რატომ იჭრება ფიზიკაში ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რა დაგეხმარებათ, რომ შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოთ - რჩევები ფიზიკის გამოცდის წინ - მშობლები

რატომ იჭრება ფიზიკაში ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რა დაგეხმარებათ, რომ შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოთ - რჩევები ფიზიკის გამოცდის წინ

2026-07-20 09:31:45+04:00

ყოველწლიურად ფიზიკის გამოცდაში ბარიერის გადალახვას საკმაოდ მაღალი პროცენტი ვერ ახერხებს. ეს საგანი არც სკოლაშია მოთხოვნადი და არც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტთა შორის.

გელა თეგაძე ახალგაზრდა მასწავლებელია და უკვე რამდენიმე წელია, აბიტურიენტებთან მუშაობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულებით სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებდა კარიერის გაგრძელებას და დღემდე აქტიურადაა გატაცებული ფილოსოფიით, ფსიქოლოგიითა და ფილოლოგიით, საბოლოო არჩევანი მაინც ფიზიკაზე შეაჩერა. აქვს საკუთარი ჯგუფი, რომელიც STEM მიმართულების 200-ზე მეტ მასწავლებელს აერთიანებს და მათ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. ასევე, მექანიკის ამოცანების პრაქტიკული კრებულის ავტორიცაა.

ინტერვიუში გელა სასკოლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სწავლების მთავარ პრობლემებზე საუბრობს. ამავდროულად, იგი საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, თუ რატომ იჭრება ფიზიკის გამოცდაში ყოველწლიურად უამრავი აბიტურიენტი:

- ამ საკითხს შეგვიძლია, რამდენიმე ძირითადი ასპექტით შევხედოთ. პირველ რიგში, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფიზიკა ერთ-ერთი ყველაზე რთული საგანია. ამ სირთულეს ის განაპირობებს, რომ ფიზიკის საფუძვლიან ათვისებას მყარი მათემატიკური აპარატი სჭირდება. მართალია, ფიზიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოვლენები მათემატიკის გარეშეც უნდა ავხსნათ, თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერი თეორიის სისწორე და მტკიცებულება საბოლოოდ მაინც რიცხვებამდე და ფორმულებამდე დადის. ამიტომ, თუ აბიტურიენტს ფიზიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარება და მაღალი ქულის მიღება სურს, ის პარალელურად მათემატიკაშიც ინტენსიურად უნდა ვარჯიშობდეს. მაგალითად, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზეც კი ტესტების გარკვეული ნაწილი სწორედ მათემატიკურ გამოთვლებს ეთმობა. გარდა ამისა, ფიზიკა მჭიდროდ უკავშირდება ქიმიასაც.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, საგამოცდო ტესტების შედგენაში სპეციალისტებთან ერთად, ფსიქოლოგებიც მონაწილეობენ. ამ ფაქტორს ხშირად ვერც მასწავლებლები აცნობიერებენ და ვერც მოსწავლეები. ფსიქოლოგებმა ზუსტად იციან, კონკრეტული ამოცანის ამოხსნისას რა ტიპის ტიპურ შეცდომას უშვებს ბავშვი. შესაბამისად, სავარაუდო პასუხებში ეს მცდარი რიცხვიც შეაქვთ. აბიტურიენტი, რომელიც არასწორი გზით წავა და ტესტში თავის მიღებულ პასუხს აღმოაჩენს, ფსიქოლოგიურად მშვიდდება, ჰგონია, რომ ამოცანა სწორად ამოხსნა და გადასამოწმებლად მას აღარ უბრუნდება. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვურჩევ, ამოცანა ორი სხვადასხვა გზით ამოხსნან. თუ ორივე შემთხვევაში იდენტურ პასუხს მიიღებენ, ესე იგი, შეცდომა არ დაუშვიათ.

კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც მოსწავლეებს გამოცდაზე კარგი შედეგის მიღება უჭირთ, ფორმულების მექანიკური დაზეპირებაა. დაზეპირება ეფექტური არ არის. საგნის ღრმა გააზრების შემთხვევაში, ფორმულის გამოყვანას ადამიანი უშუალოდ გამოცდაზეც მარტივად შეძლებს. შარშან ფიზიკაში აბიტურიენტთა დაახლოებით 27% ჩაიჭრა, რაც კონკრეტული თემების ზედაპირული ცოდნისა და გადაღლილობის შედეგიცაა, რადგან ფიზიკის გამოცდა, როგორც წესი, საგამოცდო განრიგის ბოლოშია.

- თქვენ, ალბათ, შესწავლილი გაქვთ წლების განმავლობაში გამოყენებული საგამოცდო ტესტები. რამდენად შეესაბამება ეს დავალებები სასკოლო პროგრამას?

- პროგრამას ტესტები აბსოლუტურად შეესაბამება, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ სკოლებში ეს თემები სათანადო ხარისხით ვერ ისწავლება. მაგალითად, როდესაც კლასში 20 მოსწავლე ზის, მათგან ყველას აქვს გაცნობიერებული ქართული ენისა და ლიტერატურის საჭიროება, ფიზიკა კი ყველას არ სჭირდება. უმეტესად, სკოლებში ფიზიკის, როგორც საგნის, მნიშვნელობა იმდენად გაუფასურებულია, რომ მოსწავლეები მას პრაქტიკული თვალსაზრისით აღარ უყურებენ. იციან, რომ მასწავლებელი მინიმალურ გამსვლელ ქულას მაინც დაუწერს და ამით კმაყოფილდებიან. ასე რომ, პროგრამული შესაბამისობა არსებობს, მაგრამ სწავლების ხარისხი დაბალია.

- სწავლების ხარისხზე როდესაც ვსაუბრობთ, თქვენი აზრით, პრობლემა უფრო მეტად სახელმძღვანელოებშია თუ პედაგოგთა კომპეტენციაში?

- სკოლებში ფიზიკა კარგი წიგნებით ისწავლება, თუმცა მასალა ძალიან მოცულობითია. ზოგიერთ შემთხვევაში, მასალა გასაახლებელია. მიმაჩნია, რომ გარკვეულ კლასებში ფიზიკა არჩევით საგნად უნდა ისწავლებოდეს. მოსწავლეებმა ზოგადი განათლებისთვის აუცილებელი საბაზისო კურსი უნდა გაიარონ, ხოლო შემდეგ, ინტერესების მიხედვით, აირჩიონ ის საგნები, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას სჭირდება. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, მასალას საფუძვლიანად გაეცნონ.

- როგორ უნდა ისწავლებოდეს ფიზიკა 21-ე საუკუნეში, რომ მოსწავლე დაინტერესდეს? ფაქტია, რომ ბავშვების დიდ ნაწილს ეს საგანი თავიდანვე ერთულება და სწავლაზე უარს ამბობს.

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ამას ყველა პედაგოგი უნდა უსვამდეს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ვასწავლი, ჩემს თავს მასწავლებელს ნაკლებად ვუწოდებ, უფრო დამხმარე ვარ. მე სკოლაში არ ვმუშაობ, კერძო პრაქტიკა მაქვს. სანამ ახალ მოსწავლეს ავიყვან, ყოველთვის ვეკითხები, თუ რა ინტერესები აქვს.

მაგალითად, მყავდა ერთი მეშვიდეკლასელი მოსწავლე, რომელიც ავტომობილების აგებულებაში ჩემზე ბევრად უკეთ ერკვეოდა. პირველი გაკვეთილი სწორედ ამ თემას მოვარგე - ფიზიკის კანონები და მათემატიკური გათვლები ავტომობილის მუშაობის პრინციპებს დავუკავშირე, რამაც ბავშვის უდიდესი ინტერესი გამოიწვია. სწავლების პროცესში აქტიურად ვიყენებ სიმულაციებს, ცდებსა და ექსპერიმენტებს. როდესაც მოსწავლე მოვლენას თვალს ადევნებს და დასკვნას თავად აკეთებს, მას მასალა აღარასოდეს ავიწყდება. 21-ე საუკუნეში მხოლოდ ცარცით სწავლება ეფექტური აღარ არის. თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ტრადიციულ მეთოდებზეც სრულად არ უნდა ვთქვათ უარი.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სკოლებში სწორედ მოძველებული, მექანიკურ დაზეპირებაზე ორიენტირებული მეთოდები უკარგავს ბავშვებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის მოტივაციას?

- ამ საკითხსაც ფსიქოლოგიური კუთხით შევხედოთ, თუნდაც ზოგადად სწავლის პროცესის მაგალითზე. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მოსწავლე კლასში შედის და მასწავლებლისთვის მიუღებლად აცვია. თუ პედაგოგის მხრიდან აგრესია წამოვა, ბავშვს სწავლის სურვილი საერთოდ გაუქრება. უმნიშვნელოვანესია მოსწავლესთან და მშობელთან მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს გაკვეთილის დაწყებისას გულწრფელად უთქვამს, რომ პირადი პრობლემის გამო ფიზიკაზე საუბრის განწყობა არ ჰქონდა. 90-იან წლებში ამის თქმას მასწავლებლისთვის, ალბათ, ვერავინ გაბედავდა, რადგან საპასუხოდ აგრესიას მიიღებდა. მე კი მას მოვუსმინე, რჩევა მივეცი და დავეხმარე. იმ გაკვეთილზე ფიზიკა არ აგვითვისებია, მაგრამ ბავშვმა პრობლემა მოაგვარა და დღეს სწორ გზაზე დგას. სკოლის უპირველესი დანიშნულება ემპათიური ადამიანების ჩამოყალიბებაა და მხოლოდ ამის პარალელურად - საგნის სწავლება.

გარდა ამისა, საზღვარგარეთ სკოლის კაბინეტში შესვლისას მოსწავლე მასწავლებლის გარეშეც ხვდება, თუ რომელი საგნის გაკვეთილია იქ. ჩვენს სკოლებში კი ფიზიკის, ქართულისა თუ ისტორიის კლასებს ვიზუალურად ვერ განასხვავებთ. ბავშვებს ნიუტონის კანონებს ისე ვასწავლით, რომ მათ მოვლენის არსი არ ესმით. თეორია პრაქტიკაში თუ არ დაინახა, მოსწავლე მას ვერ დაიმახსოვრებს. ეს იგივეა, ქართული ანბანის 33 ასო ისწავლო, მაგრამ წერა-კითხვაში არ გამოიყენო.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეესაბამება დღეს სასკოლო პროგრამები თანამედროვე მოსწავლის ინტერესებს, რომელსაც დიდი მოცულობის ტექსტების კითხვა და დაზეპირება აღარ მოსწონს?

- თანამედროვე მოსწავლის ინტერესებს არსებული პროგრამები მეტწილად არ შეესაბამება. შესაბამისობა რომ არსებობდეს, ფიზიკის მცოდნე ბევრად მეტი ახალგაზრდა გვეყოლებოდა. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებშიც კი გვხვდებიან ბავშვები, რომლებსაც ეს საგნები არ აინტერესებთ. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი "ვერტმფრენის ეფექტი", რაც ჩვენს რეალობაში მშობლების ქცევასაც მიესადაგება - ისინი ხშირად შვილის ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებას.

დღევანდელ თაობას წიგნთან მუშაობა ნაკლებად ხიბლავს. ეს მათი დანაშაული არ არის, უბრალოდ, ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თანამედროვეობას ფეხი უნდა ავაყოლოთ და ახალი მეთოდების სინთეზი შევქმნათ. სახელმძღვანელოებში ბევრი თემაა განახლებადი. მეცნიერება ყოველდღიურად ვითარდება, ახალი ექსპერიმენტები კი ძველ შეხედულებებს ცვლის. წიგნებში ხშირად მოძველებული მასალა რჩება.

- იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ფიზიკა არ აინტერესებთ, კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ: რაში გამოადგებათ ამ საგნის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- თეორიული ფიზიკის მნიშვნელობის ახსნა შედარებით რთულია, თუმცა ზოგადად ფიზიკას ასე განმარტავენ: ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მუშაობს სამყარო. როდესაც მოსწავლე მეკითხება, თუ რატომ უნდა ისწავლოს ეს საგანი, ვუხსნი, რომ თუნდაც სოციალური ქსელები, რეკლამა თუ ინტერნეტკავშირი, რომლითაც სარგებლობენ, ტალღურ პროცესებსა და ფიზიკის კანონებს ეფუძნება.

ამასთანავე, ფიზიკისა და მათემატიკის ამოცანების ამოხსნა ადამიანის გონებას მოქნილს ხდის და ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს. ასეთი ადამიანი ნებისმიერ მოვლენას საფუძვლიანად აკვირდება, რადგან იცის, რომ ყოველი საკითხის მიღმა რთული ლოგიკური ჯაჭვი დგას.

- რას ურჩევდით ბავშვებს - მათაც, ვისაც აინტერესებს ფიზიკა და მათაც, ვისაც ეს საგანი არ მოსწონს?

- მათ, ვისაც ფიზიკა აინტერესებს, მინდა მივულოცო, რადგან სამყაროს სულ სხვა თვალით დაინახავენ. უბრალო ბუნებრივი მოვლენებიც კი მათში სრულიად განსხვავებულ წარმოდგენებს გამოიწვევს.

მათაც, ვისაც ფიზიკა არ აინტერესებს, ასევე ვულოცავ, რადგან მათ აქვთ შანსი, ხელახლა აღმოაჩინონ ეს საგანი და ბევრი საინტერესო რამ გაიგონ. ინტერესის არქონა ბავშვების ბრალი არ არის. პედაგოგიკაში არსებობს ერთგვარი სამკუთხედი: მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე. თუ ამ სამკუთხედის ერთიანობა არ დაირღვა და სამივე მხარე ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, ბავშვი ფიზიკასაც ისწავლის, მათემატიკასაც და სხვა საგნებსაც. სკოლა ოჯახისგან განყენებულად არ უნდა არსებობდეს. პედაგოგი მოსწავლისთვის მხოლოდ საგნის მასწავლებელი კი არა, ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს, რომელსაც ბავშვი საკუთარ პრობლემებსაც გაუზიარებს. შენ ასწავლი ადამიანებს, რომლებიც ხვალ შეიძლება, ძალიან კარგი ექიმები ან მასწავლებლები გახდნენ. თუნდაც დიდ წარმატებას ვერ მიაღწიოს მოსწავლემ, მასწავლებელს მაინც გაქვს შანსი, შექმნა მომავალი - ისეთი მომავალი, რომელიც საქართველოს წინ წაიყვანს. სწორედ ეს არის მასწავლებლის მთავარი დანიშნულება და არა მხოლოდ ნიუტონის კანონების სწავლება.

სკოლა 11 კლასის შემდეგ დავამთავრე. ექსტერნად ჩავაბარე. ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ და პარალელურად, აბიტურიენტებთან ვმუშაობ. ახლა, როდესაც ამ ყველაფერს მასწავლებლის თვალით ვუყურებ, ზოგიერთი ფაქტი კიდევ უფრო მაოცებს. გასულ წელს მყავდა მოსწავლე, რომელმაც მითხრა, რომ მათემატიკის პედაგოგი გაკვეთილს ზეპირად, "მოყოლით" აბარებინებდა. მთელი 35-40 წუთის განმავლობაში ბავშვები მათემატიკის თეორიას უბრალოდ ჰყვებოდნენ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მე ზოგადად მასალის მექანიკურ მოყოლას ვეწინააღმდეგები, მით უმეტეს ფიზიკაში, სადაც ბევრი თეორიული საკითხის მიუხედავად, მთავარი მაინც პრაქტიკული და ლოგიკური აზროვნებაა.

- რამდენიმე დღეში აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდას დაწერენ. ხომ არ შეგიძლიათ მათ პრაქტიკული რჩევები გაუზიაროთ?

- გარკვეული რჩევები ჩემს გვერდზეც გამოვაქვეყნე, თუმცა, რადგან ფიზიკას ცოტა აბიტურიენტი აბარებს, ამ პოსტებს ბევრი ნახვა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ვინც ამ რჩევებს გაითვალისწინებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ გამოცდა სანერვიულო არ არის. აბიტურიენტმა, უპირველეს ყოველისა, ფსიქოლოგიური სტრესი უნდა დაძლიოს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს გამოცდები, რომელთა თარიღებიც წინასწარ ვიცით, მხოლოდ ფორმალობაა. მთავარია, ცხოვრებისეულ გამოცდებში არ ჩავიჭრათ, რომელთა ვადებიც უცნობია.

რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკის გამოცდას, ჩემი პირველი რჩევა ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებაა. გარდა ამისა, ნებისმიერი ამოცანის ამოხსნის შემდეგ, აბიტურიენტებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან შეკითხვა - არის თუ არა მიღებული შედეგი ლოგიკური. მაგალითად, თუ პასუხად მივიღეთ 10 ნიუტონი, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად რეალურია ეს რიცხვი მოცემულ პირობაში. მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვას დიდი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლის მოვალეობაც სწორედ ის არის, რომ მოსწავლეს ამ ლოგიკური კავშირების პოვნა ასწავლოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რაც უფრო მარტივია ამოცანა, მით მეტია მასში უყურადღებობით შეცდომის დაშვების ალბათობა. სწორედ ამის გამო, აბიტურიენტები ხშირად კარგავენ ქულებს მარტივ, ერთქულიან დავალებებში. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ნებისმიერი ამოცანა ორი სხვადასხვა ხერხით ამოხსენით. პასუხების დამთხვევის შემთხვევაში, სწორი ვარიანტის ალბათობა იზრდება, ხოლო თუ შედეგები სხვადასხვაა, დავალებას კითხვის ნიშანი დაუსვით და მას მოგვიანებით დაუბრუნდით, დრო რომ არ დაკარგოთ.

ფიზიკის გამოცდისთვის გამოყოფილი დრო საკმაოდ მცირეა, ამიტომ თითოეულ ამოცანას მაქსიმუმ ორი-სამი წუთი უნდა დაეთმოს. ტესტის ბოლო ნაწილში კომპლექსური, მრავალქულიანი დავალებებია მოცემული, თუმცა, სხვათა შორის, ეს ბოლო ამოცანები ხშირად უფრო მარტივი ამოსახსნელია, ვიდრე საწყისი ერთქულიანები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ტესტები ფსიქოლოგების მიერ არის შედგენილი. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვურჩევ: თუ პირველი შეკითხვის პასუხი არ იცით, ნუ დაიძაბებით, გადადით შემდეგზე. თუნდაც ზედიზედ ათი ამოცანა ვერ ამოხსნათ, მეტერთმეტე ნაცნობი დავალების შესრულებისას, ჩვენს ტვინში ფსიქოლოგიურად გარკვეული იმპულსები (ე.წ. ბედნიერების ჰორმონები) გამოიყოფა, რაც გონებას ხსნის. ამ დროს შეიძლება ისეთი ამოცანაც კი წარმატებით ამოხსნათ, რომლის მსგავსიც მანამდე არასდროს შეგხვედრიათ. ასე რომ, უცნობი დავალების გამო ნერვიულობა არ ღირს. ტესტის დაწყება ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი - შეგიძლიათ, მუშაობა ბოლოდან, 40-ე ან 38-ე ამოცანიდან დაიწყოთ და პირველამდე ჩამოხვიდეთ. მთავარია, მუშაობა იმ დავალებით დაიწყოთ, რომელიც უფრო კარგად გესმით.

თამარ იაკობაშვილი