თუ შეცდომით თქვენს ანგარიშზე თანხა დაირიცხა, ხართ თუ არა ვალდებული, უკან დააბრუნოთ - იურისტის განმარტება - მშობლები

თუ შეცდომით თანხა სხვას ჩაურიცხეთ, არის თუ არა ვალდებული პიროვნება, რომ უკან დაგიბრუნოთ - იურისტის განმარტება

2026-07-12 15:53:26+04:00

მოქალაქეთა შეკითხვებს პასიხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

- ჩემს ბანკის ანგარიშზე დაჯდა თანხა, რომელიც დავხარჯე. მოგვიანებით დამიკავშირდა ბანკის თანამშრომელი და მითხრა, რომ თანხა უკან დამებრუნებინა. უკვე დახარჯული მაქვს და არ მაქვს შემოსავალი. რომ არ დავაბრუნო ეს თანხა, რა მოხდება? აქვე გეტყვით, რომ თანხა არ არის ბანკის, ეკუთვნის კერძო პირს და მან შემთხვევით ჩარიცხა.

- ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვისა და მისი დახარჯვის შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრება. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თანხა ბანკისაა თუ ფიზიკური პირის. პირი, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ქონება, ვალდებულია დაუბრუნოს იგი ნამდვილ მესაკუთრეს. თუ თანხას ნებაყოფლობით არ დააბრუნებთ, ასეთ შემთხვევაში, თანხის მფლობელს უფლება აქვს დავა გადაწყვიტოს სასამართლო წესით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენთვის დამატებითი საპროცესო და სააღსრულებო ხარჯების დაკისრებაც.

- ბავშვების მამამ მოიკლა თავი, ის ციხეში იხდიდა სასჯელს ყოფილი ცოლის დაჭრისთვის. ყოფილი ცოლი ამჟამად არის საზღვარგარეთ, ბავშვები არიან არასრულწლოვნები და ცხოვრობენ მარტო. შეუძლიათ თუ არა ბავშვების მამის მშობლებს, ბებიას და ბაბუას, აიღონ მეურვეობა ამ ბავშვებზე? ყოფილ ცოლს არ სურს, რომ ქმრის მშობლებთან იყონ ბავშვები, განაწყო ისინიც მათ მიმართ უარყოფითად, მაგრამ თვითონაც არ ჩამოდის ემიგრაციიდან, მხოლოდ ფულს უგზავნის ბავშვებს. არადა, არის იმის საშიშროება, რომ ბავშვები ცუდ წრეში აღმოჩნდნენ, შემჩნეული არიან კიდეც, რადგან ფაქტობრივად მარტო არიან დარჩენილი. ლაპარაკია 13-14 წლის ბავშვებზე. რის გაკეთება შეუძლიათ ბებიას და ბაბუას?

- როდესაც არასრულწლოვანი ბავშვები ფაქტობრივად დარჩენილი არიან მშობელთა მზრუნველობის გარეშე (მამა გარდაცვლილია, ხოლო დედა იმყოფება ემიგრაციაში და ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების ყოველდღიურ მეთვალყურეობას, რის გამოც არსებობს მათი ანტისოციალურ გარემოში მოხვედრის საფრთხე), ბებიასა და ბაბუას უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ მშობლის უფლების შეზღუდვა დედის მიმართ.

განაგრძეთ კითხვა