დუტა სხირტლაძე დიდი ხანია არ გამოჩენილა კამერების წინ. ეს მისი პირველი ინტერვიუა ეკა ხოფერიას შეხვედრებში:
- თეატრალური ოჯახი ვართ. ოდითგანვე, თან დიდი ხნიდან მოვდივართ. ბებია-პაპიდან მოვდივართ, დეიდა-ბიძებიდან და ასე შემდეგ. დოდიკა სხირტლაძე, პაპაჩვენი იყო მსახიობი. მერე ბებიაჩემიც, თინა ბურნუთაშვილი, მისი მეუღლე. „ნატვრის ხეში“ შეთეს დედა, ბოროტი დედამთილი რომ არის, აი, ეგ არის ბებიაჩემი. თუმცა ეგეც კარგი კომიკოსი მსახიობი იყო, მაგრამ მრავალმხრივი — ტრაგიკული როლებიც ნათამაშები აქვს. მოკლედ, „მედეაც“ და „ბებერი მეზურნეებიც“.


დუტას დედა, მაია სხირტლაძე თეატრის მხატვარია და წლებია, დუმბაძის თეატრში მუშაობს. დუტას ნამდვილი გვარი კი ვალიცკია (დემეტრე ვალიცკი), მამამისი პოლონელი იყო.


დუტას უმცროსი ძმა, გიორგი კიკნაძე, რეჟისორია და დუტა ამბობს, რომ 4 წლის წინ სწორედ ძმამ დააბრუნა თეატრში.

ტვინით 30-ს ვერ გადავცდი. არ მემატება, რა ვქნა, რა გავაკეთო. ადამიანი გამოცდილებას იძენს, თორემ აზროვნება, ამბავი, ჩამოყალიბება, აი, 27-28 წლის ასაკში მთავრდება და მერე ხარ სულ მანდ. მერე რაღაც დროს გადაწყვეტ, რომ დავბერდი და ეგ არის. მე ეგეთი დაკვირვება მაქვს. მე ჯერ არ გადამიწყვეტია...

კიკინით დავდივარ, საყურეები დავირჭე, რომ რაღაცნაირად იმ კომუნისტური წნეხიდან ჩემი ტვინი გავათავისუფლო. მილიონ სისულელეს ვაკეთებ, ვიბრძვი საკუთარ თავთან, რაღა თქმა უნდა. თუმცა რაღაცებში ამოხტება ხოლმე იმდროინდელი სისულელეები, რომლებიც გვიტენეს თავში მაგრად...თავისუფლება არა გვაქვს აზროვნებაში. აი, ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს: „აი, კაი, ესე ვინ გეკითხება?“
ვერ გამოდიან იქიდან, რომ ნებისმიერ ადამიანს... შენც, ბიჭო, ვეუბნები, შენც რაც გინდა, ის გააკეთე. როცა ტრადიციებზე ლაპარაკობ, მარტო სოფლის რაღაც ტექსტებზე არ უნდა იყო აწყობილი და ვიღაცის გადმოსმენილზე. სუფრა კი იყო აკადემია მაშინ, როდესაც რუსებმა აკრძალეს ქართული ისტორიის შესწავლა ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი ქნეს იმისთვის, რომ საკუთარი წარსული წაგეშალა. ილია ჭავჭავაძემ „დავით აღმაშენებელი“ მაგიტომ დაწერა და იმიტომ დაიწყო იმ სიტყვებით, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი საკუთარ ისტორიას ივიწყებსო. იმიტომ დაიწყო ამით, რომ ნელ-ნელა ისე ყოფილიყო, დაინტერესებულიყო საქართველო, წარსულზე ჰქონოდა ორიენტირი და იმაზე აწყობილიყო. მერე რუსებმა: „თქვენ რა კარგად მომღერალი ხალხი ხართ“, „თქვენ რა კარგი ხაჭაპური გაქვთ“, „თქვენ რა კარგი მოქეიფე ხალხი ხართ“. ეს მეომარი და მიწადმოქმედი ხალხი უცბად აქციეს მომღერალ და ხინკლიან ხალხად. ეგრე არ არის.
თუ ტრადიციები გაინტერესებს, მაშინ უფრო ღრმად უნდა წახვიდე საკუთარ ისტორიაში. მაშინ აღარ დასვამ ეგეთ შეკითხვებს და მაშინ თავისუფლების ხარისხი შენში გაიზრდება. ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებას სცემ პატივს. თუმცა არსებობს რაღაცები — განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში — რომ თავისუფლება და უზრდელობა ერთმანეთში ერევათ. იმიტომ, რომ ავიწყდებათ, სხვისი თავისუფლებაც არსებობს. როდესაც საზოგადოებაში ხარ და სხვასთან ერთად არსებობ, იქ გარკვეული საზღვრები არსებობს. თუ უზრდელობაში გადახვედი, ეგ უკვე თავისუფლება აღარ არის.
არ მინდა ვიყო ჯაჯღანა მშობელი. მამათა და შვილთა ბრძოლა რომ არ იყოს მუდმივი. მიყვარს, როდესაც ჩემს შვილებს ვუსმენ. ნუ, რაღაც დროს, გარდატეხის ასაკები რომ დაამთავრეს, მანამდეც, ვუსმენ ჩემს შვილებს და არა ის, რომ მე რაღაცა მათ ჭკუა ვარიგო. არა, როგორც თვითონ უნდათ, ისე ცხოვრობენ და მაქსიმალურად ხელს ვუწყობ, რომ ისე იცხოვრონ, როგორც თვითონ უნდათ.


მშობლებსა და შვილებს შორის მთავარი უნდა იყოს ის, რომ ერთმანეთის სანდოობა მოვიპოვოთ, მე მგონი. იმიტომ, რომ არ არის ეს — მე შენზე ჭკვიანი ვარ, იმიტომ რომ შენზე მეტი ვიცხოვრე. არ არის ეგ სწორი...
ჩემი მთავარი მიღწევა, მგონია, რომ შვილებია. ამ წუთას ნინი და ლუკა არიან რომში. მარიამი ფრაიბურგშია, გერმანიაში (დუტას სამი შვილი ჰყავს ორი ქორწინებიდან. უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - მარიამ სხირტლაძე გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში და მამასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. დაოჯახებულია და ორი შვილის დედაა. -რედ.).
გუშინ ჰქონდა ლუკას გამოფენა თავის პედაგოგთან და რამდენიმე მოსწავლესთან ერთად. გადაწყვიტა პედაგოგმა, რომ გაეკეთებინა დიდი გამოფენა და ლუკას ნამუშევრებიც მოხვდა ამ გამოფენაში. ლუკა 22 წლისაა, ქანდაკება აირჩია თავის დროზე. ახლა კიდევ რაღაც სიახლეები აქვს. ვნახოთ... უნდა, რომ სხვა მიმართულებითაც წავიდეს. მე მაქსიმალურად ხელს ვუწყობ.
ნინი ფერწერაზე სწავლობს. რომის RUFA-ში სწავლობენ. ნინი ახლა დიპლომს იცავს, მაგაზეა წასული — სადიპლომო გამოცდები აქვს. ფერწერა აირჩია.

დავანებე საჯარო არსებობას თავი ძალიან დიდი ხნის წინ. ერთადერთი, რაც იყო ხოლმე, იყო ის, რომ თუ რომელიმე გადაცემას წავიყვანი, მაქსიმუმ ეგ. დანარჩენი — ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეწყვეტილი მქონდა უკვე ბევრი წელია...აი, რაც „დუტა უთოშია“-ს იძახდნენ, მას მერე.
როცა ტელევიზიაში ხარ და ქუჩაში ბავშვი დაგინახავს, რაღაცნაირად აღფრთოვანებული თვალებით რომ გიყურებს, რომ გიცნო, ფოტო რომ გადაიღო... მაშინვე აცნობიერებ, როგორც კი ტელევიზიაში იწყებ მუშაობას, რომ უბრალოდ არ შეიძლება მარტო ის აკეთო ტელევიზიაში, რაც დაგავალეს. თუ რაღაც ახალი, მომავალი თაობა შენ გიყურებს, მაშინ რაღაცნაირად, პირდაპირი არა, მაგრამ ირიბი, დადებითი მაგალითები უნდა მისცე ადამიანს. იქნება ეს პოზიტივი, იქნება ეს შრომის სიყვარული... მაგრამ ნახე, როგორი რამე მოხდა. ბევრგან ვმუშაობდი პარალელურად - „ჯეოსელში“ ვიყავი, ტელევიზიაში, სპექტაკლებს ვთამაშობდი ერთ თეატრში, მეორე თეატრში, გადაღებები მქონდა. თან ისეთი პერიოდი იყო, რომ კინოშიც მიღებდნენ. ბევრი შრომა ასწორებს. წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა. როგორ შეიძლება გახდე წარმატებული ადამიანი? - შრომით, კი ბატონო. მაგრამროგორც კი ეს გახდა ასეთი ფრთიანი ფრაზა, "დუტა უთოშიც", „ყველგან დუტა“, „უთოსაც რომ ჩართავ, დუტა...“ უცბად ის, რაც მე მინდოდა, რომ ყოფილიყო რაღაცნაირი დადებითი, გახდა ისეთი - „აუ, აქაც შენა ხარ?“ და რაღაც...იცი, ეგრე ღადაობდნენ ხოლმე. თან ბევრს ვმოგზაურობდი ქვეყნის მასშტაბით.„აუ, აქაც შენა ხარ, აქაც შენ...“ შრომა დასაცინი რომ ხდება, მიტყდება უბრალოდ, მეტი არაფერი.
... მაგალითად ახლა ქართველი კინორეჟისორები, მგონი, იმ მიზეზით, რომ ზედმეტად გაცვეთილი სახე ვარ, აღარ მიღებენ კინოებში. მარტო კომერციულ პროექტებში მიღებენ.როგორც მსახიობი, მგონია, რომ რაღაც ასე თუ ისე ცოტა გამეგება ჩემს პროფესიაში. სამწუხაროდ, ვერ ვიმუშავე ქართულ კინემატოგრაფში.
არჩევანია. აი, საკუთარ თავთან რომ გამოტყდები, რომ „ეს არის ჩემი არჩევანი, დამთავრდა, მე ეს ავირჩიე და ამ ადამიანს უნდა დავუთმო ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი...“თუ ეს არჩევანი არ გააკეთე, ყველაფერი შეიძლება იყოს დროებითი.ეს არის - „მე მინდა, ჩემი ცხოვრება დავუკავშირო ამ ადამიანს, ამ ადამიანთან ვიარსებო.“ მერეროგორ შეინახავ, გააჩნია. როგორ ინახავ ამ ურთიერთობას.
მარტივ რაღაცებზეა ლაპარაკი. სახლიდან გადიხარ, სახლში მოდიხარ - ერთი 20–25-წამიანი ჩახუტება, რაღაცები... ეს ყველაფერი მუშაობს. ეგეთი პატარა წვრილმანი რაღაცები.უცბად: „ყავა გაგიკეთე, აი, მიირთვი.“ ან: „დღეს რა გაგიკეთო საჭმელი?“ — რავი, მოსულა ეგეთი რაღაცები.
მე ეგრე მიყვარს, რომ ვანებივრებ ჩემს ოჯახს. თუმცა მანებივრებენ ისინიც. აი, ეგრე ვანებივრებთ ერთმანეთს და უფრო ადვილი გამოდის მერე იმ გრძნობების შენარჩუნება, რომლებიც თავიდან ასეთი ძლიერი იყო. ალბათ ახლაც ეგრეა, თორემ აბა, რა გვინდა ერთად? არავინ გვაძალებს. აღარ არის ეგ დრო — „მეზობელი რას იტყვის“ და „ვიღაცა რას იტყვის“.
თუ ხარ ერთად, ერთად ყოფნა იმიტომ გინდა. თუ ისევ იმაზე ვფიქრობთ, ვინ რას იტყვის, მაშინ ესე იგი ჯერ კიდევ იმ ლენინის ძეგლთან დადებული ფიციდან ვერ გამოვსულვართ.