"ქართულ ლიტერატურაში 27 ახალი ლექსი დავამატეთ... სახელმძღვანელოებში ინტეგრირებულია QR კოდები" - როგორი იქნება ახალი სასკოლო წიგნები სექტემბრიდან - მშობლები

"ქართულ ლიტერატურაში 27 ახალი ლექსი დავამატეთ... სახელმძღვანელოებში ინტეგრირებულია QR კოდები" - როგორი იქნება ახალი სასკოლო წიგნები სექტემბრიდან

2026-07-16 09:36:52+04:00

ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდებიან. სახელმძღვანელოების რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი წიგნები დახვდებათ. ეს ცვლილება ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების დაბრუნებასა და შინაარსობრივ განახლებას გულისხმობს. რა ეტაპზეა ახალი სახელმძღვანელოების მომზადება და რამდენად მზადაა სასკოლო სისტემა ამ მასშტაბური ცვლილებებისთვის - თემაზე გადაცემაში "იმედის დილა" განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი საუბრობს:

- სკოლას უბრუნდება ის მთავარი ძარღვი და ღირებულებები, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას და ის სასწავლო პროცესი, რომლითაც ჩვენი შვილები უნდა იზრდებოდნენ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს უდიდესი პროცესია, ბევრი ეტაპი უკვე გავიარეთ და წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველოდება. მთავარი მოტივაცია, რის გამოც სამინისტრომ სახელმძღვანელოების შექმნა გადაწყვიტა, არის ის, რომ ჩვენს შვილებს გულში ქვეყნის სიყვარული ავუნთოთ. მათ უნდა იცოდნენ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და როგორი ქვეყნის შვილები ვართ. მათ საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე სწორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რათა ზუსტად იცოდნენ, როგორ მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ. სკოლამ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, ყველა საგანში.

ეროვნულ ღირებულებებზე გასვლისთვის არსებობს საგნები, რომლებსაც უფრო მეტი დატვირთვა აქვთ. ესენია: ქართული ენა, ქართული ლიტერატურა და ისტორია. თუმცა, სწორი მოტივაციაც გვაქვს და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც აჩვენებს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებითაც შესაძლებელია ამ ღირებულებებზე გასვლა. მთავარი ამოცანა ის არის, რომ სასწავლო პროცესი ბავშვისთვის გასაგები, საყვარელი და საინტერესო გახდეს.

ამ ყველაფრის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა მასწავლებელს ენიჭება, თუმცა სახელმძღვანელოს როლიც ძალიან დიდია. წიგნის ფორმა ისეთი უნდა იყოს, რომ ბავშვისთვის ინტერესი აღძრას, არ დააფრთხოს და არ გაუჩინოს განცდა, რომ მასალას ვერ დაძლევს. ამ მიზნით კონკრეტულ მეთოდოლოგიას, კონსტრუქტივისტულ მიდგომას ვიყენებთ. მოდით, ავხსნათ, რას ნიშნავს ეს.

ეს არის მეთოდი, როდესაც სწავლებას კონკრეტული ფაქტის გაანალიზებით იწყებ. მაგალითად, მეშვიდე კლასის ბიოლოგია, ქიმია თუ ფიზიკა რთული ტერმინებით კი არ იწყება, რაც ბავშვს ქვეცნობიერად აშინებს, არამედ იმის დაკვირვებით, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. ბავშვი თავად აანალიზებს, ხსნის და აფასებს მოვლენებს. შესაბამისად, პრაქტიკასა და მის მიერ გაკეთებულ აღმოჩენებზე დაყრდნობით გადავდივართ თეორიულ ნაწილზე, ანუ ვუხსნით, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. თავად სახელმძღვანელოების ფორმატზეც ბევრი ვიმუშავეთ. ის ისეა აგებული, რომ ნებისმიერ საგანში, იქნება ეს ფიზიკა, ქიმია თუ ბიოლოგია, ბავშვმა სამყაროში იმოგზაუროს. აღარაფერს ვამბობ ქართულ ენაზე, ლიტერატურასა და ისტორიაზე, რომლებზეც ცალკე საუბრის საშუალებაც მექნება.

- რა იყო ძველი სახელმძღვანელოების მთავარი პრობლემა, რაც ახალ წიგნებში აღარ იქნება და როგორ მიმდინარეობს პილოტირების პროცესი? თქვენი აზრით, რა ეტაპები უნდა გაიაროს ამ წიგნებმა წარმატების მისაღწევად?

- ეს მეთოდი, რომელიც მარტივად ავხსენი, ზუსტად ის სიახლეა, რომელიც დაგვხვდება. რა თქმა უნდა, აქამდე გრიფირებულ წიგნებშიც ზოგიერთ შემთხვევაში იგრძნობოდა ეს მიდგომები, მაგრამ ჩვენ ახლა სისტემურ ხედვაზე ვსაუბრობთ. მთავარია, სასწავლო პროცესი ოცდამეერთე საუკუნის ბავშვისთვის საინტერესო და მისაღები გახდეს. მინისტრმა სწორედ იმას გაუსვა ხაზი, რომ ეს მეთოდოლოგია ბავშვის საკლასო ოთახთან მიჯაჭვულობას უზრუნველყოფს. ამ გამოწვევას თვალს ვუსწორებთ და პროცესში ყველა ჩართული იყო.

იმისათვის, რომ წიგნი საინტერესო გახდეს, მას ბევრი კომპონენტი სჭირდება. პირველ რიგში, მასალა ბავშვისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს გადმოცემული, რის გამოც პროცესში ფსიქოლოგებიც გვყავდა ჩართული. სიტყვების რაოდენობასაც კი აქვს მნიშვნელობა - ერთ პარაგრაფში 500 სიტყვაზე მეტი არ უნდა იყოს, რათა მასალა ასაკის შესაბამისი და ადვილად დასაძლევი გამოდგეს.

რუბრიკებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს რუბრიკებია: "რა ხდება ჩვენ გარშემო?" (პრაქტიკა), "ესე იგი, ეს თურმე ეს ყოფილა" (დასკვნა), "გამომყევი", "დამაკვირდი" და "კიდევ უფრო მეტი" (ახალი მასალის ახსნა). სახელმძღვანელოებში მკაფიოდ არის გაწერილი, რას აკეთებს მოსწავლე საკლასო ოთახში, იქვეა მოცემული ამოხსნებიც. წიგნი იმ პრინციპითაა აგებული, რომ თუ ბავშვი სკოლაში ვერ მივა, მასალის დამოუკიდებლად ათვისება მაინც შეძლოს.

ასევე, გვაქვს ცოდნის გასაღრმავებელი თემებიც. სახელმძღვანელოში ძირითადი მასალა საშუალო მოსწრების ბავშვზეა გათვლილი, მაგრამ უფრო ღრმად შესასვლელად სპეციალური რუბრიკები არსებობს, ლიტერატურული სახელოსნოდან დაწყებული, ლექსიკონით დასრულებული. თითოეული პარაგრაფის ბოლოს ტერმინები ჯამდება. რუბრიკაში "ესეც საინტერესოა" მოცემულია დოზირებული ინფორმაცია ცნობილ მეცნიერებზე. გარდა ამისა, წიგნებში QR კოდებია ინტეგრირებული. წინა გადაცემებშიც აღვნიშნე, რომ ჩვენი მუზეუმების კარი ბავშვებისა და სახელმძღვანელოებისთვის გაიღო.

QR კოდებში ჩვენი უნიკალური მასალაა ჩატვირთული - ქართველი მეცნიერების მიღწევები, აღმოჩენები და გამოგონებები. როგორც მინისტრმაც აღნიშნა, შიგთავსთან ერთად, წიგნის ყდაც კი ინფორმაციულია. მასზე გამოსახულია ის უნიკალური მიმართულებები, რითაც მსოფლიოს თავს ვამახსოვრებთ, მაგალითად: წიპწა, ხორბალი, ღვინო და სხვა უდიდესი აღმოჩენები. ჩვენი მიზანია, ამ მეთოდოლოგიით მოსწავლეს ინფორმაცია კი არ დავაგროვებინოთ, არამედ სიღრმისეული ცოდნა მივცეთ.

საზეპიროც მნიშვნელოვანია, ოღონდ უნდა დაიზეპირო არა რთული ტერმინები, არამედ - ლექსი.

ტერმინების დაზეპირება მაშინ ხდება საჭირო, როცა იქამდე სწორი გზით ვერ მიგიყვანეს.

- სახელმძღვანელოს ასეთი ფორმით გამოშვება ერთგვარი დაზღვევა ხომ არ არის იმისა, რომ ერთი და იგივე საგანი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვანაირად არ იცოდნენ?

- ამ პრობლემის მოსახსნელად მასწავლებლის წიგნიც ისე შევადგინეთ, რომ დეტალურად არის გაწერილი, თუ რის შემდეგ რა უნდა გააკეთოს პედაგოგმა. ეს მასწავლებელს თავისუფლებას არ უზღუდავს, არამედ პროგრამასთან ბმაში მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოების საშუალებას აძლევს. ეს ახალ მეთოდოლოგიაში მასწავლებლისთვის დამხმარე ხელსაწყოა, რასაც ტრენინგებიც დაემატება. შესაბამისად, პედაგოგისთვისაც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ვქმნით და ბავშვსაც ვუადვილებთ დამოუკიდებელ მუშაობას.

აუცილებლად მინდა ქართულ ლიტერატურაზე გადავიდე. მასალა თემებადაა დაჯგუფებული. ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ყველაფერს ვკითხულობ, წიგნები უკვე ბეჭდვაშია ჩაშვებული. მეშვიდე კლასის სახელმძღვანელო ასე იწყება: "სამშობლო უპირველეს ყოვლისა". ამ თავში წარმოდგენილია ჩვენი უდიდესი კლასიკოსების ნაწარმოებები, რომლებითაც ვამაყობთ. მაგალითად, მოტანილია აკაკი წერეთლის "ღამურა" და "ხატის წინ". კითხვების საშუალებით ბავშვს მასალა სიღრმისეულად მიეწოდება: "კი… მაგრამ მნათე არსად ჩანს, ჩემთან მომტანი ცეცხლისა, ის მოციქული მომავლის, მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა". მასწავლებელი სვამს კითხვას, თუ ვინ არის მნათე და გვჭირდება თუ არა ის ცხოვრებაში. შემდეგ ეს თემა იშლება და ბავშვი ხვდება, რომ მის გარშემო მნათე შეიძლება იყოს დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მასწავლებელი თუ მეგობარი, და თავადაც უნდა გახდეს სხვისთვის მოტივაციის მიმცემი. სამშობლოს თემაში, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდით იდეას, რომ თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს და არ იცნობ, სხვისას ვერ შეიყვარებ და ვერ დააფასებ. ეს მხოლოდ აკაკის მაგალითზე ვთქვი, კიდევ ერთი თემა მინდა ვახსენო.

შემოტანილი გვაქვს თემა "მოუარე საქართველოს". აქ წვიმის წვეთები, რუსთაველი, რიონი თუ თერგი თითქოს ყველანი მოსწავლეს საქართველოს მოვლისკენ მოუწოდებენ. თემის ბოლოს კი დასმულია კითხვები: "რა ფერები დაინახეთ ამ ნაწარმოებში?" ან "რა ხმები გაიგონეთ?". ხმებზე საუბრისას, რადგან მრავალფეროვანი კულტურითა და მრავალხმიანობით ვამაყობთ, წიგნში დევს QR კოდი, რომლითაც კოსმოსში გაგზავნილ "ჩაკრულოს" ვუსმენთ.

ჩვენი მიზანია საკუთარი ქვეყნის, ისტორიისა და ტრადიციების მცოდნე, ამაყი მოქალაქის აღზრდა. სიამაყის გრძნობა ბავშვს თავისით ვერ გაუჩნდება, თუ ეს ყველაფერი არ ვასწავლეთ. ამიტომ გიდასტურებთ, რომ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ერთ კლასში ერთი სახელმძღვანელო იქნება. რა თქმა უნდა, კერძო სკოლებში საერთაშორისო პროგრამები რჩება, თუმცა ქართულისა და ისტორიის ნაწილში ეს სახელმძღვანელო იქაც სავალდებულო იქნება.

- საუბარია პირველ, მეშვიდე და მეათე კლასებზე. ეს ასაკობრივი კატეგორიები როგორ განსაზღვრეთ?

- ჯერ ამ კლასებით ვიწყებთ, რადგან 2027 წლისთვის უფრო დიდ რეფორმას - რეპეტიტორობის ინსტიტუტის სკოლაში შემოტანას ვგეგმავთ. ზოგადად, სახელმძღვანელოების ამოცვლის ორი პრინციპი არსებობს: ან დაწყებითი საფეხურიდან უნდა აჰყვე, ან საფეხურების გზაგასაყარ კლასებში შეცვალო. ჩვენ მეორე მოდელი ავირჩიეთ: პირველი კლასი, მეშვიდე კლასი (საბაზო საფეხურის დასაწყისი) და მეათე კლასი (საშუალო საფეხურის დასაწყისი). 2027 წლიდან შემოგვაქვს რეპეტიტორობა, რაც მოსწავლის ინტერესების მიხედვით გაღრმავებულ სწავლებას გულისხმობს. ამიტომ მეათე კლასის ბაზა აუცილებლად გვჭირდებოდა.

სიახლეები პარალელურად მინდა ჩამოვთვალო: პირველად შემოდის ქართული ენა ცალკე საგნად, ხოლო ლიტერატურა ცალკე იქნება. ასევე, საქართველოს ისტორია და მსოფლიო ისტორია ცალ-ცალკე ისწავლება მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში. მეათე კლასში კი ისტორია აბსოლუტურად სხვა მეთოდოლოგიით იქნება წარმოდგენილი. მოსწავლე, რომელსაც საქართველოს ისტორია უკვე გავლილი აქვს, მასალას ქრონოლოგიურად კი არ ისწავლის, არამედ თემების მიხედვით. ეს არის ერთგვარი მოგზაურობა ნაცნობ მასალაში ისეთი თემების გარშემო, როგორებიცაა: ომი, საზოგადოება, ჩვენი გმირები და სხვა. მოსწავლე ადრე მიღებულ ცოდნას თავს უყრის და მსოფლიო ისტორიასთან პარალელებს ავლებს. ეს ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება.

ისტორიის სახელმძღვანელოებში მუზეუმებიდან 500-ზე მეტი უნიკალური საგანძურის ნიმუშია წარმოდგენილი ვიზუალურად ან QR კოდებით, რაც ინფორმაციას გვაწვდის, თუ სად რა ინახება. დარწმუნებული ვარ, ექსკურსიების დაგეგმვისას ბავშვებს უკვე ეცოდინებათ, რის ნახვა სურთ. გარდა ამისა, QR კოდებით ინტეგრირებულია დოკუმენტური ფილმები და საარქივო მასალები ილიაზე, ვაჟაზე, აკაკისა თუ ექვთიმე თაყაიშვილზე. ამ უცნობი ისტორიების გამო წიგნებს მშობლებიც ვერ მოწყდებიან. ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლეა წყაროებზე მუშაობის პრინციპიც. მოსწავლე თავად გაეცნობა სხვადასხვა წყაროს, შეაპირისპირებს მათ და განსაზღვრავს, თუ რომელია უფრო სანდო. ამით ბავშვი კრიტიკულად აზროვნებს და პროცესის მონაწილე ხდება, ნაცვლად მშრალი დაზეპირებისა. ქართულ ლიტერატურაში კი სტანდარტს 27 ახალი ლექსი დავამატეთ.

მთლიანი სასკოლო საფეხურის ფარგლებში ილიას, ვაჟასა და აკაკის ნაწარმოებებიც ბევრი შეემატა. გარდა ამისა, შევიტანეთ მურმან ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანისა და ჯანსუღ ჩარკვიანის ისეთი ლექსები, რომლებიც მთელმა ერმა ზეპირად იცის და მღერის.

შეუძლებელია, ამ ნიმუშებს ბავშვებს სკოლაში არ ვასწავლიდეთ. აქედან ჩანს, რამდენად გაღარიბებული იყო წინა პროგრამა. სკოლა არის პერიოდი, როდესაც მოქალაქე ყალიბდება, და თუ იქ ეს ყველაფერი დავაკელით, სწორ ღირებულებებს ვერ მივიღებთ. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან ახალი ეტაპი იწყება, რასაც სკოლაში პატრიოტი მოქალაქის აღზრდის დაბრუნება ჰქვია. პატივს ვცემთ მოსწავლეებს და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სასწავლო პროცესი მათთვის მეთოდოლოგიურად მისაღები იყოს, მასწავლებელი კი - შესაბამისი ინფორმაციით წელგამართული.

- ხშირად გვესმის, რომ ბავშვებს სქელტანიანი წიგნების გამო ძალიან მძიმე ჩანთების ტარება უწევთ. რას ნიშნავს სემესტრული სახელმძღვანელოები და როგორ ჭრის ეს რეფორმა ამ პრობლემას?

- ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩანთები მძიმე აღარ იქნება. აქაც კონკრეტული სტანდარტები ავამოქმედეთ: დაწყებით კლასებში, თუ სახელმძღვანელო 144 გვერდზე მეტი გამოდის, ის ორ ნაწილად იყოფა (ადრე ეს პრინციპი არ გვქონდა). საბაზო და საშუალო საფეხურებზე კი წიგნი ორად იყოფა, თუ მისი მოცულობა 260 გვერდს აჭარბებს.

- საჭიროების შემთხვევაში 3-4 ნაწილადაც დაიბეჭდება?

- დიახ, პრინციპი ასეთია: მასალა იმდენ ნაწილად გაიყოფა, რამდენიც საჭირო იქნება. ბავშვების ცოდნასთან ერთად, მათი ფიზიკური ჯანმრთელობაც ჩვენი პრიორიტეტია.