"მამა სულ ჩვენ გვერდით არის და ყველაფერში გვეხმარება... დედაჩემის გარეშე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია... ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვითამაშებთ..." - დათა და საბა ფაჩულიები - მშობლები

"მამა სულ ჩვენ გვერდით არის და ყველაფერში გვეხმარება... დედაჩემის გარეშე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია... ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვითამაშებთ..." - დათა და საბა ფაჩულიები

2026-07-15 12:55:41+04:00

ცნობილი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ვაჟები - დავით და საბა ფაჩულიები, რომლებიც უკვე საკმაოდ წარმატებულები არიან, საქართველოს 18 წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებში გამოიძახეს და ევროპული ტურნირისთვის ემზადებიან. ამ თემაზე, ასევე მშობლების როლზე და მომავლის გეგმებზე მათ პირველ არხზე, ახალ დღეში ისაუბრეს:

დავითი: პირველ რიგში, მადლობა, რომ მოგვიწვიეთ სტუდიაში. ბევრს ნიშნავს ეს ჩვენთვის. წინასწარ ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ მართალია ქართველები ვართ, მაგრამ ამერიკაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ამიტომ შეიძლება ქართულად ლაპარაკი ცოტა გაგვიჭირდეს.

რაც შეეხება გამოძახებას, ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ ამ 12 კაცში მოვხვდე და ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშო.

საბა: მთელი ცხოვრება, მამაჩემს რომ ვუყურებდი ნაკრებში, ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე. როცა გამომიძახეს, ძალიან გამიხარდა. ბავშვობიდან ვოცნებობ, რომ ნაკრებში ვითამაშო.

ჯერჯერობით ძალიან კარგად მიდის. მივდივართ იმისთვის, რომ მთელი ტურნირი მოვიგოთ. არავისი არ გვეშინია, ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

დავითი: პატარა ასაკიდან სულ კალათბურთს ვუყურებდი. ყოველთვის კალათბურთთან ვიყავი, მაგრამ სერიოზულად ვარჯიში, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა გვიან დავიწყე — დაახლოებით 10 წლის ვიყავი.მამაჩემი ყოველთვის გვერდში მიდგას. სულ ჩვენს გვერდით არის, ყველაფერში გვეხმარება — არა მარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც.

საბა: მე სერიოზულად რამდენიმე წლის წინ დავიწყე. თავიდან დიდად არც მინდოდა კალათბურთის თამაში, მაგრამ მერე მამას რომ ვუყურებდი „გოლდენ სტეიტში“, ისეთი მოტივაცია მომცა, რომ მეც მინდოდა ისეთი მაგარი ვყოფილიყავი.

მამა სულ შრომის კულტურაზე გვესაუბრება — სწორ ვარჯიშზე, სწორ კვებაზე, ყველაფერზე, რაც საჭიროა იმისთვის, რომ კარგად ივარჯიშო და კარგად ითამაშო. ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და ყველაფერში გვეხმარება.

დავითი: ორი ალტერ ეგო აქვს, ხან მამის ქუდი ახურავს, ხან მწვრთნელის. ორივე როლი გვჭირდება. მწვრთნელის როლში, უეჭველი უფრო მკაცრია.

დედას რაც შეეხება, ჩემი აზრით, დედაჩემი უფრო მნიშვნელოვან როლსაც თამაშობს. ყველაფერი მისგან იწყება — საჭმელს ის გვიმზადებს, ყველა ვარჯიშზე და თამაშზე დადის. ვინმე თუ ყველაზე ხმამაღლა ყვირის დარბაზში, ალბათ დედაჩემია.

საბა: მეც ზუსტად ასე ვიტყოდი. ამერიკაში რომ ამბობენ, ისეთი ადამიანია — ყველას აერთიანებს. მგონია, დედაჩემის გარეშე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი. როცა ცუდი ვარჯიში ან ცუდი თამაში მაქვს, ყოველთვის ჩემ გვერდით არის, ჩამეხუტება და გამამხნევებს.

happy-new-year2-1767253189.jpg

საბა: მამაჩემი არასოდეს არის ბოლომდე კმაყოფილი. ასი ქულაც რომ ჩააგდო, მაინც რაღაცას გეტყვის. დედაჩემი ყველაფერზე კმაყოფილია — ორი ქულაც რომ ჩააგდო, მაინც გამხნევებს და მოტივაციას გაძლევს.

დავითი: ჩემთვის პირველი პრიორიტეტი სწავლაა. მინდა ისეთ უნივერსიტეტში წავიდე, სადაც კარგი სასწავლო პროგრამაა.კალათბურთი ჩემთვის მეორე ადგილზეა. რა თქმა უნდა, მინდა ისეთ ადგილზე წავიდე, სადაც ბევრს ვითამაშებ და განვითარებისთვის კარგი პირობები მექნება. არ მინდა ისეთ სკოლაში წასვლა, სადაც სათამაშო დრო და განვითარების შესაძლებლობა არ მექნება.

წავლა რაღაც მხრივ მოედანზეც გეხმარება, მაგრამ უფრო მოედნის გარეთ. ერთხელაც ის დღე მოვა, როცა კალათბურთს აღარ ითამაშებ. მერე რას გააკეთებ? მაინც უნდა იმუშაო. ამიტომ სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალში რაღაც საქმე გქონდეს.არ მინდა ხალხმა თქვას, რომ მხოლოდ კარგი კალათბურთელი იყო. მინდა თქვან, რომ კარგი კალათბურთელიც იყო და ჭკვიანი ადამიანიც.

ბევრს ვვვრჯიშობთ... ყოველთვის უნდა გქონდეს რეჟიმი და ყოველდღე ერთნაირი დისციპლინით იმუშაო. ვარჯიშს თავისი დრო აქვს — იქნება ეს ერთი საათი თუ სამი საათი, იმ დროს ყველაფერი უნდა ჩადო.ვარჯიშის შემდეგ უნდა დაისვენო და უკვე შემდეგ ვარჯიშზე იფიქრო. მერე მოდის ძილი. ძილი სპორტსმენისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდაც, ბავშვებისთვისაც ძილი ყველაფერია.ამის შემდეგ შეგიძლია მეგობრებთანაც გაატარო დრო, მაგრამ ყოველდღე გასვლა და გართობა არ შეიძლება. ყველაფერს თავისი დრო აქვს — ვარჯიშსაც და დასვენებასაც.

საბა: მამაჩემი სულ ამაზე მელაპარაკება. მეუბნება, რომ როცა კალათბურთს თამაშობ, რაღაცებზე უარის თქმა მოგიწევს. შეიძლება მეგობრებთან ვერ გახვიდე, ვერც წვეულებაზე წახვიდე, ვერც ვახშამზე, იმიტომ რომ უნდა ივარჯიშო.ყოველთვის მეუბნება: თუ საუკეთესო გინდა გახდე, ეს შენი არჩევანია. თუ ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ შეგიძლია კალათბურთს თავი დაანებო, ჩვეულებრივ სამსახურში იმუშაო და მეგობრებთან რამდენიც გინდა, იმდენჯერ გახვიდე.

მაგრამ თუ კალათბურთი აირჩიე, უნდა იცოდე, რომ რაღაცებს გამოტოვებ. ეს არაფერია, რადგან ბოლოს, როცა იმ მიზანს მიაღწევ, რაც დაისახე, ყველაფერი ამად ღირს.

დავითი: პირველ რიგში, კარგი ადამიანი უნდა იყო. ამის შემდეგ მოდის სწავლა და მერე — სპორტი. ჩემი აზრით, თუ კარგი ადამიანი არ ხარ და არ სწავლობ, ძალიან რთულია სადმე დიდ წარმატებას მიაღწიო.

საბა: მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი სიყვარულია. თუ ეს სპორტი მართლა არ გიყვარს, მაშინ აზრი არ აქვს. თუ გიყვარს, ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ უკეთესი გახდე.

ზაზა ფაჩულიას დიდი ოჯახის ახალი ფოტო და ცნობილი წყვილის სამაგალითო ურთიერთობა