შესაძლებელია თუ არა ნაშრომის გასაჩივრების შემდეგ აბიტურიენტს ქულა დააკლდეს - დეტალები - მშობლები

შესაძლებელია თუ არა ნაშრომის გასაჩივრების შემდეგ აბიტურიენტს ქულა დააკლდეს - დეტალები

2026-07-10 10:26:41+04:00

თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია, ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში გაასაჩივროს. ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადება.

დეტალები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა საგანში პირველად ქულებს დადებს.

აბიტურიენტებს ხშირად აინტერესებთ, შესაძლებელია, თუ არა, იმ კონკრეტულ დავალებაში, რომელსაც გაასაჩივრებენ, ქულა მომატების ნაცვლად, დააკლდეთ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტში აღნიშნავენ, გამოცდების შედეგების გასაჩივრებისას ქულის დაკლება შესაძლებელია. აპელაციის პროცესში ნაშრომი თავიდან მოწმდება, რის შედეგადაც, აბიტურიენტს ქულა შეიძლება, მოემატოს, დააკლდეს ან უცვლელი დარჩეს.

საპრეტენზიო განცხადების განხილვის საფასურია 50 ლარი (ერთი საგნისათვის).

ქულის ცვლილების შემთხვევაში (მათ შორის, ქულის შემცირების შემთხვევაში) თანხა სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე.

ასევე იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განცხადებას ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განცხადებაზე, ან განსაზღვრულზე მეტი ოდენობით საფასურს გადაიხდის, მის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაუბრუნდება.

საპრეტენზიო განცხადების განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

შედარებისთვის, 2025 წლის აპელაციის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2025 წელს 113 326 ნაშრომიდან გასაჩივრდა3274, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.89%-ია. შარშან ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. არავის მიუმართავს საპრეტენზიო განაცხადით ფრანგულ ენაში.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
  • ქართული ენა და ლიტერატურა -1297;
  • ოსური ენა - 0;
  • ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) –29;
  • ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) –16;
  • ინგლისური ენა -656;
  • რუსული ენა -10;
  • გერმანული ენა - 6;
  • ფრანგული ენა - 0;
  • მათემატიკა - 416;
  • ისტორია - 250;
  • გეოგრაფია - 43;
  • ბიოლოგია -241;
  • ქიმია - 64;
  • ფიზიკა - 14;
  • ლიტერატურა - 38;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 13;
  • სამოქალაქო განათლება - 181.
შეფასება შეიცვალა სულ 1005 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.89%-ია. ქულა მოემატა 1003 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 2 ნაშრომის შემთხვევაში.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აპელაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია აგვისტოში გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.

თამარ იაკობაშვილი

როგორ ხდება ქულათა გათანაბრება და რაზეა დამოკიდებული ვარიანტის რთულად გამოცხადება - პასუხები აბიტურიენტების კითხვებზე