როგორ დავთვალოთ კალორიები სწორად - მარი მალაზონიას პრაქტიკული რჩევები - მშობლები

როგორ დავთვალოთ კალორიები სწორად - მარი მალაზონიას პრაქტიკული რჩევები

2026-07-15 09:13:57+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ შეგვიძლია, დავთვალოთ კალორიები სწორად ჩვენი ხელის დახმარებით:

- თუ ჩვენ საკუთარ ხელს გავხსნით და ხელისგულს ზომას ზემოდანაც და სისქეშიც დავაკვირდებით, დღიურად მისაღები ცილის რაოდენობას ძალიან ადვილად მივხვდებით.

მაგალითად, ქალებისთვის საზომი ერთი ხელისგული, ხოლო მამაკაცებისთვის ორი ხელისგული გახლავთ. ამ პორციაში საქონლის, ფრინველის ხორცი, თევზი და ლობიოც კი მოიაზრება. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ცილოვანი კომპონენტების მისაღები რაოდენობა ქალებისთვის ერთ ხელისგულს, ხოლო მამაკაცებისთვის ორ ხელისგულს შეადგენს.

​მუშტის შეკვრის შემთხვევაში, ბოსტნეულის იმ მინიმალურ რაოდენობას აღმოვაჩენთ, რომელიც თითოეულ ულუფაში უნდა გვქონდეს. ეს მოცულობა ქალებისთვის სულ მცირე ერთ მუშტს, ხოლო მამაკაცებისთვის ორ მუშტს უტოლდება. ეს არის ის მინიმუმი, რაც ულუფაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ​არ უნდა დაგვავიწყდეს ბოსტნეულის ის სახეობები, რომლებიც ნახშირწყლებს შეიცავს (მაგალითად, კარტოფილი).

ამავე ჯგუფში მარცვლეულ-ბურღულეულიც უნდა გავიაზროთ. ამ შემთხვევაში საზომად რეალურად მუჭი (პეშვი) გამოიყენება. ბოსტნეულთან შედარებით, რომლის პორციაც მთელ მუშტს უტოლდება, ნახევრად გახსნილ მუჭში საკმაოდ ცოტა პროდუქტი ეტევა. შესაბამისად, ქალებისთვის საზომად ერთი მუჭი, ხოლო მამაკაცებისთვის ორი მუჭი მიიჩნევა. ​რაც შეეხება მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის ცხიმების (მათ შორის კარაქისა და ზეთის) ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრას, ჩვენს საზომს საკუთარი ცერი წარმოადგენს. ქალების შემთხვევაში ერთი ცერი, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ორი ცერი გამოიყენება. ​

აზომვისთვის ყოველთვის საკუთარ ხელს ვიყენებთ და არა სადღაც ზოგადად მითითებულ ნორმებს. ზომების განსაზღვრისას სწორედ ამიტომ არის საკუთარი ხელის უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჩემი თეფში, ჩემი ხელები, ჩემი საწყაო და ჩემი კვების მოდელი - ეს არის ის განსაკუთრებული არჩევანი, რომელიც ზაფხულში, ნებისმიერ ადგილას ყოფნისას, საკუთარი კვების ოპტიმალურად მართვის საშუალებას გვაძლევს. ​უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეზონური და ჩვენს მიწაზე ენდემურად მოყვანილი პროდუქტები საკვები ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარია, ამიტომ ისინი უხვად უნდა გამოვიყენოთ. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ მთავარი ამოცანის გადაჭრას შემოდგომისა და ზამთრის დადგომამდე შევძლებთ. ზაფხულის მსუბუქ სამოსში საკუთარ სხეულს ბევრად უფრო კრიტიკულად ვაფასებთ, შესაბამისად, საკუთარ გამარჯვებებსა და წარმატებებსაც ბევრად უფრო ობიექტურად შევხედავთ. ​და რაც მთავარია, უნდა ვჭამოთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვჭამოთ.

როგორ ავაჩქაროთ კალორიების წვა დილიდანვე თან ისე, რომ ორგანიზმმა ტკბილი არ მოგთხოვოთ – 7 ეფექტური გზა
პური შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ... პურის ამოღება რაციონიდან აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს - ლაშა უჩავა განმარტავს, დასაშვებია, თუ არა ღამის საათებში პურის მიღება