ფეხბურთელი გიორგი გველესიანი და მისი მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი, ასევე მათი ვაჟი დუდუ რუსთავი 2-ზე "სხვანაირ დილას" მასპინძლობდნენ. გიორგიმ ისაუბრა ოჯახზე და იმ კომფორტზე, რასაც მეუღლე უქმნის.
გიორგი:
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახთან ერთად იყო, პირველ რიგში.. მე 10 წლის განმავლობაში რადგან წასული ვარ, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ფეხბურთმა რამდენი რამ მომცა, მაგრამ რამდენი რამეც წამართვა, რაც არ ჩანს. მაგალითად, ვერ ვნახე, ჩემი ვერც ერთი შვილის სკოლაში მისვლა პირველ დღეს. ვერ გავიგე მათი პირველი სიტყვა, როგორ გაიარეს, ვერ ვნახე.. ძალიან ბევრი ასეთი წამი გავუშვი ხელიდან კარიერის განმავლობაში, რომლებიც აღარასდროს დაბრუნდება.
ახლა, როცა აქ ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო, მათთან ერთად ვიყო, ვითამაშო და ყოველი დღე მაქსიმალურად ჩართული ვიყო მათ ცხოვრებაში... არა მხოლოდ მის, არამედ სხვა შვილების ცხოვრებაში, თანაბრად (გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და ერთი - მეორე ქორწინებაში - რედ.). აქედან გამომდინარე, თითქოს ეს ჩემი მხრიდან იმ დაკარგული დროის კომპენსაციაა, რომელიც ჩემს კარიერას დავუთმე. ახლა მინდა, მაქსიმალურად ავუნაზღაურო ეს ყველაფერი.
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა მარტო ხარ სადღაც, მაგრამ თუ ამ საკითხს მეუღლის გადმოსახედიდან შევხედავთ, მისთვის კიდევ უფრო რთულია.ვფიქრობ, ჩემი მეუღლე ამ კუთხით ჩემთვის გმირია, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დისტანციურად იყო, არ გაახუნო, შეუნთო ამ გრძნობას და ყოველთვის შეინარჩუნო ის პატივისცემა და ურთიერთობა, რომელიც ჩვენ თავიდანვე გვქონდა და ვაღვივებთ მუდამ,ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ცოლის, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ჯერ ერთი, ფანტასტიკური ხასიათი აქვს, ჩემგან განსხვავებით. მეორეც, ჩვენს ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არასდროს ყოფილა. სწორედ ეს პატივისცემა და ურთიერთგაგება შემოიტანა მან და შევინარჩუნეთ.
როცა ჩამოვდივარ, არა მხოლოდ ოჯახთან, მასაც მინდა ყველანაირად ვასიამოვნო. ადრე, ჩემი დროის უქონლობის გამო, ვერ ვახერხებდით, მაგალითად, კახეთში, რაჭაში ან ბათუმში წასვლას. უბრალოდ, ორი-სამი დღით ჩამოვდიოდი.ის კი ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან ირანში, მაგრამ როცა ირანში ოთხი დღით ბავშვებთან ერთად ჩადიხარ, ეს სულ სხვა რამ არის ურთიერთობაში...
ლინდა:
- ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდში დგომაა — შეუქმნა ადამიანს ის კომფორტი, რომ მან თავისი საქმე მშვიდად აკეთოს. ეს არის ყველაზე მინიმალური, რაც პარტნიორს შეუძლია.