ხშირად, როდესაც ახალ ტანსაცმელს ვყიდულობთ, ჩვენ მხოლოდ მის ფერს, მოდელსა და ფასს ვაქცევთ ყურადღებას. თუმცა, ხანდახან „იაფფასიანი“ ან გაურკვეველი წარმომავლობის ნივთების უკან რეალური საფრთხე იმალება. ტექსტილის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ქიმიზებული დარგია და არაერთმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მიერ ნაცვამ ტანსაცმელს შესაძლოა ჩვენივე ჯანმრთელობაზე ჰქონდეს გავლენა. რა ხდება ქსოვილის დამუშავების დროს და როგორ უნდა ამოვიცნოთ ტანსაცმელი, რომელიც უმჯობესია, საერთოდ ეხებოდეს კანთან?
ტანსაცმელი არ არის მხოლოდ ნაჭერი; ეს არის ქიმიური ნაერთების კომპლექსური „კოქტეილი“. წარმოების პროცესში გამოიყენება ათასობით სახის ქიმიკატი: საღებავები, ფიქსატორები, დამარბილებლები და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.
საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ კანი ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც იწოვს კონტაქტში მყოფ ნივთიერებებს. დავახასიათოთ მათგან განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები:
აზო-საღებავები: იაფფასიან ტანსაცმელში ხშირად იყენებენ საღებავებს, რომლებიც კანის ტემპერატურისა და ოფლის ზემოქმედებით იშლება და გამოყოფს ტოქსიკურ არომატულ ამინებს. ზოგიერთი მათგანი კანცეროგენულია.
ფორმალდეჰიდი: იყენებენ ქსოვილის „დასაუთოვებლად“ და ფორმის შესანარჩუნებლად. ის იწვევს ძლიერ კონტაქტურ დერმატიტს, ალერგიას და სასუნთქი გზების გაღიზიანებას.
ფტალატები: გამოიყენება პლასტიზოლის პრინტებში (ნახატები მაისურებზე). ისინი ცნობილია, როგორც ენდოკრინული სისტემის დამრღვევები, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვების განვითარებისთვის.
მძიმე მეტალები: ტყვია, კადმიუმი და დარიშხანი შესაძლოა აღმოჩნდეს იაფფასიან საღებავებში. ისინი ორგანიზმში გროვდება და აზიანებს შინაგან ორგანოებს.
თქვენ არ გჭირდებათ ქიმიური ლაბორატორია იმისთვის, რომ საფრთხე იგრძნოთ. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:
მძაფრი, „ქიმიური“ სუნი: თუ ახალ ტანსაცმელს აქვს მძაფრი სუნი (ხშირად მოტკბო ან რეზინის მსგავსი), ეს არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ქსოვილი გადატვირთულია ქიმიური დამუშავების ნარჩენებით.
ფერის გადასვლა: დაასველეთ ქსოვილის პატარა მონაკვეთი და გაუსვით თეთრ ნაჭერზე. თუ თეთრი ნაჭერი შეიღება, ე.ი. საღებავი არასტაბილურია და ის მარტივად გადავა თქვენს კანზე.
ეტიკეტის სრული არარსებობა: თუ ტანსაცმელს არ აწერია შემადგენლობა, მწარმოებელი ან მოვლის წესები, ეს არის პროდუქტი, რომელიც არ გადის არანაირ ხარისხობრივ კონტროლს.
ძალიან დაბალი ფასი: ბრენდები, რომლებიც აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს, ტესტირებაში ფულს იხდიან, რაც პროდუქციის ფასზეც აისახება. საეჭვოდ იაფი ტანსაცმელი ბევრ თანხას ზოგავს და ყოველთვის რისკის შემცველია.
საქართველოში ტანსაცმლის უსაფრთხოების ნორმები რეგულირდება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტებით. თუმცა, ბაზარზე არსებული პროდუქციის მასობრივი ლაბორატორიული შემოწმება საკმაოდ რთულია. სახელმწიფო ზედამხედველობა ძირითადად ეფუძნება დოკუმენტურ შემოწმებას (სერტიფიკატებს), ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა სწორედ იმპორტიორებსა და თავად მომხმარებელს ეკისრება.
განვითარებულ ქვეყნებში არსებობს მკაცრი რეგულაციები (მაგალითად, ევროკავშირის REACH რეგულაცია), რომელიც კრძალავს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებას ტექსტილში.
OEKO-TEX Standard 100: ეს არის ყველაზე სანდო საერთაშორისო ნიშანი. თუ ეტიკეტზე ამას ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ტანსაცმლის ყველა ნაწილი (ქსოვილი, ღილები, ელვა-შესაკრავი) შემოწმებულია და მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია უსაფრთხო ზღვარზე ქვემოთაა.
რულონებად გაყიდულ ქსოვილებს, მათ შორის ლილოში ან სხვა საბითუმო ბაზრებში ნაყიდ ნაჭრებს, ზუსტად ისეთივე საფრთხე ახლავს, როგორც მზა ტანსაცმელს. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში რისკი შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს.
აი, რატომ არის რულონებად ნაყიდი ქსოვილები ყურადსაღები:
მწარმოებლები ქსოვილებს ხშირად ამუშავებენ სპეციალური ხსნარებით, რათა ისინი არ დაჭმუჭნოს ტრანსპორტირებისას. არ დაობდეს გრძელვადიანი შენახვისას (ნესტიან კონტეინერებში). არ შეჭამოს მწერებმა. ეს ქიმიკატები რულონებში ხშირად ბევრად უფრო მაღალი კონცენტრაციითაა, ვიდრე მზა ტანსაცმელში, რადგან ქსოვილს ჯერ არ გაუვლია „რეცხვის“ ან „ფიქსაციის“ პროცესი, რომელსაც სამკერვალოები იყენებენ მზა ნაწარმის შეკერვის შემდეგ.
როდესაც რულონებს ყიდულობთ, ხშირად არ გაქვთ წვდომა ქსოვილის ეტიკეტზე ან სერტიფიკატზე. მზა ტანსაცმლისგან განსხვავებით, სადაც ბრენდი მაინც არის პასუხისმგებელი ხარისხზე, რულონებად გაყიდული ქსოვილის შემთხვევაში, მწარმოებელი შესაძლოა იყოს უცნობი ფაბრიკა, რომელიც სიიაფისთვის უხარისხო საღებავებსა და ფიქსატორებს იყენებს.
ქსოვილები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ევროპულ ან ამერიკულ სტანდარტებს, ხშირად სწორედ ისეთ ბაზრებზე ხვდებიან, სადაც ნაკლებია რეგულაცია.
განსაკუთრებული საფრთხე
განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო იმ ქსოვილებთან, რომლისგანაც თეთრეული იკერება. ლოგინში ყველაზე დიდ დროს ვატარებთ ქსოვილთან შემხებლობაში. ამიტომ ჯერ კიდევ შეკერვამდე გარეცხეთ ქსოვილი კარგად და უპირატესობა მიანიჭეთ არამკვეთრ ფერებს