5 ფრაზა, რომელიც, ჯობს, დედამთილს არასოდეს უთხრათ - ამერიკელი ქოუჩის რჩევები - მშობლები

5 ფრაზა, რომელიც, ჯობს, დედამთილს არასოდეს უთხრათ - ამერიკელი ქოუჩის რჩევები

2026-07-14 09:32:58+04:00

დედამთილთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ყველა ქალს არ გამოსდის. ზოგჯერ ვახშმის დროს უნებლიეთ ნათქვამმა უწყინარმა ფრაზამაც კი შეიძლება ნამდვილ ოჯახურ დრამამდე მიგვიყვანოს. ამგვარი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ამერიკელი ურთიერთობების ქოუჩი და ლიცენზირებული ფსიქოლოგი სარა კლაინი გვიზიარებს იმ ხუთ ფრაზას, რომლებიც არასოდეს უნდა უთხრათ დედამთილს, თუკი ქორწინების შენარჩუნება გსურთ.

ჩემს ოჯახში ყველაფერს სხვანაირად აკეთებდნენ

როდესაც ამ ფრაზას წარმოთქვამთ, დედამთილს ქვეცნობიერად ესმის, რომ თქვენ მას ზემოდან უყურებთ. ყოველ ჯერზე იმის ხაზგასმით, რომ თქვენს მშობლიურ ოჯახში ბავშვებს სხვანაირად ზრდიდნენ ან დღესასწაულებს სხვანაირად აღნიშნავდნენ, თქვენ მხოლოდ აძლიერებთ განსხვავებებს, ნაცვლად იმისა, რომ ქმრის ოჯახთან საერთო ენა გამონახოთ. თქვენი მიზანი არ არის ყველაფრის ზუსტად ისე კეთება, როგორც ამას პარტნიორის დედა აკეთებდა, თუმცა მათი ოჯახური ტრადიციების პატივისცემა მშვიდობის საფუძველია. სცადეთ, ამ ყველაფერს შეხედოთ ანთროპოლოგის თვალით, რომელიც ახალ და უცნობ გარემოში აღმოჩნდა. ნუ შეხვდებით მტრობით დედამთილის თუ მულების ნათქვამს, პირიქით, გამოიჩინეთ ინტერესი. რა თქმა უნდა, თუ ისინი თქვენს იძულებას შეეცდებიან, საკუთარი საზღვრების მკაფიოდ და მშვიდად ჩვენება სრულიად მართებული იქნება.

ეს თქვენმა შვილმა გადაწყვიტა

ამ ფრაზის მიღმა დედამთილი ისმენს სათქმელს, რომ ეს თქვენი პრობლემა არ არის. პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და კონფლიქტში მესამე პირის ჩართვა არ არის საუკეთესო გზა ზრდასრული, ადეკვატური ურთიერთობების ასაშენებლად. ამით თქვენ მხოლოდ დაძაბულობას ქმნით პარტნიორსა და მის მშობლებს შორის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობლების სურვილის წინააღმედგ წასვლის იდეა მთლიანად თქვენს ქმარს ეკუთვნოდა, თქვენ მაინც ერთი გუნდი ხართ და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ერთად ინაწილებთ. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი მეუღლეს გადააბრალოთ, სჯობს თქვათ, რომ ეს თქვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა და საჭიროების შემთხვევაში, მზად ხართ მათთან ერთად განიხილოთ ეს საკითხი.

შემიძლია ეს მაგიდა აგარკზე წავიღო, როცა თქვენ აღარ იქნებით?

მსგავსი რეპლიკის გაგონებისას დედამთილს უჩნდება განცდა, რომ თქვენ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ქონება გაინტერესებთ. სიკვდილზე ხუმრობამ, თუნდაც ის აბსოლუტურად არასერიოზულად იყოს ნათქვამი, შეიძლება ადამიანს აფიქრებინოს მის სიკვდილს ელოდებით. არასწორ დროსა და შეუფერებელი ტონით ნათქვამი ასეთი ფრაზა კი საერთოდ ისე ჟღერს, თითქოს მოუთმენლად ელოდებით, როდის გარდაიცვლება თქვენი მეუღლის დედა.

ჩვენ ჩვენს შვილებს არასოდეს გავზრდით ასე

ამ სიტყვებით დედამთილს ესმის პირდაპირი კრიტიკა: „თქვენ ცუდად აღზარდეთ შვილები, მე კი ყველაფერს სწორად ვაკეთებ“. მსგავსი კომენტარები აღიქმება როგორც თქვენი ქმრის აღზრდის პროცესის სრული გაუფასურება. ფსიქოლოგი სარა კლაინი აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდა რთული საქმეა და სრულიად ნორმალური და გარდაუვალია, რომ მომავალმა თაობამ რაღაცები სხვანაირად გააკეთოს. თუმცა, ამ სხვაობის გამოყენება საკუთარი მორალური უპირატესობის დასამტკიცებლად შეცდომაა, რადგან ეს დედამთილში მხოლოდ თავდაცვისა და საპასუხო თავდასხმის სურვილს აღძრავს. სჯობს, ბავშვის აღზრდისადმი თქვენი მიდგომა ყოველგვარი განსჯის გარეშე, მარტივად აუხსნათ.

ამ დღეში არ ჩავვარდებოდით, მისთვის ფულის სწორად ხარჯვა რომ გესწავლებინათ

ამ შემთხვევაში დედამთილის ყურს ესმის ბრალდება, რომ მან შვილი არასწორად გაზარდა. საუბარი შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ ფინანსებს, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროს, თუმცა ეს ფრაზა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება პრობლემის მოგვარების ნაცვლად სხვისთვის დანაშაულის გრძნობის თავზე მოხვევა. მაშინაც კი, თუ თქვენ და თქვენი მეუღლე მართლაც განიცდით გარკვეულ ფინანსურ თუ სხვა სახის სირთულეებს, აზრი არ აქვს პრობლემის გადაბრალებას იმაზე, თუ როგორ გაზარდა ის დედამ. ოჯახური სირთულეების დროს ისაუბრეთ მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე, პარტნიორის მშობლების დადანაშაულების გარეშე.

ტოქსიკური დედამთილის 20 ნიშანი - როგორ უნდა შეეწინააღმდეგოთ
5 პლუსი, რაც დედამთილ-მამამთილისგან ცალკე გადასვლას მოაქვს - რა პრობლემებს აიცილებს წყვილი