„მივფრინავ!“ - ეს ყოფილა მიხეილ ხერგიანის უკანასკნელი შეძახილი... იცოდა, მისი ბედი გადაწყვეტილი იყო და ამ შეძახილით კლდეზე შერჩენილ თანამეწყვილეს აფრთხილებდა..." - "კლდის ვეფხვის" უკანასკნელი გზა - მშობლები
გეოლოგიის დოქტორი, მკვლევარი და ჟურნალისტი, ქართული მთამსვლელობის მემატიანე ივანე ჯაფარიძე ლეგენდარულ ქართველ მთამსვლელს, "კლდის ვეფხვად" წოდებულ მიხეილ ხერგიანს (დ. 23 ან 25 მარტი, 1932, მესტია — გ. 4 ივლისი, 1969, მწვერვალი სუ-ალტო, იტალია) იხსენებს.
მიხეილ ხერგიანის ხსოვნა
1969 წლის 4 ივლისს შემზარავი ცნობა მოვიდა თბილისში. იტალიაში, დოლომიტის ალპებში, მწვერვალ სუალტოზე ასვლისას დაიღუპა ქართული ალპინიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელი, მსოფლიოში „კლდის ვეფხვის“ სახელით ცნობილი მიხეილ ხერგიანი.
მიხეილ ხერგიანის სახელთან ქართული მთამსვლელობის ლეგენდარული ფურცლებია დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია და ბევრისათვის უცხოა ის განცდა, რაც მწვერვალზე ასვლისას ეუფლება მთამსვლელს, მაგრამ მიხეილ ხერგიანმა, კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატმა, მოახერხა, გასაგები და თვალსაჩინო გაეხადა მაყურებლისათვის მთაზე სვლის ტექნიკა და ის დაუოკებელი ჟინი, რაც მთასთან შეჭიდებულ ადამიანს გააჩნია.
მთელი საქართველო შეძრა ამ მოულოდნელმა ტრაგედიამ...
სვანეთი საყოველთაო გლოვამ მოიცვა...
ლაღამში, ხერგიანების სახლისაკენ ზღვა ხალხმა იწყო დენა საქართველოს ყველა კუთხიდან. ხალხში იგრძნობოდა ბოლომდე გაუცნობიერებელი ტრაგედიის სიმძაფრე, ისინი ვერ შეგუებოდნენ აზრს, რომ შესაძლებელი იყო სიკვდილზე მრავალჯერ გამარჯვებული მთამსვლელისათვის ბედისწერას ასე უღვთოდ ემუხთლა.
ჩვეულებრივ, მოკვდავთა ყოველდღიური ცხოვრება, შეუცნობლად თუ ქვეშეცნეულად, სიკვდილისაგან განრიდებისა და გაქცევის ცდაა, მიხეილ ხერგიანი კი სიკვდილს პირისპირ შებმულიც არ უკრთოდა. მიხეილის სწრაფა მთებისაკენ, სურვილი მათთან ორთაბრძოლისა, არ იყო აღებული მწვერვალის დათრგუნვისა და დამდაბლების ჟინი, პირიქით - მისი მისწრაფება საზრდოობდა სურვილით, თვითონვე ამაღლებულიყო ამ მთათა სიმაღლეებამდე.
„ბედნიერია ის, ვინც სიკვდილით სიკვდილს ამარცხებს“-ო - უთქვამს გიორგი შატბერაშვილს და ეს გამონათქვამი მიხეილ ხერგიანის ცხოვრებას ყველაზე მეტად მიესადაგება.
გმირების მშობელი - ერია, ხოლო გმირის ცხოვრება ერის სულიერ მისწრაფებებს გამოხატავს. მიხეილ ხერგიანი თავისი ერის ღირსეული შვილი იყო და მის ღირსებას ემსახურა მთელი სიცოცხლის მანძილზე.
„მივფრინავ!“ - ასეთი ყოფილა მიხეილ ხერგიანის უკანასკნელი შეძახილი. მან იცოდა, რომ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ამ შეძახილით იგი აფრთხილებდა კლდეზე შერჩენილ თანამეწყვილეს თავდაცვისათვის საჭირო ზომები მიეღო, რათა მისი ბედი არ გაეზიარებინა.
მთაში ბევრი მოულოდნელობა ხდება. ამ მოულოდნელობის ფინალი, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლად გაღებული სიცოცხლეა.
„ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია!“ - როგორც წინასწარმეტყველება, ისე აუხდა ამ სიტყვებით გამოხატული ტრაგიკული ჭეშმარიტება უდროოდ დაღუპულ გურამ თიკანაძესაც.
უკვე მომხდარი მარცხის შემდეგ, საზოგადოების ერთი ნაწილი მიზეზის საფუძველს ეძებს და ცდილობს ახსნა მოუძებნოს მას. ასეთ დროს ჩნდება ეჭვი, უნდობლობა, უკმარისობის განცდა მომხდარი მოვლენის მიმართ. ამჯერადაც ვერ შეგუებოდა აზრი მიხეილ ხერგიანის დაღუპვას, რომელიც სიკვდილთან ჭიდილში მუდამ იმარჯვებდა.
ალპინიზმი მამაცთა სპორტია და მას მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულები ეზიარებიან. მთებთან ჭიდილში დაღუპული მთამსვლელის ცხოვრების შეფასების კრიტერიუმად, მისი განვლილი სიცოცხლის გზაზე მიღწეული გამარჯვებები განიხილება და არა სიკვდილის მიზეზები.
სვანების ცხოვრებაში დამკვიდრებული წესისა და ადათის კვალად, მთაში დაღუპული ყოველი მთამსვლელის გლოვის ჟამს, პატივს მიაგებენ მანამადე დაღუპული ყველა მთამსვლელის ხსოვნას. დრო საუკუნოდ ინახავს და შარავანდედით მოსავს მათ სახელებს, ვინც სიკვდილს სიკვდილითვე ამარცხებს.
ამიტომაც იქმნება ლეგენდები მათზე, ვინც მარადისობას უერთდება უკანასკნელი შეძახილით: - „მივფრინავ!“.
ამიტომაც დარჩა მიხეილ ხერგიანი ხალხის ხსოვნაში ლეგენდად...
სამწუხაროა, რომ ქართველ მთამსვლელთა დღევანდელი თაობა ვერ მოესწრო მიხეილ ხერგიანს. მისი მოღვაწეობის შესახებ, მათ, მხოლოდ წიგნებიდან და მიხეილის თანამედროვეთა მონათხრობიდან იციან, მაგრამ, როგორც კი მის მიერ გავლილ მარშრუტებზე მოსინჯეს საკუთარი ძალა, მათთვის გასაგები გახდა მიხეილ ხერგიანის პიროვნება _ რა ძალისა და მონაცემების მქონე მთამსვლელი იყო იგი, ხოლო მისი ასვლების ტემპი და რიტმი დღემდე განცვიფრებას იწვევს ახალგაზრდებში.
დიდი დრო გავიდა მიხეილის გარდაცვალებიდან...
საქართველოში მომხდარმა კატაკლიზმებმა, თითქოს გააფერმკრთალეს და დავიწყების ბურუსში გახვიეს ჭეშმარიტ გმირთა სახელები. მეშჩანური ცხოვრებისა და მომხვეჭელობისკენ ლტოლვამ, თითქოს წაშალა დიდებულ მამულიშვილთა ხსოვნა და ცხოვრების ავანსცენაზე საზოგადოებისათვის არც თუ მთლად მისაღები კატეგორიებით მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფები გამორეკა და წამოატივტივა, მაგრამ, საბედნიეროდ, ქართველთა მოდგმამ კარგად იცის უკვდავების ღირსი თანამოძმეების ფასი და მათ სახელებს არასოდეს ივიწყებს. ამ ღირსეულთა შორის ერთ_ერთი უპირველესი მიხეილ ხერგიანია.
ცხოვრების ლოგიკა ასეთია: თაობა მიდის, მოდის ახალი, რომელიც წინა თაობის ღვაწლისა და დამსახურების შემფასებელია. ამ შეფასებებსა და ანალიზში ახალი თაობის სახეც იკვეთება და თუ ოდნავ ჩავუღრმავდებით, უთუოდ დავინახავთ თაობათა შორის უწყვეტ სულიერ კავშირს. ეს კავშირი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მთამსვლელობაში, როცა თოკში ჩაბმულ წყვილთა ფიქრი ასაღებ მწვერვალს დასტრიალებს თავს, უწყვეტი კავშირის ფუნქცია კი რამდენიმე მეტრი სიგრძის თოკს აკისრია.
"თოკის გრძნობა, მთამსვლელთა მეექვსე გრძნობააო" - ამბობდა ლევან გოთუა, ხოლო "თოკის ენა" მხოლოდ მთამსვლელებს ესმით, მხოლოდ მათთვისაა იგი გასაგები და მეტყველი...
დაღუპულ მთამსვლელთა გახსენებას, ბუნებრივია, მუდამ ახლავს დიდი და მწვავე ტკივილი, მაგრამ აქვე ჩნდება მათ მიერ გავლილი ცხოვრების შთამბეჭდავი სურათების აღდგენისა და ხელახალი, გულისხმიერი გააზრების სურვილი.
იმედი მაქვს საქართველოში მოვა ახალი თაობა, რომლებიც გაიაზრებენ და პირუთვნელად შეაფასებენ დიდებული მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ჩვენ კი, ცოცხლად დარჩენილებს, ასაკით უკვე მიხეილზე უფროსებს, ისღა დაგვრჩენია, ვიდრე ვარსებობთ, მოვიგონოთ და პატივი მივაგოთ დიდი ქართველის ნათელ ხსოვნას.
ლეგენდარული მთამსვლელები - ალექსანდრა ჯაფარიძე და მიხეილ ხერგიანი