ზაფხულის საკითხავი აი ეს არის! - „პალიტრა L“ ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - მშობლები

ზაფხულის საკითხავი აი ეს არის! - „პალიტრა L“ ლიტერატურულ ტურნეს იწყებს

2026-07-03 14:45:46+04:00

„პალიტრა L-ის“ ლიტერატურული ტურნე ერთი თვის განმავლობაში 10-ზე მეტ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში თანამედროვე ქართველ ავტორებსა და უამრავ მკითხველს გააერთიანებს. მიმდინარე ზაფხულს გამომცემლობა ესტუმრება: ახმეტას, ლაგოდეხს, საგარეჯოს, წნორს, გორს, ყაზბეგს, მესტიას, ახალციხეს, ხაშურს, ბაღდათსა და წყალტუბოს.

ზაფხული ის სეზონია, როცა ყველაფერი ღია სივრცეში ინაცვლებს ზღვაზე, მთაში, ეზოებსა და ტყეებში, ამიტომ გამომცემლობა „პალიტრა L“ აღარ ელოდება, მკითხველს წიგნის მაღაზიებში და თავად მივა ყველგან, სადაც მკითხველია.

„ზაფხული შენი საკითხავი სეზონია და ამ სეზონზე შენი გამომცემლობა შენთან მოდის, ზაფხული - აი ეს არის კითხვის დრო და ჩვენს წიგნებში ყოველი გვერდი ახალი თავგადასავალია. მოემზადე სიახლეებისთვის. საკითხავს ყველგან იპოვი, ვინც უნდა იყო და სადაც უნდა იყო, შენი საკითხავი მალე შენს ქალაქში მოვა“ - ასეთია წლევანდელი ლიტერატურული ტურნეს მთავარი სათქმელი.

მიმდინარე წელს ტურნეს პროგრამა რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს:

ლექციების ციკლი „გადავიკითხოთ“

ცნობილი მწერლები და ლიტერატორები კლასიკურ ნაწარმოებებს ახალი, თანამედროვე ხედვით წარადგენენ. მკითხველს ელოდება საჯარო ლექციების ციკლი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული სერით „გადავიკითხოთ“ შესახებ. ის აერთიანებს ლიტერატურულ შედევრებს, რომლებიც უკვე არაერთხელ წაგვიკითხავს, გვისწავლია სკოლასა თუ უნივერსიტეტში, მაგრამ ხელახლა გადაკითხვასა და გააზრებას საჭიროებს.

შეხვედრების ციკლი „ქალების კალმით“

სერია „ქალების კალმით“ აერთიანებს გამორჩეული ბიოგრაფიის, წერის სტილისა და იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს და საკუთარი ეპოქის ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოეხმაურნენ. სერიაში სიმონ დე ბოვუარი, სელმა ლაგერლოფი, სილვია პლათი, ელიფ შაფაქი, საფო მგელაძე, ეკატერინე გაბაშვილი, აგათა კრისტი და სხვა ავტორები ერთიანდებიან ერთი გამაერთიანებელი ძახილით: უნიკალური ქალური ხმა ლიტერატურაში, რომელიც სხვადასხვა დროსა და სივრცეში ებრძოდა ქალთა წინააღმდეგ არსებულ უსამართლობას.

ტურნეს ფარგლებში „ქალების კალმის“ შეხვედრების ციკლში თანამედროვე ქალი ავტორები, მთარგმნელები და რედაქტორები ერთის მხრივ, ისაუბრებენ სერიის წიგნებსა და ავტორებზე, პირად ლიტერატურულ გამოცდილებასა და ამავდროულად წარადგენენ საკუთარ წიგნებსა და თარგმანებს.

სკრიპტორიუმი - ვორქშოპები წერის მოყვარულებისთვის

ლიტერატურისა და წერის მოყვარულებისთვის ტურნეს ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოპები სერია „სკრიპტორიუმის“ ფარგლებში. ვორქშოპებს ჩაატარებენ მწერლები, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ ამბის თხრობის, სიუჟეტის შექმნისა და პირადი სტილის ძიების გამოცდილებას. ეს შეხვედრები განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც წერა და ლიტერატურა უყვარს.

„პალიტრა სტუდია“ ბავშვებისთვის

ტურნეს ყოველ გაჩერებაზე ბავშვებს ელოდებათ „პალიტრა სტუდიას“ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, საყვარელი პერსონაჟების თემატიკით შექმნილი ინტერაქციული თამაშები, ხელნაკეთი ნივთები, გასაფერადებლები და რაც მთავარია, შეხვედრები თანამედროვე საბავშვო მწერლებთან.

ტურნეს ფარგლებში „პალიტრა L“ მკითხველს განსაკუთრებულ შეთავაზებებსაც უმზადებს:

  • ბოლო ეგზემპლარის აქცია - შეზღუდული რაოდენობის გამოცემები განსაკუთრებულ ფასად;
  • გადაიხადე, რამდენიც გინდა — შერჩეულ წიგნებზე ფასს თავად მკითხველი განსაზღვრავს;
  • 3 წიგნი 10 ლარად — სამი საყვარელი წიგნი მხოლოდ 10 ლარად, საუკეთესო შესაძლებლობა ბიბლიოთეკის შესავსებად.

თითოეული ქალაქისა თუ სოფლის ვიზიტის ზუსტი განრიგი ეტაპობრივად გამოქვეყნდება გამომცემლობის ვებგვერდზე.

R