7 ნიშანი იმისა, რომ ყავა ზედმეტი მოგდით - მშობლები

7 ნიშანი იმისა, რომ ყავა ზედმეტი მოგდით

2026-07-09 08:32:15+04:00

ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რომ იმაზე მეტ ყავას მივირთმევთ, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს რეალურად სჭირდება. ამასობაში კი, ამ ჩვევამ შესაძლოა ჩუმად და შეუმჩნევლად მიაყენოს დარტყმა ჩვენს ჯანმრთელობას. როგორ მივხვდეთ, რომ ყავისთვის თავის დანებების ან, სულ მცირე, მისი რაოდენობის შემცირების დროა?

ბევრისთვის დილის ყავა დღის დასაწყისის სავალდებულო და ძალიან სასიამოვნო რიტუალია. ამას მოჰყვება კიდევ ერთი ჭიქა კაპუჩინო სამსახურის დაწყებამდე, ტრადიციული ყავის შესვენება კოლეგებთან ერთად, დღის განმავლობაში კი — კიდევ რამდენიმე ფინჯანი ესპრესო გამოსაფხიზლებლად...

თუ ეს ყოველდღიურობა ნაცნობია, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:

1. ყრუ თავის ტკივილი

თუ ოდესმე სამსახურში აჩქარებულს დილის ყავის დალევა დაგვიწყებიათ და ორ საათში თავის ტკივილი დაგწყებიათ, ეს შესაძლოა ყავაზე დამოკიდებულების ნიშანი იყოს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათგან, ვინც ყავას რეგულარულად სვამს, 50%-ზე მეტს აღენიშნებოდა ზომიერი ან ძლიერი თავის ტკივილი ყავაზე სულ რაღაც ერთი დღით უარის თქმის შემდეგ.

„ბევრი ადამიანის თავის ტკივილი პირდაპირ კავშირშია კოფეინის მოხმარებასთან. კოფეინი სტრუქტურით ძალიან ჰგავს ჩვენს ორგანიზმში არსებულ ქიმიურ ნივთიერებას — ადენოზინს. ადენოზინის ერთ-ერთი ფუნქცია თავის არეში სისხლძარღვების გაფართოებაა. კოფეინი ბლოკავს ამ გაფართოებას. როდესაც ორგანიზმს მოულოდნელად აკლდება კოფეინი, ის ზედმეტად მგრძნობიარე ხდება ადენოზინის მიმართ, სისხლძარღვები ფართოვდება და ეს იწვევს ძლიერ თავის ტკივილს“, “ — განმარტავს დოქტორი რეი საჰელიანი.

2. გახშირებული გულისცემა

აიოვას უნივერსიტეტის გულისა და სისხლძარღვთა ცენტრის მონაცემებით, კოფეინი არის ნივთიერება, რომელიც პირდაპირ პროვოცირებას უკეთებს გულისცემის გახშირებას. „ზოგიერთი ადამიანი ზოგადად მგრძნობიარეა ნებისმიერი სტიმულატორის მიმართ, თუმცა კოფეინთან დაკავშირებული გახშირებული გულისცემის შემთხვევები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 90-იან წლებში პოპულარული გახდა ესპრესოზე დაფუძნებული სასმელები, როგორიცაა კაპუჩინო და ლატე“, — აღნიშნავენ ცენტრის მკვლევრები.

3. შფოთვა და მოუსვენრობა

ნერვიულობთ? შესაძლოა, ამაში დამნაშავე სწორედ დილის ყავა იყოს. „ზოგიერთი ადამიანი კოფეინის მიმართ იმდენად მგრძნობიარეა, რომ გაღიზიანებადობასა და შფოთვას ერთი ფინჯანი ლატესგანაც კი გრძნობს“, — ამბობს დოქტორი საჰელიანი.

თუ ეჭვი გეპარებათ, რა არის თქვენი შფოთვის რეალური მიზეზი, უბრალოდ სცადეთ და ორი დღით უარი თქვით ყავაზე — ნახეთ, დაიკლებს თუ არა შფოთვის დონე.

4. განწყობის მკვეთრი ცვალებადობა

ბევრი ხუმრობს, რომ დილით ყავის დალევამდე ნორმალურად ფუნქციონირება არ შეუძლია. თუმცა, თუ რეალურად გრძნობთ, რომ ყავის შემდეგ თქვენი განწყობა რადიკალურად იცვლება, ეს საყურადღებო ნიშანია. კოფეინი არის სტიმულატორი, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, გამოყოფს ენერგიას და, ამასთანავე, ასტიმულირებს დოფამინის რეცეპტორებს ჩვენს ტვინში.

მარტივად რომ ვთქვათ, ყავის შემდეგ ცხოვრებას ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვუყურებთ. თუმცა არის უარყოფითი მხარეც: ამან შესაძლოა მიჩვევა გამოიწვიოს. ამიტომ, თუ ყავის გარეშე თავს ცუდად გრძნობთ, ეს სავარაუდოდ იმის ნიშანია, რომ თქვენი ორგანიზმი კარგ განწყობას მხოლოდ ამ სტიმულატორს უკავშირებს.

5. უძილობა

არსებობს მიზეზი, რის გამოც ადამიანები ყავას მაშინ სვამენ, როცა დაღლილები არიან. კოფეინი ორგანიზმს ადრენალინით ავსებს, რის წყალობითაც თავს უფრო მხნედ ვგრძნობთ. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს დილით, მაგრამ არა დღის განმავლობაში და მით უმეტეს — საღამოს.

„ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე მიღებული ყავა არღვევს ორგანიზმის შინაგან საათს. ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ უძილობა ღამით, არამედ მოთენთილობა დღის განმავლობაშიც“, — აცხადებენ მეცნიერები.

6. გამოფხიზლების ეფექტის დაკარგვა

სმიტსონის ინსტიტუტის კვლევების თანახმად, კოფეინის ხანგრძლივი და ინტენსიური მოხმარების შედეგად, ტვინის ქიმიური შემადგენლობა და ფიზიკური მახასიათებლები დროთა განმავლობაში იცვლება.

„ტვინის უჯრედებში ჩნდება მეტი ადენოზინური რეცეპტორი — ეს არის ტვინის მცდელობა, შეინარჩუნოს ბალანსი კოფეინის მუდმივი მოზღვავების ფონზე“. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ყავას სვამთ, მით მეტი რეცეპტორი გიჩნდებათ. მათ დასაბლოკად და სასურველი ენერგიის მისაღებად კი ყოველ ჯერზე კოფეინის დოზის გაზრდა და გაზრდა ხდება საჭირო.

7. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება

თუ ფიქრიც კი იმაზე, რომ დილის ლატეზე უარი უნდა თქვათ, მსუბუქ პანიკას იწვევს, თქვენი ორგანიზმი, შესაძლოა, უკვე მთლიანად ყავაზეა დამოკიდებული.

რა უნდა ვქნათ? „მთავარია ყავის რაოდენობის თანდათანობითი შემცირება. თუ ყავის სმას მკვეთრად შეწყვეტთ, ამან შესაძლოა ძლიერი დაღლილობა და თავის ტკივილები გამოიწვიოს“, - გვირჩევს დიეტოლოგი ჯო ლიხტენი.

არ გადაღვაროთ ყავის ნალექი - ჩვენ მისი გამოყენების 15 საოცარ ხერხს გასწავლით