვაობას დაბადებიდან პირველივე საათებში გრძნობს. ტრენტოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ადამიანის ტვინში პირველად გამოავლინეს ის ნეირონული მექანიზმები, რომლებიც ახალშობილებში რიცხვის ამ თანდაყოლილ შეგრძნებას განაპირობებს. კვლევის შედეგები პრეპრინტების სერვერზე bioRxiv გამოქვეყნდა და მან უკვე მიიპყრო ბავშვის ფსიქოლოგიითა და ნეირომეცნიერებით დაინტერესებული პირების ყურადღება.

როგორ ჩატარდა ექსპერიმენტი

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 21 ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში. მეცნიერები ბავშვების ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრაფიის მეშვეობით არეგისტრირებდნენ. კვლევის მიმდინარეობისას ჩვილებს ასმენინებდნენ ოთხი ან თორმეტი მარცვლისგან შემდგარ განმეორებად ჯგუფებს და პარალელურად აჩვენებდნენ გამოსახულებებს, რომლებზეც შესაბამისად ოთხი ან თორმეტი წერტილი იყო გამოსახული.

ანალიზმა აჩვენა, რომ როდესაც მოსმენილი მარცვლებისა და დანახული წერტილების რაოდენობა ერთმანეთს ემთხვეოდა, ტვინის საფეთქელ-თხემის არეში აქტივობა კლებულობდა. ეს ეფექტი, რომელიც განმეორების ჩახშობის სახელითაა ცნობილი, დამახასიათებელია ზრდასრული ადამიანის ტვინისთვისაც, რადგან ნაცნობი სტიმულების დამუშავება ნაკლებ რესურსს მოითხოვს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მარცვლებისა და წერტილების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ნეირონული აქტივობა იზრდებოდა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვილის ტვინს შეუძლია აღიქვას და ამოიცნოს რაოდენობრივი სხვაობები.

რას ნიშნავს ეს აღმოჩენა

ძალიან მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვის ტვინი ალაპარაკების და სპეციალური სწავლების გარეშეც მშვენივრად ხვდება, სად მეტი წერტილი ან ხმაა და სად — ნაკლები. ეს ექსპერიმენტი პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ რაოდენობის შეფასების უნარი საერთოდ არ არის დამოკიდებული შემდგომ განათლებაზე — ის ჩვენში დაბადებიდანვე არსებობს.

ამ უნარს შესაძლოა მნიშვნელოვანი ევოლუციური დატვირთვა ჰქონოდა, რადგან ის ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს პოტენციური საფრთხეებისა თუ საკვების წყაროების სწრაფ შეფასებაში. გარდა ამისა, მიღებული მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ადრეულ ასაკში რიცხვის შეგრძნების განვითარების დონე მჭიდრო კავშირშია ბავშვის მომავალ მათემატიკურ შესაძლებლობებთან.

რას ნიშნავს ეს აღმოჩენა მშობლებისთვის

პირველ რიგში, ეს აღმოჩენა მშობლებს ეხმარება უფრო მეტად ენდონ ბავშვის ბუნებრივ პოტენციალს. თქვენი შვილი არ არის ცარიელი ფურცელი, რომელსაც ყველაფერი ნულიდან უნდა ასწავლოთ, მას უკვე აქვს თანდაყოლილი ნეირონული ბაზა. ამასთან, მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადრეულ ასაკში მათემატიკური აზროვნების სტიმულირება არ გულისხმობს ციფრების ზეპირებას. რადგან ტვინი რაოდენობებს დაბადებიდანვე აღიქვამს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ელემენტარული, თამაშით მიწოდებული ინფორმაციაც კი (მაგალითად, სათამაშოების ან კუბების შედარება, დათვლა და დაჯგუფება) მის ბუნებრივ ნიჭს შესანიშნავად ავითარებს.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული სარგებელი მომავალი სირთულეების ადრეულ პრევენციაში მდგომარეობს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალშობილებში რაოდენობის აღქმის ნეირონული მექანიზმების შესწავლა პერსპექტივაში დაგვეხმარება დისკალკულიის, ანუ მათემატიკური უნარების ათვისების დარღვევის ადრეული ბიომარკერების შექმნაში. ტვინის იმპულსებზე დაკვირვების ეს მეთოდი მომავალში მშობლებს მისცემს შანსს, ძალიან ადრეულ ასაკშივე შენიშნონ შესაძლო რისკები და შვილს დახმარება დროულად, სკოლის სტრესულ პერიოდამდე გაუწიონ.

როცა ბავშვს მათემატიკა უჭირს - მეცნიერებმა ზუსტი მიზეზი იპოვეს და მშობლებს ყველაზე სწორ მეთოდს სთავაზობენ
მათემატიკას არა თეორიულად, არამედ მექანიკური დამახსოვრებით ვასწავლით, რაც აბსურდი და წარმოუდგენელია... მთავარი შეცდომა არის დუმილი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ხდება