იწვევს თუ არა ნაყინი ყელის პრობლემებს და რამდენი ნაყინი უნდა ჭამოს ბავშვმა კვირის განმავლობაში - მშობლები

იწვევს თუ არა ნაყინი ყელის პრობლემებს და რამდენი ნაყინი უნდა ჭამოს ბავშვმა კვირის განმავლობაში

2026-07-07 15:08:05+04:00

ზაფხულში ბავშვების უმრავლესობა მზად არის ნაყინი ყოველდღე მიირთვას. ზოგიერთ მშობელს ის ჩვეულებრივ დესერტად მიაჩნია, სხვები კი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ნაყინი ხდება ხველის, ყელის ტკივილისა და გაციების მიზეზი. თუმცა, თანამედროვე სამედიცინო რეკომენდაციები გვიჩვენებს, რომ პრობლემა თავად ნაყინში არ არის.

საერთოდ, ბავშვისთვის ნაყინის მიცემა ნებადართულია, თუ ის უკვე გადასულია ჩვეულებრივ კვებაზე და არ აქვს რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, რძის ცილის ალერგია ან გარკვეული დაავადებები, რომელთა დროსაც ექიმი ტკბილის შეზღუდვას ითხოვს. მიუხედავად ამისა, ჯანმოს რეკომენდაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შაქრის შემცველი პროდუქტების მიცემა საერთოდ არ არის სასურველი. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები პატარებისთვის 2 წლამდე ჩვეულებრივ, ქარხნულ ნაყინს არ უწევენ რეკომენდაციას. ორი წლის შემდეგ კი ნაყინი შეიძლება გახდეს რაციონის ნაწილი, თუმცა ის ყოველდღიურ დესერტად მაინც არ უნდა იქცეს.

ხშირად ფიქრობენ, რომ საქმე მხოლოდ შაქარში არ არის და ბავშვი შეიძლება ცივი მასისგან დაავადდეს, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. დღეისათვის არ არსებობს არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ნაყინი ან ნებისმიერი სხვა ცივი საკვები თავისთავად იწვევს გაციებას. გაციების რეალური მიზეზი ვირუსებია და არა საკვების ტემპერატურა. ბავშვი რომ დაავადდეს, მას კონტაქტი უნდა ჰქონდეს ვირუსულ ინფექციასთან, თავისთავად ცივი ნაყინი კი ავადმყოფობის მიზეზი ვერ გახდება.

ნაყინის შეჭმის შემდეგ ბავშვმა შეიძლება მართლაც იგრძნოს ყელის ხანმოკლე ფხაჭნი ან მომატებული მგრძნობელობა, რაც ლორწოვანი გარსის ნორმალური რეაქციაა სიცივეზე და არ ნიშნავს, რომ გაციება დაიწყო. უფრო მეტიც, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ცივ პროდუქტებს, მსუბუქი გაუტკივარების ეფექტის ხარჯზე, ყელის ანთების დროს ტკივილის დროებით შემცირებაც კი შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ტონზილების ამოჭრის შემდეგ ბავშვებს ხშირად ურჩევენ ნაყინის ან სხვა ცივი, რბილი საკვების მიღებას, რადგან ეს ამცირებს დისკომფორტს და შეშუპებას. შესაბამისად, თუ ბავშვი ჯანმრთელია, ცხელ დღეს ნაყინით სეირნობა ავად გახდომის რისკს არ ზრდის და გაცილებით მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების პრევენციის ჩვეულებრივი წესების დაცვა.

თუ ნაყინის რაოდენობას ასაკის მიხედვით განვიხილავთ, თორმეტ თვემდე ასაკის ბავშვისთვის ჩვეულებრივი ნაყინის მიცემა საერთოდ არ არის რეკომენდებული. ამ პერიოდში კვება ძირითადად უნდა შედგებოდეს დედის რძის ან ფორმულისგან და ასაკის შესაბამისი დამატებითი კვებისგან, ქარხნული ნაყინი კი შეიცავს ჩვილისთვის სრულიად ზედმეტ შაქარს, საღებავებს, არომატიზატორებსა და სტაბილიზატორებს.

პირველი დაბადების დღის შემდეგაც კი, სპეციალისტები გვირჩევენ, ნუ ვიჩქარებთ ბავშვისთვის ნაყინის გაცნობას, რადგან ორ წლამდე პროდუქტებში დამატებული შაქრის სრულიად გამორიცხვა ჯობს. ამიტომ, ჩვეულებრივი პლომბირი, ესკიმომო თუ ქარხნული ხილის ყინული პატარებისთვის შესაფერისი დესერტი არ არის. თუ ზაფხულში ბავშვის ცივი პროდუქტით გამასპინძლება გსურთ, უკეთესი ალტერნატივაა ნატურალური იოგურტი შაქრის გარეშე, გაგრილებული ხილფაფა ან სახლში მომზადებული ხილის ყინული.

ორი წლის შემდეგ მკაცრი აკრძალვა აღარ არსებობს, თუმცა სწორედ ამ ასაკში ყალიბდება კვებითი ჩვევები, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, ტკბილეული ყოველდღიურ ტრადიციად არ ვაქციოთ. კონკრეტულად ნაყინისთვის ზუსტი ნორმა არ არსებობს, თუმცა აუცილებელია დღის განმავლობაში მიღებული დამატებული შაქრის საერთო რაოდენობის კონტროლი. თუ ბავშვმა ნაყინი შეჭამა, სასურველია, იმავე დღეს სხვა ტკბილეული შეუმციროთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის გონივრულ პორციად ითვლება პატარა ჭიქა ან სტანდარტული პორციის ნახევარი, განსაკუთრებით, თუ მან დღის განმავლობაში უკვე მიირთვა ორცხობილა, წვენი, ტკბილი იოგურტი ან კანფეტი.

სასკოლო ასაკში, 6-დან 11 წლამდე, ნაყინი უკვე თავისუფლად შეიძლება იყოს ჩვეულებრივი კვების ნაწილი, თუმცა შაქრის შეზღუდვის რეკომენდაცია ძალაში რჩება. სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის სასურველია დღე-ღამეში 25 გრამზე მეტი დამატებული შაქარი არ მიიღონ, რაც დაახლოებით ექვს ჩაის კოვზს უდრის. შედარებისთვის, ჩვეულებრივი 70-80 გრამიანი პლომბირი უკვე შეიცავს დაახლოებით 15-20 გრამ შაქარს, ხოლო ვაფლის ჭიქაში მოთავსებული ნაყინი ან შოკოლადის გლაზურიანი ვერსიები 20-დან 30 გრამამდე შაქარს. დიდი დესერტები სხვადასხვა სიროფით კიდევ უფრო მეტს შეიცავს. გამოდის, რომ ერთი დიდი ნაყინით ბავშვმა შესაძლოა პრაქტიკულად სრულად შეავსოს დამატებული შაქრის მთელი დღიური ლიმიტი.

მოზარდებისთვის, 11-დან 16 წლამდე, ასევე არ არის რეკომენდებული ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება. თუ ბავშვი სპორტითაა დაკავებული, ბევრს მოძრაობს და ზოგადად მრავალფეროვნად იკვებება, კვირაში რამდენიმე პორცია ნაყინი საპანიკო არ არის. თუმცა, თუ ტკბილეული — მათ შორის ნაყინი, ტკბილი სასმელები, შოკოლადი თუ ცომეული — ბავშვის ცხოვრებაში ყოველდღეა, შაქრის რაოდენობა სწრაფად აჭარბებს დასაშვებ ნორმას. სწორედ შაქრის რეგულარული ჭარბი მოხმარება, და არა თავად ნაყინი, უკავშირდება ჭარბი წონისა და კარიესის განვითარების მაღალ რისკს.

თუ ბავშვი ნაყინს ყოველდღე ითხოვს, მუდმივი კამათის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ნაყინი უფრო მსუბუქი ვარიანტებით ჩაანაცვლოთ, როგორიცაა ნატურალური სორბეტი შაქრის გარეშე, სახლში მომზადებული ხილის ყინული ხილფაფისგან, გაყინული უშაქრო იოგურტი, ან თუნდაც ბლენდერში ათქვეფილი და გაყინული ბანანი და კენკრა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წარწერა „შაქრის გარეშე“ ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტის მიღება შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება. ხილსა და კენკრაში არის ბუნებრივი შაქარი, თუმცა მათგან ბავშვი ასევე იღებს უჯრედისს, ვიტამინებსა და წყალს, რის გამოც ეს ვარიანტები საზაფხულო დესერტად ბევრად უკეთესია, ვიდრე ქარხნული პლომბირი ან სიროფიანი ნაყინები. ყიდვისას ყოველთვის ჯობია აირჩიოთ ისეთი შემადგენლობა, სადაც არ არის დამატებული შაქარი, სიროფები, ხელოვნური ტკბილმოვანები და დიდი რაოდენობით არომატიზატორები.

ნაყინზე საუბრისას მხოლოდ შაქარი როდია საყურადღებო — ცხიმიანობა (განსაკუთრებით ნაჯერი და ტრანსცხიმები) კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც ბავშვის კვებაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

რა უნდა ვიცოდეთ ნაყინის ცხიმებზე?

  • ნაჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა: ტრადიციული ნაყინი (განსაკუთრებით პლომბირი და ნაღების ნაყინი) მზადდება ცხიმიანი რძისგან, ნაღებისგან ან კარაქისგან. ეს ნიშნავს, რომ მასში დიდი რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმები. ბავშვის ორგანიზმისთვის გარკვეული რაოდენობით ჯანსაღი ცხიმი აუცილებელია (განსაკუთრებით ტვინის განვითარებისა და ენერგიისთვის), თუმცა ნაყინში მათი კონცენტრაცია ძალიან მაღალია, რაც ყოველდღიური მოხმარებისას ზედმეტ კალორიულ დატვირთვას ქმნის.

  • დამალული მცენარეული ცხიმები და ტრანსცხიმები: ეს ყველაზე საყურადღებო ნაწილია. იაფფასიან, მასობრივი წარმოების ქარხნულ ნაყინებში რძის ცხიმის ნაწილობრივ ან სრულად ჩასანაცვლებლად ხშირად იყენებენ იაფფასიან მცენარეულ ცხიმებს (მაგალითად, პალმის ან ჰიდროგენიზებულ ზეთებს). ჰიდროგენიზაციის პროცესში კი წარმოიქმნება ტრანსცხიმები, რომლებიც მავნეა როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვის გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და ნივთიერებათა ცვლისთვის.

  • კალორიულობა და დანაყრების ილუზია: შაქრისა და ცხიმის კომბინაცია ნაყინს ძალიან „მძიმე“, მაღალკალორიულ პროდუქტად აქცევს. ბავშვმა შეიძლება ერთი პორცია ნაყინით მიიღოს თითქმის სრულფასოვანი სადილის კალორიები, მაგრამ ამავდროულად ვერ მიიღოს საჭირო ვიტამინები, მინერალები და უჯრედისი. ეს ხშირად იწვევს „ცარიელი კალორიების“ ჭარბ მოხმარებას და მადას უფუჭებს ბავშვს ჯანსაღ საკვებზე.

თემურ მიქელაძე ნაყინის, მაცივრის წყლისა და წუწაობის შესახებ - რა არის მითი და რა - რეალური საფრთხე