ამერიკაში სულ ახლახან გახსნილმა საზარელმა დანაშაულმა მსოფლიო მოიცვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი შემთხვევაა, რომელიც აშშ-ში ბოლო წლებში გახმაურდა.
საქმე მოხდა ოჰაიოს შტატის პატარა დასახლებაში, ჰამდენში. პოლიცია თავდაპირველად სხვა გამოძიების ფარგლებში მივიდა სოფლის განაპირას მდებარე, იზოლირებულ, პატარა სახლში, თუმცა იქ სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა 16 ბავშვი, რომლებიც უკიდურესად მძიმე პირობებში "ცხოვრობდნენ".
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 30 ივნისს სამართალდამცველები სახლში სხვა საქმეზე მივიდნენ ჩხრეკის ორდერით და საერთოდ არ ელოდნენ, რომ სახლში 16 ბავშვი დახვდებოდათ.
ბავშვების ასაკი 18 თვიდან 18 წლამდე იყო. გამომძიებლების თქმით, როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ისინი წლების განმავლობაში (მინიმუმ 4 წელი) მუდმივად ერთ, დაახლოებით დაახლოებით 3.6×3.6 მ ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი. მთელ სახლში იყო ადამიანის ფეკალიები, ნაგავი, ბაქტერიებით დაბინძურებული გარემო და სიცოცხლისთვის საშიში ანტისანიტარია. სუნი იმდენად ძლიერი იყო, რომ სპეციალური ნიღბებით მუშაობდნენ; ზოგიერთი ადგილი ნაგვის გამო მიუწვდომელი იყო;
რამდენიმე ბავშვს ჰქონდა განვითარების მძიმე შეფერხება. ოფიციალური პირების განცხადებით, ზოგი საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, ხოლო ყველაზე უფროსს, 18 წლის გოგონას, საკუთარი სახელის დაწერაც კი არ შეეძლო.
შვიდი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი ვერტმფრენით სპეციალიზებულ ტრავმატოლოგიურ ცენტრში, ხოლო ერთ-ერთი რეანიმაციაში აღმოჩნდა...
დაკავებულია ოთხი ზრდასრული: ბავშვების დედა, მამა, ბებია და ბაბუა. გერი საიდერს უფროსი – 73 წლის; კრისტინა საიდერსი – 67 წლის; მათი ვაჟი და ბავშვების მამა - 36 წლისგერი საიდერს უმცროსი და ბავშვების დედა, 33 წლის ელიზაბეთ საიდერსი.

მათ წარდგენილი აქვთ ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების არაერთი ბრალდება. სასამართლოში თავი უდანაშაულოდ ცნეს. გამოძიება გრძელდება და შესაძლოა დამატებითი ბრალდებებიც დაემატოთ. თუმცა პროკურატურამ სპეციალურად აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქმე ადამიანებით ვაჭრობას არ უკავშირდება. ხელისუფლების შეფასებით, ეს იყო ხანგრძლივი, ოჯახური ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევა. ოჰაიოს გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც კარიერის განმავლობაში უნახავს, და რომ თუ სამართალდამცველები კიდევ დაახლოებით 24 საათით დააგვიანებდნენ, დიდი ალბათობით ერთ ან რამდენიმე ბავშვს ვერც გადაარჩენდნენ.
ამჟამად 16-ვე ბავშვი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება და მათ უწევენ სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას.
ჯერჯერობით ზუსტდება, 16-ივე (მათ შორის სამი წყვილი ტყუპი) ცოლ-ქმრის ბიოლოგიური შვილია თუ არა და სოციალურ ქსელში იმაზეც საუბრობენ, რომ ბავშვების დედაც შესაძლოა მსხვერპლი იყოს და სავარაუდოდ, მას ძალიან ადრეულ ასაკში ჰყავს ბავშვი გაჩენილი, თუ ყველაზე უფროსი, 18 წლის გადარჩენილი, მისი ბიოლოგიური შვილია... თუმცა ეს ჯერჯერობით ვერსიებია,ამ ეტაპზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ყველა დეტალი ცნობილი არ არის.

ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვაა და პასუხი ჯერ არ არსებობს.
რაც უკვე ცნობილია: ოჯახი წლების განმავლობაში სხვადასხვა ოლქში გადადიოდა საცხოვრებლად. ბავშვები სკოლაში არასოდეს დაურეგისტრირებიათ; არც მასწავლებლებს და არც სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მათთან შეხება თითქმის არ ჰქონდათ კონტაქტი ექიმებთან ან სახელმწიფო უწყებებთან; მეზობლებს არც კი სცოდნიათ, რომ სახლში ამდენი ბავშვი ცხოვრობდა.
ანუ ოჯახი შეგნებულად ცხოვრობდა სრულ იზოლაციაში. გამომძიებლებს ჯერ არ უთქვამთ, ეს გამოწვეული იყო რელიგიური შეხედულებებით, ფსიქიკური პრობლემებით, კონტროლის სურვილით თუ სხვა მიზეზით.
ძალიან ბევრს აინტერესებს, რატომ არ ჩაერივნენ ექიმები ან სამშობიაროები, რადგან ამდენი ბავშვის დაბადებას სამედიცინო კონტაქტი უნდა მოჰყოლოდა. ამაზე გამოძიებას ჯერ პასუხი არ აქვს. არც ის არის ცნობილი, ყველა ბავშვი საავადმყოფოში დაიბადა თუ არა, ან როგორ წყდებოდა მათი სამედიცინო მომსახურების საკითხი. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ძიების საქმეა.
