ბავშვობიდან სისტემატური გაუპატიურებისა და ძალადობის მსხვერპლ ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო - მშობლები

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო - “ჩვენ არ ვითხოვთ შურისძიებას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას...”

2026-07-15 18:51:55+04:00

ნატა ვიბლიანს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი იცნობს და გულშემატკივრობს. რამდენიმე თვეა, ათასობით ადამიანი უსმენს და შეძრულია მისი უმძიმესი მონათხრობით იმის შესახებ, თუ როგორ იყო არაერთგზის გაუპატიურების მსხვერპლი 9 წლის ასაკიდან, კარის მეზობლის და ნათლიის ძმის, ზრდასრული მამაკაცის მიერ; როგორ იმშობიარა 14 წლის ასაკში ისე, რომ დღემდე არ იცის, რა ბედი ეწია ბავშვს და როგორ ეძებს სამართალს დღეს, მრავალი წლის მერე, ძველი თანასოფლელების თუ ნათესავების წინააღმდეგობის მიუხედავად. როგორც ნატა წერს, მისი მონათხრობის შემდეგ მან მიაღწია იმას, რომ საქმეზე ძიება დაიწყო და მას ადვოკატიც ჰყავს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს.

"ჩემო ძვირფასებო, მოგმართავთ ყველას. დღეს იმაზე მეტად ბედნიერი ვარ, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი, ეხლა კი ჩემი საქართველოა ჩემს გვერდით, ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე.

ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში ჩემს გვერდით დადგა სრულიად უსასყიდლოდ, ყველანარი თანხის გარეშე ბატონი ტარიელ კაკაბაძე თავის უძლიერეს გუნდთან ერთად. დღეიდან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება ჩემი - ნესტან ნატა ვიბლიანის საქმეს, გთხოვთ მიმართოთ ბატონი ტარიელის გუნდის წევრს, ძვირფას ადამიანს და ადვოკატს ქალბატონ ბარსონიძეს. ყველა საკითხი უნდა შეთანხმდეს ქალბატონ მარიამთან, ეს იქნება კერძო პირი, ტელევიზია, ჟურნალისტები თუ დამოუკიდებელი ორგანიზაციები. არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შეიძლება ჩემი სიხარული გადმოგცეთ. თითქოს იმ პატარა გოგოს ხელი ჩამკიდეს და ჩამიხუტეს. მე აღარ მტკივა სული, ჩემო საქართველო. მიყვარხართ", - წერს ნატა ვიბლიანი.

ხოლო ნატას ადვოკატი მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს ავრცელებს:

"ზოგჯერ სამართლებრივი ბრძოლა მხოლოდ საქმის მასალებით არ იზომება. ზოგჯერ მის უკან დგას ადამიანის ცხოვრება, მისი ღირსება, მისი შიში, მისი იმედი და მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ნამდვილად არსებობს.
ნატა ვიბლიანის ხმა უნდა იყოს მოსმენილი. არა იმიტომ, რომ ის სხვაზე მეტს ითხოვს — არამედ იმიტომ, რომ ის ითხოვს იმას, რასაც ყველა ადამიანი იმსახურებს: ყურადღებას, პატივისცემას და სამართლიანობას.
ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს წინასწარ გამოვუტანოთ განაჩენი.
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ სიმართლეს მიეცეს შესაძლებლობა.
იმისთვის, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არ დარჩეს უგულებელყოფილი და არც ერთი ადამიანის ღირსება არ გახდეს მეორეხარისხოვანი.
დღეს მე აქ ვდგავარ, როგორც ნატა ვიბლიანის ადვოკატი, მაგრამ ამავე დროს — როგორც ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ადამიანის ტკივილს აქვს მნიშვნელობა და ყველა ადამიანის ხმას აქვს ფასი.
მე, როგორც ადვოკატი, ვიღებ ამ პასუხისმგებლობას.
ვიქნები მის გვერდით არა მხოლოდ სასამართლო დარბაზში, არამედ ამ რთულ გზაზე, სადაც მთავარი იარაღი იქნება კანონი, მტკიცებულება და სიმართლე.
ჩვენ არ ვითხოვთ შურისძიებას.
ჩვენ არ ვითხოვთ ემოციურ განაჩენს.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას.
და სანამ არსებობს უფლება, რომელიც დასაცავია — არსებობს ვალდებულება, რომ მისთვის ვიბრძოლოთ.
ნატა ვიბლიანის უფლებების დაცვა გაგრძელდება ღირსებით, მტკიცედ და ბოლომდე".