იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომაა აუზის წყალი ნაწლავური ინფექციების გააქტიურებისთვის განსაკუთრებით საფრთხილო:
- ინფექციის რისკის თვალსაზრისით, აუზი და აუზის წყალი უპირობო ლიდერია. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. როდესაც დიარეის მქონე ნებისმიერი ადამიანი გამოჯანმრთელდება, თავს კარგად იგრძნობს და აუზზე წავა, დიარეის დასრულებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში იგი სხვებისთვის მაინც გადამდებია. გარდა ამისა, ადამიანებს აუზში ჩასვლის წინ შხაპის მიღება არ უყვართ. შეუძლებელია, ეს წესი ყველამ ასი პროცენტით შეასრულოს, პირიქით - მას თითქმის არავინ იცავს.
როგორც კი დიარეაგადატანილი ადამიანი, რომელიც თავს უკვე კარგად გრძნობს, აუზში შხაპის მიღების გარეშე ჩავა, მის გარშემო მყოფი ყველა დიდი თუ პატარა ბავშვი რისკის ქვეშ აღმოჩნდება. მცირე რაოდენობის წყლის გადაყლაპვაც კი შეიძლება სერიოზული ინფექციის წყაროდ იქცეს.
ამ მხრივ მდინარეში წყალი მოძრავია, ზღვა კი გაცილებით დიდია. ხშირად ამბობენ, რომ აუზში ქლორირებული წყალია, თუმცა ბაქტერიები ქლორში დიდხანს ცოცხლობენ. ქლორი ამ ბაქტერიებს ვერ კლავს, ამიტომ ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში აუზი ყველაზე მაღალ რისკს შეიცავს.