2000 წელს, როდესაც ციანი სულ რაღაც ოთხი წლისა იყო, სახლთან ახლოს სატვირთო მანქანა დაეჯახა. თუმცა, ფეხების დაკარგვამ, უკიდურესმა სიღარიბემ და პროთეზის არქონამაც კი ვერ შეუშალა ხელი, რომ თავისი უმთავრესი ოცნება აესრულებინა.
როდესაც ციან ჰუნგიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები იმედს არ იძლეოდნენ. პატარა გოგონას მდგომარეობა კრიტიკული იყო. უმძიმესი ოპერაციის შემდეგ მას სიცოცხლე სასწაულებრივად შეუნარჩუნეს, თუმცა ამისთვის საშინელი ფასი გადაიხადა - ორივე ფეხის სრული ამპუტაცია დასჭირდა.

მისი მშობლები უბრალო ფერმერები იყვნენ. ოჯახს თავის სარჩენად სახსრები ძლივს ჰყოფნიდა. მათ ციანისთვის პროთეზების ყიდვა არ შეეძლოთ, ძვირად ღირებულ რეაბილიტაციაზე კი საუბარიც ზედმეტი იყო. ეს ნიშნავდა, რომ ციანი ვეღარ გაივლიდა, თანატოლებთან ვერ ირბენდა და სწავლას ვერ შეძლებდა. თითქოს, სიცოცხლე ამით დასრულდა. გოგონა მთელი დღეები ხელში აყვანილი დაჰყავდათ, სანამ ერთ დღესაც ციანის ბაბუამ გამოსავალი არ იპოვა.


მან სადღაც ძველი კალათბურთის ბურთი იშოვა, გაჭრა, შვილიშვილი ჩასვა, ხელში კი ორი ძველი კარის სახელური მისცა, რათა დაყრდნობა შესძლებოდა.
კალათბურთის ბურთზე მჯდომი გოგონას ფოტოებმა ჩინური პრესის პირველი გვერდები ააჭრელა. ციანს "კალათბურთელი გოგონა" შეარქვეს, მისმა ისტორიამ კი ჩინეთში ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ბრძოლის ძალა მისცა.

ყველას სურდა, ციანს როგორმე დახმარებოდა. მალე, შემოწირულებების წყალობით, გოგონას პროთეზების მიღებისა და სკოლაში სწავლის შესაძლებლობა მიეცა.
სკოლა სახლიდან ფეხით სულ რაღაც შვიდი წუთის სავალზე მდებარეობდა, თუმცა ციანი ამ გზას თითქმის ერთ საათს ანდომებდა. მიუხედავად ამისა, ამ სირთულემ იდევ მეტად გააძლიერა.
ციანმა სულ რვა სპორტული ბურთი გამოიცვალა... 2007 წელს პეკინში მიიწვიეს, სადაც თავისი პირველი ნამდვილი პროთეზები მიიღო.

სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, ციანმა სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუმცა, ხელების ჩამოშვების ნაცვლად, ცხოვრების მიერ მიცემული ყოველი შანსის გამოყენება გადაწყვიტა. თავის პროვინციაში ცურვის სექცია იპოვა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვარჯიშობდნენ.
ეს იოლი არ ყოფილა. ყოველთვის, როდესაც ციანი წყალში ჩადიოდა, მაშინვე იხრჩობოდა და ფსკერისკენ მიდიოდა. მიუხედავად ამისა, ვარჯიშს მაინც აგრძელებდა. ყოველდღე ოთხ საათს ცურავდა და პარალიმპიადაზე მოხვედრაზე ოცნებობდა.


"ჩემი თანაკლასელების მშურდა. სკოლის შემდეგ მათ სირბილი და ხტომა შეეძლოთ, მე კი - არა. თუმცა, წყალში მეც ისეთივე ვიყავი, როგორებიც ისინი იყვნენ", - ამბობდა ციანი.
2009 წელს გოგონას სახელი ადგილობრივი გაზეთების სათაურებში კვლავ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად უკვე პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულის სტატუსით.

ციანმა ჩინეთის ეროვნულ ჩემპიონატებზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. მისი სპორტული კარიერის მწვერვალი კი 2016 წელი გახდა, როდესაც რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა.
2013 წელს, როდესაც ციანს 18 წელი შეუსრულდა, მან ახალი, "ზრდასრულის" პროთეზები მიიღო.

გოგონა ვარჯიშს დღესაც აგრძელებს და ამბობს, რომ სიცოცხლე მისთვის საჩუქარია. ასევე, მონაწილეობს შეჯიბრებებში. მისი ერთ-ერთი ბოლო დიდი ასპარეზობა იყო 2023 წლის შემოდგომაზე გამართული აზიის პარათამაშები.
მიუხედავად იმისა, რომ ციანს ახალი პროთეზების თანხის გამომუშავება უკვე თავად შეუძლია, დროდადრო კალათბურთის ბურთს მაინც იყენებს - ზუსტად ისეთს, როგორიც მას წლების წინ ბაბუამ დაუმზადა. "ასე უბრალოდ უფრო მოხერხებულია", - ხუმრობს ციანი.

დღეს ის, სპორტული კარიერის პარალელურად, ოფიციალურად მუშაობს იუნანის პროვინციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფედერაციაში, სადაც ადმინისტრაციულ საქმეებს უძღვება. მას აქვს სტაბილური სამსახური, საკუთარი შემოსავალი და სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ყოველდღიურობა.