მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ზაკ მირიანაშვილის პოდკასტ „შანტრაპას“ პირველ ეპიზოდს სტუმრობდა. ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა - რატომ გამოუშვეს თეატრიდან? რატომ დაიწუნა სტივენ სპილბერგმა „შინდლერის სიის“ ქასთინგზე და რომელ როლზე განიხილებოდა მისი კანდიდატურა? ვის მიიჩნევს სილამაზის ეტალონად და რატომ ფიქრობს, რომ არ არის კარგი მსახიობი?
- პირველ რიგში ეს იყო გარეგნობა, რომელიც არ იყო სტერეოტიპული ქართული გარეგნობა. ძალიან ვგავდი, ასე ვთქვათ, ესმერალდას, ცოტა ფლამენკოს, ანდალუზიას, კარმენს — განსაკუთრებით გარეგნობით. თუ ზღვაზე დასასვენებლად წავიდოდი და სექტემბერში გარუჯული ჩამოვიდოდი, სულ მთლად მარტო კბილები ანათებდა. სწორედ ეს განსაკუთრებული გარეგნობა იპყრობდა პირველ რიგში ყურადღებას.


მეორე მხრივ, ყურადღებას იპყრობდა ჩემი ძალიან გაბედული ხასიათი. ჩარჩოებში არ ვჯდებოდი. რატომ მქონდა ასეთი ხასიათი, არ ვიცი, მაგრამ მაინც ხელოვანის ოჯახში ვიყავი გაზრდილი. მამა მოქანდაკე იყო და ხშირად ვსტუმრობდი მის სახელოსნოს. იქ ვუყურებდი ქანდაკებებს, შიშველ ნატურებს, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას... მოკლედ, არავის ვგავდი.
მაგრამ, წარმოიდგინეთ, მაშინ ამას საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ რაღაც განსაკუთრებული ვიყავი. ეს მერე მეუბნებოდნენ: „ინსტიტუტში ერთხელ დაგინახე შენი ხუჭუჭა თმებით, რა ლამაზი იყავი“. ვფიქრობდი, კაცო, მოსულიყავი და გეთქვა, რომ ლამაზი ვიყავი, რომ განსაკუთრებული ვიყავი. არავინ არაფერს მეუბნებოდა...
აი, ამ ჩემ თავისუფლებას და ამ საოცარ ბუნებას — რასაც ქვია anima mundi — ძალიან ცუდად შეეჩეხა პირველი ქორწინება. ფაქტობრივად, იყო მცდელობა ჩემი ფრთების მოკვეთის. ჩემი პირველი დიდი გამოცდა სწორედ იქიდან დაიწყო.

რა თქმა უნდა, გამოცდები მანამდეც მქონდა ბავშვობაში და ამაზე არაერთხელ მილაპარაკია, მაგრამ ეს უკვე ძალიან სერიოზული გამოცდა იყო. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა — მე თუ ტრადიციული ქართული ოჯახური კლანი, რომელიც მთხოვდა, თეატრალური ინსტიტუტიდან საბუთები გამომეტანა და სამედიცინოზე შემეტანა.ვეუბნებოდი: „სამედიცინოზე არც ფიზიკა ვიცი, არც ქიმია, არც მათემატიკა“. მპასუხობდნენ: „არ არის პრობლემა, ყველაფერს მოვაგვარებთ“. იმ დროს მე უკვე მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი ვიყავი, მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი სტუდენტი, მისაღებ გამოცდაზე ხუთიანი მქონდა მიღებული. როგორ უნდა გამომეტანა საბუთები თეატრალურიდან და გადამეტანა სამედიცინოზე?..
...სამსახიობო ხელოვნებაში კინოდან მოვედი. მსახიობობა, სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი მსახიობი ვარ, რომელსაც გარდასახვა შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში ტირილიც. მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს ემოციებს...
თუმცა მამაჩემის დაჟინებული სურვილი იყო, რომ ეს გზა ამერჩია. მას შემდეგ, რაც 11 წლის ასაკში პირველად გადამიღეს ფილმში, სწორედ მამაჩემის სურვილით ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში...
თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, როცა შემოთავაზება მივიღე ლენინგრადიდან, რეჟისორ მასლენიკოვისგან, მთავარ როლზე.
იმ პერიოდში მიხეილ თუმანიშვილმა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, მე და ეკა კახიანი თეატრშიც წაგვიყვანა, როლებიც მოგვცა. ყოველდღე რეპეტიციებზე და ტრენინგებზე დავდიოდით... დაუცებ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდა. თან ძალიან კარგად იხდიდნენ. იმ ფილმში 17 000 მანეთი გადამიხადეს, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო. ბინის ყიდვაც შეიძლებოდა, თუმცა მე ყველაფერი ტანსაცმელში დავხარჯე...
წავედი, ძალიან რთული სინჯები გავიარე და როლზე დამამტკიცეს.
როცა ლენინგრადიდან დავბრუნდი, თეატრში დამიბარეს. მთელი დასი დარბაზში იჯდა. მიხეილ თუმანიშვილმა მითხრა: „იმის გამო, რომ დაუკითხავად წახვედი გადაღებებზე ლენინგრადში, თეატრიდან გაგდებული ხარ“.
ნახევარ თეატრს ეს გაუხარდა. მე ძალიან მეწყინა, მაგრამ ასე წამოვედი თეატრიდან...
თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, თეატრის ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ. არც კინოზე ვგიჟდებოდი. უფრო საკუთარი პერსონა ვიყავი, მიხაროდა ის, რასაც ვაკეთებდი. სინამდვილეში, ტელევიზია და ტელეწამყვანობა უფრო ჩემი სფერო აღმოჩნდა.
„შინდლერის სიის“ ქასთინგშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ როლზე არ დამამტკიცეს.მითხრეს, რომ ზედმეტად ლამაზი ვიყავი და ძალიან ეთნიკურად გამოვიყურებოდი, პოლონელ ებრაელ ქალს არ ვგავდი. მაშინ ეს მეწყინა, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რეჟისორი მართალი იყო.ის პერსონაჟი გატანჯული, დაჩაგრული გოგო იყო, მე კი სულ სხვა ენერგიას ვასხივებდი. როგორი მსახიობიც უნდა ვყოფილიყავი, იმ ვიზუალს ვერ შევცვლიდი.
80-იან წლებში ერთ-ერთ ჟურნალში დაწერეს, რომ ქართულ კინოში ასეთი „ძარღვიანი სიცილი“ სხვა არც ერთ მსახიობს არ ჰქონია... ეს ძალიან გამიხარდა, რადგან მანამდე სულ ამბობდნენ: „ცხენივით იცინისო“.
ერთხელ, გუგული მგელაძის ფილმის პრემიერაზე, იმ ბიჭი დავპატიჟე, რომელიც ძალიან მომწონდა. ფილმის შემდეგ მითხრა: „რა იყო, ცხენივით დარბოდი და ისე იცინოდიო. ქალმა ჯერ ქუსლი უნდა დადგას და მერე წვერიო...“ეს სიტყვები იმდენად მეწყინა, თითქოს მთლიანად დამანგრია. ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანი, რომელიც მომწონდა, სწორედ ამ დეტალებს მიაქცევდა ყურადღებას. მაშინ სხვისი აზრი ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ეს მხოლოდ წლების შემდეგ იცვლება, როცა შინაგანი დაცვა გიყალიბდება...

სილამაზე ღვთის დიდი საჩუქარია, მაგრამ ამავე დროს დიდი გამოცდაც. ლამაზი ქალი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ყველა რაღაცას ითხოვს მისგან, ყველა თავისებურად „ნადირობს“ მასზე. ამიტომ გვერდით აუცილებლად გჭირდება ძლიერი ოჯახი — მშობელი, ძმა, ქმარი — ადამიანები, რომლებიც დაგიცავენ. ვინც ასეთი დაცვა ვერ მიიღო, ბევრი მათგანი სწორედ ამ გამოცდამ გატეხა.
სილამაზის ეტალონი ნამდვილად არ ვარ. უფრო ეშხიანს მეძახდნენ. ჩემთვის ეტალონი ყოველთვის ლიკა ქავჟარაძე იყო.ბავშვობიდან აღფრთოვანებული ვიყავი, შეყვარებული ვიყავი ლიკაზე. ჟურნალებს ვაგროვებდი... კონსერვატორიაში სწავლობდა და დავდევდი უკან, მინდოდა გამეცნო... მერე გავიცანით კიდეც და რამდენიმე ფილმზე ერთადაც გავიარეთ სინჯები.
ლიკა ჩემთვის იყო ეტალონი და მინდოდა, სულ ლამაზი დარჩენილიყო... რამდენიმე ხნის წინ ენდოსკოპიური ლიფტინგი გავიკეთე. ოპერაციის წინა დღეს ინსტაგრამზე ლიკას კოლაჟი დავდე. ჩემთვის ეს სიმბოლური ჟესტი იყო.
ვფიქრობდი, რომ ლიკა ყოველთვის საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ ცხოვრების ბოლო წლებში სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ გარეგნობას ისე ვეღარ უვლიდა. მე კი ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რადგან ხალხს უნდა, რომ ია ლამაზი დარჩეს. ამიტომ ეს ოპერაციაც ერთგვარად ლიკას მივუძღვენი — თითქოს მისი სილამაზის ესტაფეტა უნდა გავაგრძელო.