როგორ მოქმედებს ციფრული გარემო ბავშვის განვითარებაზე, ურთიერთობებზე, თამაშზე, სწავლასა და ემოციურ კეთილდღეობაზე - აქტუალურ თემაზე პოდკასტში "ჩვენ შორის" ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი საუბრობს:
- ორ წლამდე ასაკის ბავშვის თავის ტვინი მზად არ არის იმ ვიზუალური სტიმულაციისთვის, რომელსაც მას გაჯეტი აწვდის. ძალიან ბევრი კომენტარი წამიკითხავს იმის შესახებ, რომ ჩვენს ბავშვობაშიც ვუყურებდით ტელევიზორსა და მულტფილმებს. რა თქმა უნდა, ვუყურებდით, თუმცა ჩვენს ბავშვობაში ტელევიზორით მულტფილმი ძალიან ცოტა ხანს გადაიცემოდა - ის ყოველდღე არც კი იყო და თუ იყო, მაქსიმუმ ნახევარ საათს გრძელდებოდა. ეს სულ სხვა რეალობაა.
მეორე მხრივ, დღეს ყველაფერი მართლაც შეცვლილია და ორ წლამდე ბავშვის თავის ტვინი ამგვარ სტიმულაციას ვერ უძლებს. თქვენ მას რაც უნდა ფანტასტიკური, ხუთწუთიანი სიუჟეტი აყურებინოთ, იგი შინაარსს ვერ მიჰყვება და მას მაინც მხოლოდ ვიზუალურ ხატებად აღიქვამს.
რაც შეეხება შედარებით უფროს ასაკს, როდესაც ბავშვი იზრდება, რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას იძენს ის, თუ რას უყურებს. მნიშვნელოვანია როგორც თავად კონტენტი, ისე ის გარემოება, თუ ვისთან ერთად უყურებს მას - მარტოა თუ მშობელთან ერთად. თუ გაჯეტს ბავშვისთვის სასარგებლოდ გამოვიყენებთ და მას გვერდით დავუჯდებით, ეს ფანტასტიკური პროცესი იქნება. არსებობს უამრავი თანამედროვე, ხუთწუთიანი ანიმაცია, რომელიც შემიძლია გამოვიყენო იმისთვის, რომ ბავშვს ემოციებსა თუ ისეთ ტრავმებზე ვესაუბრო, რომლებზეც იგი პირდაპირ არ ლაპარაკობს. ეს შემეცნებითი პროცესია. არსებობს უამრავი ასეთი ხუთ თუ ათწუთიანი ანიმაცია, რომლის ყურებისასაც მშობელი შვილის გვერდით უზის, მასთან კომუნიკაციასა და ინტერაქციას ინარჩუნებს და ეს პროცესიც ამით სრულდება.