ციფრულ ეპოქაში განათლებისა და აღზრდის მიდგომებიც ძირეულად იცვლება. თანამედროვე მშობლების მთავარი გამოწვევა უკვე არა ინფორმაციის მიწოდება, არამედ ბავშვში კრიტიკული აზროვნებისა და შემეცნებითი ნაპერწკლის შენარჩუნებაა. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას ისე, რომ ტექნოლოგიები ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ?
ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ორი შვილის მამა, გელა შონია, სწორედ ამ კითხვაზე ეძებდა პასუხს, როდესაც საკუთარი შვილებისთვის ინოვაციური პლატფორმა NikoLearn შექმნა — სივრცე, სადაც ბავშვი რეპეტიტორი ცხოველების დახმარებით თამაშით სწავლობს, ამოწმებს თავის ცოდნას და უნარებს ავარჯიშებს. რამდენად რთულია ოქროს შუალედის პოვნა გაჯეტებსა და თავისუფალ დროს შორის და როგორ ხედავენ მშობლები შვილების მომავალს AI ეპოქაში - ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტი საუბრობს.

- ბოლო დროს ფსიქოლოგები ხშირად მოუწოდებენ მშობლებს, რომ ბავშვებს, განსაკუთრებით ზაფხულის არდადეგებზე, მეტი თავისუფალი დრო მისცენ. მშობლები კი წუხან, რომ ამ დროს ბავშვები აუცილებლად გაჯეტებთან გაატარებენ. თქვენს ოჯახში რამდენად დგას ეს პრობლემა და ზოგადად, რა არის დღეს მშობლის მთავარი გამოწვევა, როცა საქმე შვილის განვითარებას ეხება?
- ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახსაც გვერდს არ უვლის და ძალიან მწვავედ დგას. ზაფხულში ბავშვებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ. ეს, ერთი მხრივ, ფანტასტიკურია, მაგრამ მშობელს მომენტალურად უჩნდება შფოთვა: „რას გააკეთებს ამდენი ხანი?“ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ და, მოდით, რეალისტები ვიყოთ - გაჯეტების ბოლომდე აკრძალვა უბრალოდ შეუძლებელია და არც არის სწორი.
ჩემი აზრით, დღეს მშობლის მთავარი გამოწვევა სწორედ ოქროს შუალედის, ბალანსის პოვნაა. ბავშვმა უნდა დაისვენოს, ითამაშოს, მოსწყინდეს კიდეც (ხომ ვიცით, რომ მოწყენილობა კრეატივს აღვიძებს), მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა „ჩაიკარგოს“ ეკრანში. მშობელს სჭირდება შინაგანი სიმშვიდე და გარანტია, რომ ბავშვის ეკრანთან გატარებული დრო მხოლოდ უაზრო ყურება კი არა, სასარგებლო პროცესია - რომ ამ დროს ის რაღაცას სწავლობს, ფიქრობს და ახალი ინტერესები უჩნდება.
- როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ბავშვს გართობისთვის ისეთი, რაც თავისუფალ დროს სასარგებლოდაც აქცევს, სიხარულსაც მოუტანს და ინტერესსაც დაუკმაყოფილებს?
- ბავშვს სჭირდება სივრცე, სადაც სწავლა ტრადიციულ, იძულებით დავალებას არ ჰგავს. როცა პროცესი თამაშია, ბავშვი მასში ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ერთვება. თუ ამ თამაშში ფიქრიც სჭირდება - ახალ სიტყვას სწავლობს, ლოგიკურ ამოცანას ხსნის ან საინტერესო კითხვას პასუხობს - ეს დრო უკვე სასარგებლო ხდება.
სწორედ ამ ფიქრიდან და ძიებიდან გაჩნდა NikoLearn. მინდოდა, ჩემი ნიკოლოზისთვის შემექმნა ადგილი, სადაც სწავლა და თამაში ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ აკომპენსირებს და ავსებს. ბავშვისთვის ეს პროცესი წმინდა წყლის გართობაა, თან თავის საყვარელ გაჯეტს იყენებს, მაგრამ რეალურად, პატარ-პატარა ნაბიჯებით სწავლობს ქართულს, ინგლისურსა და მათემატიკას.ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პლატფორმა არ ყოფილიყო კიდევ ერთი ციფრული „შავი ხვრელი“. მინდოდა ზუსტად მცოდნოდა: რა დრო გაატარა გაჯეტთან? რას სწავლობს და როგორი პროგრესი აქვს? კონკრეტულად რაში სჭირდება დახმარება?

მოკლედ, მიზანი იყო შეგვექმნა საგანმანათლებლო გარემო, სადაც ბავშვს "მიბრუნება" თავად გაუხარდება.
- ის გამოსავალი, რაც თქვენს ოჯახში იპოვეთ, ბავშვებთან შეთანხმებით, მათი გემოვნებისა და ინტერესების მიხედვით შეიმუშავეთ, თუ თავად გადაწყვიტეთ, რა იქნებოდა მათთვის უკეთესი? როგორ მიიღეს ეს ბავშვებმა?
- ჩემი მთავარი ინსპირატორები და, სიმართლე გითხრათ, მთავარი კრიტიკოსებიც ჩემი შვილები - ნიკოლოზი და მაშო იყვნენ. ჩვენ, მშობლებმა, შეიძლება ჩვენს კაბინეტებში იდეალურად დავგეგმოთ, რა არის სასარგებლო, მაგრამ თუ ბავშვს არ მოეწონა და არ აუციმციმდა თვალები, არაფერი გამოვა. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როცა პლატფორმას ახალ მოდულს ან თემას ვამატებდი, პირველ რიგში მათ ვუტესტავდი და უკუკავშირს ველოდებოდი.
სულ ვაკვირდებოდი: რა მოსწონდათ, რა იწვევდა მათ ინტერესს, რაზე ეცინებოდათ და სად უჩნდებოდათ გაგრძელების სურვილი. ნიკოს და მაშოს თხოვნით შეირჩა ჩვენი რეპეტიტორი ცხოველების ვიზუალები, ჯილდო ვარსკვლავები და გმირების ფორმები (კიკინებიანი პერსონაჟი, მაგალითად, მთლიანად მაშოს იდეა და მოთხოვნაა).
NikoLearn სწორედ ამ დაკვირვებით ჩამოყალიბდა. ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია არჩევანის თავისუფლება და თამაშის შეგრძნება. როცა ჩვენი პერსონაჟი, „ნიკობუ“, ეხმარება მათ, უხსნის და ამხნევებს, ბავშვები ამას სულ სხვანაირად - მეგობრულად იღებენ.

- რამდენად ჩართული ხართ შვილების ყოველდღიურობაში და რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას? როგორც მშობელი, რაზე ხუჭავთ თვალს და რაზე – არავითარ შემთხვევაში?
- ვცდილობ, მაქსიმალურად ჩართული ვიყო მათ ყოველდღიურობაში, თუმცა - ზედმეტი კონტროლისა და ჰიპერმზრუნველობის გარეშე. ჩემი მიზანია, ბავშვს ყოველდღიური შრომისუნარიანობა და ნებისყოფა ჩამოუყალიბდეს, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი მაინც მისი პიროვნული თავისუფლების დაცვა და განმტკიცებაა.ყოველთვის მაინტერესებს: როგორ ფიქრობს ბავშვი? რა აინტერესებს რეალურად? რაზე ეკარგება მოტივაცია და როდის უხარია სწავლა?
რაზე ვხუჭავ თვალს სიამოვნებით: იმაზე, რომ ბავშვმა შეიძლება ყოველთვის იდეალურად ვერ ისწავლოს. შეიძლება დაეზაროს, შეეშალოს, შეცდომა დაუშვას - ეს აბსოლუტურად ბუნებრივი, ჯანსაღი და ნორმალური პროცესია.
რაზე არ ვხუჭავ თვალს არავითარ შემთხვევაში: როცა სწავლა მისთვის მხოლოდ ვალდებულებად ან რუტინულ პროცესად იქცევა და ამის გამო ინტერესს კარგავს.
მჯერა, რომ მშობლის მთავარი საქმე ბავშვისთვის ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებაა. თუ ეს ნაპერწკალი არსებობს, ცოდნა მერე თავისით, ბევრად მარტივად და ორგანულად მოდის.
- ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში როგორ ხედავთ თანამედროვე ბავშვების მომავალს? გვიწევს თუ არა აღზრდის მეთოდებში სერიოზული კორექტივების შეტანა?
- ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უკვე გახდა და მომავალში კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდება. ამიტომ, მგონია, რომ კითხვა აღარ არის „გამოვიყენოთ თუ არა?“. კითხვა ასე ისმის: „როგორ გამოვიყენოთ სწორად და სასარგებლოდ?“
დღეს ბავშვებს მხოლოდ ინფორმაციის დაზეპირება და დამახსოვრება აღარ ეყოფათ - ნებისმიერ ფაქტს Google ორ წამში იპოვის. მათ დასჭირდებათ კრიტიკული ფიქრი, სწორი კითხვების დასმა, ინფორმაციის გაფილტვრა, გადამოწმება და საკუთარი, დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბება. აღზრდაშიც სწორედ ეს აქცენტი უნდა შეიცვალოს: ნაკლები შიში ტექნოლოგიების მიმართ და მეტი გააზრებული, მიზნობრივი გამოყენება.
NikoLearn არ ცვლის მშობელს ან მასწავლებელს. ის არის მზრუნველი AI ტუტორი (პერსონალური მასწავლებელი), რომელიც ბავშვს ინდივიდუალურად, მის ტემპზე მორგებით უხსნის მასალას, უსმენს და ამხნევებს. ჩემთვის კარგი ტექნოლოგია სწორედ ის არის, რომელიც ბავშვს უფრო დამოუკიდებელს, ცნობისმოყვარეს და თავდაჯერებულს ხდის.
P.S. რადგან NikoLearn ჯერ კიდევ საწყის (MVP) ეტაპზეა, ამჟამად სრულიად უფასოა. ჩემთვის, როგორც შემქმნელისთვის, ახლა ყველაზე ძვირფასი რეალური მშობლებისა და ბავშვების უკუკავშირია, რათა პლატფორმა კიდევ უფრო დავხვეწოთ. ძალიან გამიხარდება, თუ თქვენც გამოცდით შვილებთან ერთად! www.nikolearn.com