როდესაც Miss Dior-ს ვახსენებთ, უმეტესობას თვალწინ ფრანგული ელეგანტურობა, მაღალი მოდა და კრისტიან დიორის ლეგენდარული სახლი წარმოუდგება. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ სახელის უკან დგას ქალი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წლებში სიცოცხლე საფრთხეში არაერთხელ ჩაიგდო, ნაცისტურ რეჟიმს დაუპირისპირდა, საკონცენტრაციო ბანაკები გადაიტანა და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი გმირობის შესახებ თითქმის არასოდეს საუბრობდა.
ეს ქალი იყო კატრინ დიორი - ფრანგი მოდის დიზაინერის, კრისტიან დიორის, უმცროსი და.
კატრინი 1917 წლის 2 აგვისტოს, საფრანგეთის ქალაქ გრანვილში დაიბადა. იგი დიორების ოჯახის ყველაზე უმცროსი შვილი იყო. კრისტიან დიორსა და კატრინს შორის 12-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, თუმცა მათ განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ.
ბავშვობა მშვიდ გარემოში დაიწყო, თუმცა ოჯახს მალევე მძიმე პერიოდები დაუდგა. 1931 წელს დედა გარდაეცვალათ, მოგვიანებით კი დიდი დეპრესიის შედეგად მამამ თითქმის მთელი ქონება დაკარგა. ოჯახმა ნორმანდია დატოვა და პროვანსში გადასახლდა, სადაც სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყეს.
სწორედ ამ პერიოდში კატრინს განსაკუთრებით შეუყვარდა ბუნება და ყვავილები - სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვა.
1940 წელს, საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, კატრინმა გერმანული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა აირჩია. 1943 წელს იგი შეუერთდა ფრანკო-პოლონურ წინააღმდეგობის ქსელს - F2, რომელიც მოკავშირეებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული.
მისი საქმიანობა მოიცავდა ინფორმაციის გადატანასა და გერმანული ჯარების გადაადგილების შესახებ ცნობების მიწოდებას. ისტორიული წყაროების მიხედვით, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები გარკვეულ შეხვედრებს კრისტიან დიორის პარიზის ბინაშიც მართავდნენ.
1944 წლის ივლისში კატრინი გესტაპომ დააპატიმრა. დაკითხვისას მას სასტიკად აწამებდნენ, თუმცა მან თანამებრძოლების ვინაობა არ გაამხილა.
შემდეგ იგი ჯერ რავენსბრიუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს, მოგვიანებით კი რამდენიმე სხვა ბანაკშიც გადაიყვანეს, სადაც იძულებით შრომობდა. 1945 წელს, ომის დასასრულს, კატრინი გადაურჩა ე.წ. "სიკვდილის მარშსაც" და საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნდა.
ომის შემდეგ საფრანგეთმა მისი სიმამაცე რამდენიმე სახელმწიფო ჯილდოთი დააფასა, მათ შორის Croix de Guerre-ითა და Croix du Combattant Volontaire de la Résistance-ით. ასევე მიიღო ბრიტანეთის King's Medal for Courage in the Cause of Freedom.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა უკვე მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახდა, კატრინს მოდის ინდუსტრია თითქმის არ აინტერესებდა.
ომის შემდეგ იგი პროვანსში დასახლდა და ყვავილების მოშენება დაიწყო. მოგვიანებით პარიზის ყვავილების ბაზარზეც საქმიანობდა. სწორედ ყვავილები - განსაკუთრებით ჟასმინი და ვარდი გახდა ის გზა, რომელმაც მისი ცხოვრება Dior-ის სუნამოების სამყაროსთან კიდევ ერთხელ დააკავშირა.
1947 წელს ქრისტიან დიორმა თავისი პირველი სუნამო შექმნა და მას Miss Dior დაარქვა.

სუნამოს სახელწოდება კატრინ დიორს უკავშირდება. საზოგადოებასი გავრცელებული ისტორიის თანახმად, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი დანახვისას წარმოთქვა: "Voilà, Miss Dior!" ("აი, მის დიორი!"), რის შემდეგაც კრისტიან დიორმა სწორედ ეს სახელი აირჩია.
ხშირად ამბობენ, რომ კრისტიან დიორისათვის ეს სუნამო მხოლოდ სუნამო არ ყოფილა. ცნობილმა დიზაინერმა აღნიშნული ჟესტით საკუთარ დას, რომელმაც არაერთ განსაცდელს გაუძლო და ყვავილებისადმი სიყვარული მაინც არ დაკარგა, სიყვარული და პატივისცემა ამ ფორმითაც დაუდასტურა.
კატრინ დიორი არასოდეს ცდილობდა საკუთარი გმირობის პოპულარიზაციას. ინტერვიუებს იშვიათად აძლევდა და ომის გამოცდილებაზე თითქმის არ საუბრობდა.
1957 წელს კრისტიან დიორის გარდაცვალების შემდეგ იგი აქტიურად ზრუნავდა მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდა Dior-ის ისტორიისა და მუზეუმის საქმიანობის მხარდაჭერაში.
პარიზში დაბრუნების შემდეგ, ქალი საყვარელ მამაკაცთან, ერვე დე შარბონერისთან ერთად ცხოვრობდა.
კატრინ დიორი 2008 წელს, 90 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
დღეს მისი სახელი მილიონობით ადამიანისთვის ცნობილია, თუმცა ბევრმა დღემდე არ იცის, რომ Miss Dior მხოლოდ სუნამოს სახელწოდება კი არა, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის ისტორიასაც ინახავს.