“სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ბუნდოვანება დიდია. ჯერ ერთი, სახელმძღვანელოების წერა ისე დაიწყო, რომ საგნობრივი სტანდარტები დამტკიცებული და გასაჯაროებული არ იყო - ანუ ჯერ იწერება წიგნი, მერე მტკიცდება დოკუმენტი, რომელსაც ის უნდა ეფუძნებოდეს. დღეს მხოლოდ ყდებზე ვსაუბრობთ - ღვინის დაწურვასა და თავთავებზე, რადგან შინაარსი არავის უნახავს; მეორე - სამინისტრო ერთდროულად ხდება დამკვეთი, ავტორი და შემფასებელი, დამოუკიდებელი ხარისხის კონტროლი მთლიანად ქრება და ეს ინტერესთა კონფლიქტი სისტემაში მყარად ჩაშენდა; მესამე გამოწვევაა წიგნის შექმნის ვადები. სრულფასოვანი სახელმძღვანელო პილოტირებასა და ფუნდამენტურ გადამუშავებას მოითხოვს. ეს თვეებში ვერ გაკეთდება და ამას ირიბად თავად ხელისუფლებაც აღიარებს, რადგან სრული დანერგვა უკვე 2028-2029 წლამდე გადასწიეს”, - აცხადებს განათლების ექსპერტი ნათია გორგაძე გაზეთ“კვირის პალიტრისთვის”მიცემულ ინტერვიუში სათაურითგაზრდის თუ არა განათლების ხარისხს სკოლებში ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი?!
“რა შეიძლება გაუარესდეს? 1. ოცწლიანი საგამომცემლო და საავტორო გამოცდილება, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ისპობა და მის აღდგენას წლები დასჭირდება; 2. მასწავლებლის პროფესიული ავტონომია, რომელიც ერთადერთი სავალდებულო წიგნის გამო კიდევ უფრო ვიწროვდება; 3. როდესაც სახელმწიფო ერთადერთი სახელმძღვანელოს ავტორია და იმავდროულად, საჯაროდ აცხადებს ღირებულებით მიზანს, ეს შინაარსის პოლიტიზაციის რისკის შემცველია. ცალკე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ და როდის მოხდება ამ წიგნების ადაპტირება არაქართულენოვანი სკოლებისთვის? ვიცით, რომ ამ კუთხით დაგვიანება ისედაც ქრონიკულია... თუ შევაჯამებთ, სამინისტრომ რეალურად არსებულ მწვავე პრობლემას ადმინისტრაციულად ყველაზე მარტივი, მაგრამ პედაგოგიურად ყველაზე სარისკო ინსტრუმენტით უპასუხა... ყდა ბავშვისთვის წიგნთან პირველი შეხების წერტილია და თუ ის მეცნიერებას, ნაცნობ ქართულ კონტექსტს დაუკავშირებს, მაგალითად, ღვინის დაწურვას, ეს კარგი მესიჯია. ამან შესაძლოა საგანთან ემოციური კავშირი და სწავლის მოტივაციაც კი გააჩინოს, თუმცა მაშინ, თუ ეს ვიზუალი შინაარსშიც გაგრძელდება ავთენტური, საინტერესო, რელევანტური ქართული მაგალითებით, ქართველი მეცნიერების ისტორიებით... თუ ყდის მიღმა თანამედროვე, ხარისხიანი შინაარსი დგას, ეს კარგი დამატებაა, თუ არა, ვიზუალი პედაგოგიკას ვერ ჩაანაცვლებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნათია გორგაძე.
“ევროპაში ერთი სავალდებულო სახელმძღვანელოს პრინციპი უფრო გამონაკლისია და არა წესი. უნგრეთში კი 2013 წლიდან სახელმძღვანელოების ბაზარი ეტაპობრივად სახელმწიფოს სრულად დაექვემდებარა. შედეგად, ხარისხის ვარდნაზე მუდმივად არის პრეტენზიები და შინაარსის პოლიტიზებაზე ბრალდებები. პოლონეთში 2014 წელს შემოიტანეს სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელო რომელსაც მოჰყვა სერიოზული აკადემიური კრიტიკა. მეორე მხრივ, არიან ქვეყნები, რომელთა შედეგებით აღფრთოვანებული ვართ. ფინეთმა სახელმძღვანელოების წინასწარი დამტკიცებაც კი გააუქმა 90-იანებში; ესტონეთში რამდენიმე ალტერნატივაა და არჩევანს სკოლა აკეთებს. თანამიმდევრულობას კი ქმნის მკაფიო სტანდარტი, ძლიერი მასწავლებელი და არა ერთი წიგნი.. რუსეთი ყველაზე საგულისხმო პარალელია. 2013 წლიდან პუტინის ინიციატივით დაიწყო “ერთიანი ისტორიის სახელმძღვანელოს” პროექტი. 2023 წლიდან უკვე ერთი სახელმწიფო ისტორიის სახელმძღვანელო შევიდა, სადაც უკრაინის ომი “იძულებით ნაბიჯად” არის მოხსენიებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ლოგიკა მსგავსია - ერთიანობა, ეროვნული ღირებულებები, “სწორი” ნარატივი. შედეგად, სახელმძღვანელო პედაგოგიური ინსტრუმენტიდან იდეოლოგიურ ინსტრუმენტად გადაიქცა, ბაზარი კი ერთ, სახელმწიფოსთან დაახლოებულ გამომცემლობაზე ფოკუსირდა. ყველაზე ხშირად მოჰყავთ არგუმენტად აზიის “ვეფხვი” ქვეყნების და იაპონიის მაგალითი და ყველაზე ხშირად არასწორად. სინგაპურში სახელმწიფო წიგნებს არ წერს. არსებობს განათლების სამინისტროს დამტკიცებული ნუსხა, რომლიდანაც სკოლა ირჩევს, ხოლო ხარისხს ქმნის უმკაცრესი სტანდარტი და მასწავლებელთა ელიტური მომზადება. იაპონიაში კერძო გამომცემლობების მრავალი წიგნი გადის სახელმწიფო ექსპერტიზას და არჩევანს ადგილობრივი საბჭოები აკეთებენ. სამხრეთ კორეაში 2015 წელს პაკ კუნ-ჰეს მთავრობამ სცადა ისტორიაში ერთიანი სახელმწიფო სახელმძღვანელოს დაბრუნება “სწორი ისტორიის” ლოზუნგით. ამას მოჰყვა ისტორიკოსების ბოიკოტი, მასობრივი პროტესტი და 2017 წელს პროექტი გაუქმდა. ქვეყანამ, რომელიც განათლების ბევრი შედეგით მსოფლიო ლიდერების სიაშია, ეს გზა სცადა და უკუაგდო”, - ამბობს განათლების ექსპერტი. განაგრძეთ კითხვა