მრავალი წელის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდას აბიტურიენტებისა და მშობლების უკმაყოფილების ტალღა მოსდევს. ბევრი აბიტურიენტი იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია, რადგან თვლის, რომ საგამოცდო საკითხები სასკოლო პროგრამისგან სრულიად განსხვავებულია. ასევე მუდმივად ისმის, რომ "წლევანდელი" ტესტები ყველა წინა წლებისაზე უფრო რთული იყო.
ბუნებრივია ამ ტალღას ბევრი მასწავლებელი ეხმაურება, მათ შორის მასწავლებელი, მათემატიკის რეპეტიტორი რომან თეთვაძე. ის თავადაა აბიტურიენტთათვის განკუთვნილი მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორი და სოციალურ ჯგუფშიც უსასყიდლოდ უზიარებს აბიტურიენტებს ამოცანების ამოხსნებს სიტყვიერი განმარტებებით. მისი თქმით, პრობლემა ტესტის სირთულეში კი არა, სკოლებში მათემატიკის სწავლებაშია, რომელიც თანდათან უარესდება.
მათემატიკა არის საგანი, რომელსაც ვერ ისწავლი ერთ და ორ წლიანი მომზადებით, თუ მისი სწავლის უწყვეტობა გაქვს დარღვეული;
სასკოლო სახელმძღვანელოები არის კატასტროფული ხარისხის და მათი გამოყენებით ხარისხზე ოცნებაც კი გამორიცხულია;
გადავხედე მათემატიკის ტესტის ორივე ვარიანტს.
ტესტები არის სტანდარტული სირთულის, არაფრით გამორჩეული და არანაირად არ არის გართულებული. ტესტებში მოცემულ საკითხებზე უფრო რთული საკითხებიც ყოფილა გასული წლების ტესტებში.
მაშინ რატომ არის ასეთი განსაკუთრებული ხმაური წელს და რამ განაპირობა აბიტურიენტების მსგავსი შეშფოთება?
სასკოლო სახელმძღვანელოების კატასტროფულობა!
(სახელმძღვანელოები არათუ განაპირობებს მოსწავლის ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, არამედ უბრალოდ აძულებს მათემატიკას მას)
სკოლებში არსებული უმძიმესი მდგომარეობა!
(სასწავლო პროცესი ფაქტობრივად სრულიად მოშლილია (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა) და ბავშვები სკოლაში დადიან უფრო სასეირნოდ და გასართობად, ვიდრე სასწავლო მიზნით, თუ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არ დანგრეულა, ამ რემონტის გამო არ დაკეტილა, მათი სკოლა)
გამორჩეულად, მათემატიკის სწავლების კატასტროფული ხარისხი და მათემატიკის სწავლისთვის "თავი დანებების" ასაკის მკვეთრი შემცირება!
(თუ აქამდე მოსწავლეები მათემატიკას ასე თუ ისე, სწავლობდნენ IX–X კლასამდე მაინც, უკანასკნელ წლებში, მათემატიკის სწავლას უბრალოდ თავს ანებებენ VI–VII კლასიდან და შესაბამისად, მოსამზადებლად მოსულ მოსწავლეს:
უჭირს წილადების გაერთმნიშვნელიანება, ორციფრა და უფრო დიდი რიცხვების ქვეშმიწერით გამრავლება, თუ გაყოფა;
საერთოდ არ სმენიათ (თუ არ ახსოვთ, რომ ოდესმე გაუგიათ) უამრავი მათემატიკური საკითხი.
საგამოცდო გამოცდილების არარსებობა და ეროვნულ გამოცდებზე ემოციურობის მაღალი ფონი.
(სასკოლო გამოცდების ხელაღებით გაუქმებამ, მოსწავლეებს მოუსპო საგამოცდო ემოციის გამომუშავების და მართვის შესაძლებლობა, რაც დამატებით ზრდის აბიტურიენტებში წინასაგამოცდო ნერვიულ ფონს)
რა მოგველის და რა გვეშველება?
უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაუარესდება სიტუაცია და კიდევ უფრო მეტ "წუწუნს" მოვისმენთ ტესტის სირთულესთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია, რამეთუ სკოლაში, მათემატიკის სწავლის პროცესში, არაერთწლიანი წყვეტა, ბოლო ერთ და ორ წლიანი მომზადებით, უბრალოდ ვერ კომპენსირება!
საშველი მხოლოდ ერთადერთია:
გავათვიცნობიეროთ არსებული კატასტროფული მდგომარეობა, გაგვიჩნდეს მოთხოვნა მისი გაპროტესტების და საგანმანათლებლო სფეროში რადიკალური, ნამდვილი რეფორმის გატარების მოთხოვნის!
წიგნის ყდაზე რამის ან ვინმეს დახატვით სწავლის ხარისხი არ შეიცვლება და აგრეთვე ჩაცმის სტილი ვერ მოიტანს პროგრესს სწავლის ხარისხში!
ძვირფასო აბიტურიენტებო და პატივცემულო მშობლებო!
სხვა საგნებსაც ანალოგიური მძიმე გამოხმაურება ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემა უმძიმეს მდგომარეობაშია.
მიიღეთ ჩემგან გულწრფელი და მოკრძალებული რჩევა:
ნუ გააპროტესტებთ მათემატიკის ტესტის სირთულეს და ნუ მოითხოვთ მის გამარტივებას, ბარიერის შემცირებას, თუ ქულების მომატებას!
გააპროტესტეთ საგანმანათლებლო სისტემის კატასტროფული მდგომარეობა, თუ სკოლებში მოშლილი საგანმანათლებლო პროცესი და მოითხოვეთ სწავლის ხარისხის გაუმჯობესება!
რადგან:
უმაღლესში ჩაბარებით და მხოლოდ დიპლომის აღებით, ვერ უზრუნველყოფთ ვერც თქვენს ბედნიერ მომავალს და ვერც სამშობლოს ღირსეულ მსახურებას!
თუმცა, კარგი განათლების მიღების შემთხვევაში კი აუცილებლად გამოადგებით საკუთარ თავსაც და სამშობლოსაც!" - წერს რომან თეთვაძე.