ჩუქება თუ ანდერძი? – რა განსხვავებაა მათ შორის და როდის რომელი გზა ჯობია სამართლებრივად - მშობლები

ჩუქება თუ ანდერძი? – რა განსხვავებაა მათ შორის და როდის რომელი გზა ჯობია სამართლებრივად

2026-07-13 11:39:34+04:00

ხშირად, როდესაც ადამიანებს საკუთარი ქონების სხვისთვის გადაცემა სურთ, არჩევანის გაკეთება ჩუქებასა და ანდერძს შორის უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ორი ცნება შესაძლოა ერთმანეთში აირიოს, სამართლებრივად ისინი სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევენ. მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ როდის წარმოიშობა ახალი მესაკუთრისთვის ქონებაზე საკუთრების უფლება. ამ თემაზე დეტალურად ადვოკატი თათია ქაჯაია გვესაუბრება, რომელიც განმარტავს თითოეული სამართლებრივი ფორმის თავისებურებებს:

"როდესაც ხდება ჩუქება, ხელშეკრულების საფუძველზე მჩუქებელი გადასცემს ქონებას დასაჩუქრებულს და დასაჩუქრებული ხდება ამ ქონების მესაკუთრე. ანუ დასაჩუქრებულზე საკუთრების უფლება ჩუქების რეგისტრაციისთანავე გადადის, განსხვავებით ანდერძისგან.

ანდერძის შემთხვევაში, ქონების მესაკუთრე ანდერძით უტოვებს ქონებას კონკრეტულ პირს, მაგრამ ანდერძის აღსრულება ხდება მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ. ანუ მემკვიდრეს საკუთრების უფლება შეუძლია მიიღოს მხოლოდ მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ.

ორივე შემთხვევის მაგალითი რომ განვიხილოთ: მესაკუთრემ გადაწყვიტა ქონება, მაგალითად ბინა, აჩუქოს კონკრეტულ პირს – არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს პირი. ორივე მიდის საჯარო რეესტრში და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრე ამ ბინას საკუთრებაში გადასცემს დასაჩუქრებულს.

ანდერძის შემთხვევაში მესაკუთრე წერს ანდერძს, სადაც უთითებს კონკრეტულ პირს, თუ ვის უტოვებს ამ ქონებას, მაგალითად ბინას, და მისი გარდაცვალების შემდეგ საკუთრების უფლება ამ ბინაზე წარმოეშობა ანდერძში მითითებულ პირს.

თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ანდერძის შინაარსის მიუხედავად, პირველი რიგის მემკვიდრეებს მაინც ეკუთვნით სავალდებულო წილი. ანუ ქონების მესაკუთრე თუ ანდერძს დაწერს სხვა პირზე, რომელიც არ არის პირველი რიგის მემკვიდრე, მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად ანდერძის შინაარსისა, პირველი რიგის მემკვიდრეებს შეუძლიათ მოითხოვონ სავალდებულო წილი და ამ შემთხვევაში ანდერძში მითითებული პირი სრულად ვეღარ მიიღებს ამ ქონებას.

ჩუქების შემთხვევაში კი ასე არ არის. ჩუქების დროს, როგორც აღვნიშნე, მესაკუთრე ხელშეკრულების საფუძველზე ჩუქნის ქონებას დასაჩუქრებულს და არ აქვს მნიშვნელობა, ამას ეთანხმებიან თუ არა მისი მემკვიდრეები, რადგან ცოცხალ ადამიანს შეუძლია საკუთრებაში არსებული ქონება სიცოცხლის განმავლობაში განკარგოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერი ფორმით.

არ არსებობს რაღაცა ცალსახა პასუხი, თუ რომელი უმჯობესია – ჩუქება, ანდერძი, ნასყიდობა თუ ასე შემდეგ. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, თქვენს მიზანზე და იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომლის მიღწევაც გსურთ.“

როგორც ადვოკატის განმარტებიდან ჩანს, გადაწყვეტილების მიღებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მიზანი ამოძრავებს ქონების მესაკუთრეს და რა სამართლებრივი გარანტიები სჭირდება მას სიცოცხლეშივე.

ვინ შეიძლება წაგართვათ ქონების ნახევარი, თუნდაც ის ანდერძით გეკუთვნოდეთ - ვახტანგ მაჭავარიანი განმარტავს
შეიძლება თუ არა, რომ მშობლების ქონება მხოლოდ ერთ შვილს დარჩეს და რა სხვაობაა ჩუქებასა და ანდერძით დატოვებულ ქონებას შორის