ქართველმა სტუდენტმა საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი წარმატება მოიპოვა - მშობლები

ქართველმა სტუდენტმა საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი წარმატება მოიპოვა

2026-07-16 15:58:56+04:00

ქართველმა სტუდენტმა საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი წარმატება მოიპოვა - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ მეიშვილი იტალიაში, სიცილიის ქალაქ ჯიბელინაში გამართულ საერთაშორისო შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილეობდა. მისი საპროექტო იდეა სპეციალურმა კომისიამ პალერმოში გამართულ სხდომაზე, ორიგინალური კონცეფციისა და საგამოფენო სივრცესთან შესაბამისობის ნიშნით შეარჩია და რეალიზაციისთვის იტალიაში, სიცილიის ქალაქ ჯიბელინაში, ერთთვიან შემოქმედებით რეზიდენციაში მიიწვია.

პროექტის შესახებ ნარიამმა გასული წლის ოქტომბერში, აკადემიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიტყო - საერთაშორისო ღია კონკურსი „Cum Grano“-ს შესახებ, რომელიც იტალიის კულტურული დიპლომატიის პროგრამის ფარგლებში ცხადდებოდა. მარიამმა გადაწყვიტა, საკუთარი ძალები მოსინჯა და ორგანიზატორებს თავისი საპროექტო იდეა, ჩანახატი და ბიოგრაფიული მონაცემები გაუგზავნა. მისი ნამუშევრის კონცეფცია პალერმოში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ განიხილა და წარმოდგენილ იდეებს შორის ერთხმად შეარჩია, რითაც მარიამმა მოიპოვა უფლება, გამგზავრებულიყო სიცილიაში და საკუთარი პროექტი რეალობად ექცია.

intalacia-1784204082.jpg

ჯიბელინა, რომელიც 2026 წელს იტალიის თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქად არის დასახელებული, ხელოვანებს ერთთვიან შემოქმედებით რეზიდენციას სთავაზობს. ამ პერიოდში მარიამ მეიშვილმა, პროექტ „SEEDS - Blooming Art“-ის ფარგლებში, სრულფასოვანი ინტერაქციული ინსტალაცია „ნანგრევებიდან აღორძინებამდე - აყვავებული ხორბალი“ შექმნა.

ნამუშევარი ჯიბელინას ისტორიულ კონტექსტს, კონკრეტულად კი 1968 წლის მიწისძვრის შემდგომ რეალობას ეხმიანება. ინსტალაციის ცენტრალური ფიგურა 2.7 მეტრი სიმაღლის ოქროსფერი ხორბლის თავთავის სკულპტურა იყო, რომელიც ლითონისა და პოლიესტერის მასალებისგან დამზადდა. ნამუშევრის ირგვლივ განთავსებული ადგილობრივი ნანგრევები ქმნიდა ფონს, საიდანაც ახალი სიცოცხლე იწყებდა აღმოცენებას.

7eaff761-c757-4714-b1d6-b50734676110-1784204113.jpg

პროექტის წარმატება მისმა ინტერაქციულმა ხასიათმა განაპირობა. 27 ივნისს, გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე, ჯიბელინას მერმა სალვატორე სუტერამ და დამთვალიერებლებმა უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა შემოქმედებით პროცესში – მათ ინსტალაციის ნაპრალებში არსებულ ნიადაგში ხორბლის მარცვლები დათესეს. დროთა განმავლობაში ნანგრევების სტრუქტურიდან ამოსული მწვანე ჯეჯილი ნამუშევარს ცოცხალ, მუდმივმოქმედ სახეს აძლევს, რაც პროექტს ერთჯერადი გამოფენიდან ყოველწლიურ ციკლურ ნამუშევრად აქცევს. მარიამ მეიშვილისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს პირველი საერთაშორისო გამოცდილებაა, რომელმაც აჩვენა, როგორ შეიძლება სტუდენტური პროექტის კონკურსის გზით საერთაშორისო კულტურულ პლატფორმაზე წარდგენა და რეალიზება. რეზიდენცია განხორციელდა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, სეგესტას არქეოლოგიური პარკის დირექტორის ლუიჯი ბიონდოსა და კურატორ მასიმო მირაბელას ხელმძღვანელობით.

meishvili2-1784204142.jpg