მისი სილამაზე მიმზიდველი, მომნუსხველი და ღვთაებრივი იყო. სამწუხაროდ, 60-იანი წლების წამყვანი საბჭოთა მოდელის, ვალენტინა იაშინასთვის ამ ღირსებებს ბედნიერება არ მოუტანია. მისი ბედი ბრწყინვალე გარეგნობამ უკეთესობისკენ ვერ შეცვალა.
„ვალიას არასაბჭოთა სახე ჰქონდა, მკვეთრად გამოხატული სკანდინავიური ყვრიმალები, გამჭოლი მზერა; ასეთი თვალების მქონე ადამიანი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, შემოიტანეს თუ არა დღეს მაღაზიაში ძეხვი“, — იხსენებდა მხატვარი ივან კანტემიროვი, რომელიც იაშინას 70-იან წლებში იცნობდა.
თავისი უჩვეულო გარეგნობისთვის იაშინა შვედი მამის მადლობელი უნდა ყოფილიყო, რომელიც გოგონას არასდროს უნახავს. მამამ დედა მაშინ მიატოვა, როცა ის ორსულად იყო. ამბობდნენ, მისი სწრაფი წასვლის მიზეზი სსრკ-ში დაპატიმრების ალბათობა იყო. როგორც არ უნდა იყოს, მან არ იცოდა, რომ საბჭოთა კავშირში შეეძინა ქალიშვილი, რომელიც ძალიან ჰგავდა მას.
ვალიას დედა მალე გათხოვდა და ქალიშვილთან ერთად სამოთახიან ბინაშიც გადავიდა. მამინაცვალი კეთილი და დიდსულოვანი ადამიანი აღმოჩნდა და ახალმა ოჯახმა ბედნიერად დაიწყო ცხოვრება. მუსიკის პედაგოგებმა პატარა ვალიას ვოკალური მონაცემები ადრევე აღმოაჩინეს, რამაც იაშინა შთააგონა, თავისი ცხოვრება ოპერისთვის დაეკავშირებინა - ის მუსიკალურ-თეატრალურ სასწავლებელში ჩაირიცხა და წარჩინებით დაამთავრა.

რაც უფრო იზრდებოდა ვალა, მით უფრო იფურჩქნებოდა მისი სილამაზე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, ატყვევებდა მამაკაცებს. მას კურსელები ეარშიყებოდნენ, პედაგოგები ქათინაურებს ეუბნებოდნენ, მაგრამ იაშინას არ სურდა ცხოვრების შემოქმედებით ადამიანთან დაეკავშრებინა. მესამე კურსზე ის ცოლად სამხედრო თარჯიმანს, ბორის ზოტოვს გაჰყვა, რომელთან ერთადაც მალე რიგაში გაემგზავრა. ლატვიაში გოგონა მაშინვე ადგილობრივ თეატრში დასაქმდა და მთავარი როლი მიიღო სპექტაკლში „სილვა“. მისმა სილამაზემ აქაც ვერ დატოვა გულგრილი გარშემომყოფები და მალე ახალგაზრდა არტისტმა კოლეგასთან გააბა რომანი.
„თეატრი ხომ განსაკუთრებული გარემოა. და თუ შენ თამაშობ ისეთ სპექტაკლში, როგორიცაა ''სილვა''… და შენ სილვა ხარ, ის კი — ედვინი… ერთი სიტყვით, ვალენტინას მქუხარე რომანის შესახებ მაშინვე მიუტანეს ენა მის მეუღლეს. ბორისმა განქორწინება მოითხოვა“, — იხსენებდა იაშინას უმცროსი და წლების შემდეგ.
ზოტოვი იმ ფაქტმაც კი არ შეაჩერა, რომ ამ დროისთვის წყვილს უკვე შვილი ჰყავდა, რომელსაც მუდმივად სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. შვილმა, საშამ, მშობიარობისას ტვინში სისხლჩაქცევა მიიღო, ვალიამ ძიძა აიქირავა, რომელიც გამუდმებით უვლიდა პატარას. საოჯახო სკანდალისა და ღალატის შესახებ ლატვიის პარტიულმა ხელმძღვანელობამ შეიტყო და წყვილი უკან, მოსკოვში გაამწესა. მაგრამ ვალას და ბორისს საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდათ, განქორწინებულებს დედის სახლში დაბრუნებამ მოუწიათ.
თანაც ბინაში დასახლდა ზოტოვიც, რომელმაც განქორწინება მიიღო და ძალიან ნაწყენი იყო ყოფილ მეუღლეზე.. მალე მან სიდედრთან გააბა რომანი, შოკირებულმა ვალიამ კი ახალი საცხოვრებლის ძებნა დაიწყო. პარალელურად თეატრში მუშაობდა.

მაგრამ სანამ ის შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, როგორც მსახიობის რეიტინგი ნულამდე დაეცა: კინორეჟისორები მის ტიპაჟს ზედმეტად არასაბჭოურად, ზედმეტად დასავლურად მიიჩნევდნენ, თეატრებში კი პრობლემური შვილის მქონე მსახიობი არავის სჭირდებოდა.
თითქოს, ასეთ ლამაზ ქალს შეძლებული თაყვანისმცემლები უნდა დახმარებოდნენ, მაგრამ ჰორიზონტზე არავინ ჩანდა. სასოწარკვეთილმა იაშინამ ერთხელ მოსკოვის ცენტრში გასეირნება გადაწყვიტა, სადაც ის მოსკოვის მოდის სახლის ადმინისტრატორმა შეამჩნია. მან იაშინა ტანსაცმლის დემონსტრატორად მიიწვია (ასე ერქვათ საბჭოთა დროს მანეკენებს) გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად იმისა, რომ იაშინა იმ დროისთვის უკვე 32 წლის იყო, ის მაშინვე მიიღეს შტატში და მისი ვარსკვლავი ახალი ძალით აენთო. მალევე დაიწყო მნიშვნელოვანი ჩვენებების გახსნა, რისთვისაც მეტსახელად „მოდის სახლის პრიმადონა“ შეარქვეს.
თუმცა, პუბლიკა თვლიდა, რომ ლამაზმანი ძალიან ჰგავდა შვედ მსახიობს, „ქალბატონი კამელიებით“ ვარსკვლავს, ამიტომ მას მალე საბჭოთა გრეტა გარბო უწოდეს. იაშინას ეს შედარება ესიამოვნა, მან წარბების ფორმაც კი ისე შეიცვალა, როგორც მსახიობს ჰქონდა, რომ მსგავსება იდეალური ყოფილიყო.

იაშინას სამუშაო მხოლოდ სსრკ-ის ტექსტილის დემონსტრირებას არ გულისხმობდა; ის მონაწილეობდა ფოტოსესიებში, იწვევდნენ საზღვარგარეთული სამოსის დახურულ მორგებებზე. მისი იდეალური ფიგურა, არსებითად, ეტალონს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც სამოსი იაშინას პარამეტრებს მოერგებოდა, უფრო ადვილი ხდებოდა მისი შემდგომი მორგება ან შესწორება კონკრეტული დამკვეთისთვის. მაგალითად, ვალენტინა ტერეშკოვას გამოსასვლელ კაბებს ყოველთვის მასზე ასწორებდნენ.
თითქოს, ქალი, რომელიც ტანსაცმელს პირველი ლედებისთვის, ცნობილი მსახიობებისა და ნომენკლატურის ცოლებისთვის წარმოაჩენს, თავადაც უნდა ცხოვრობდეს ფუფუნებაში, თუმცა იაშინას ხელფასი მოკრძალებული იყო. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ლამაზმანი შავ ბაზარზე რამდენიმე სეზონისთვის ერთ წყვილ ფეხსაცმელს ყიდულობდა და ძალიან უფრთხილდებოდა, ხოლო თეთრეულს ატლასის ლენტებისგან კერავდა, რომ კოლეგების თვალწინ მორგებისას უხერხულობა არ ეგრძნო.
„როცა საზღვარგარეთ მივდიოდით, მივლინების ფულად 5 დოლარს გვაძლევდნენ და იმისთვის, რომ ოჯახში რაიმე საჩუქარი წაგვეღო და ფული გადაგვედო, ძაღლის კონსერვებით კვება გვიწევდა, ისინი მაღაზიაში ყველაზე იაფი იყო“, — ჰყვებოდა თავად ლამაზმანი.
მიუხედავად ამისა, იაშინა ცდილობდა, მის შვილს ისე ეცხოვრა, თითქოს შეძლებულ ოჯახში იყო დაბადებული, მაშინაც კი, როცა თავად დედას ბევრ რამეზე უარის თქმა უწევდა.

საშამ ბავშვობის უმეტესი ნაწილი ბებიასთან გაატარა, სანამ ვალენტინა კარიერის აწყობას ცდილობდა. მას ესმოდა, რომ ის ფაქტი, რომ მანეკენი გახდა, დიდი გამართლება იყო და ყველაფერს აკეთებდა პრესტიჟული სამსახურის შესანარჩუნებლად. პირად ცხოვრებაში კი ბრწყინვალე ლამაზმანს არ გაუმართლა.
უშედეგოდ დასრულდა მისი ურთიერთობა გავლენიანი ჩინოვნიკის შვილთან, ვლადიმერ გუშჩინთან. ბიჭი იაშინაზე 9 წლით უმცროსი იყო, ოჯახის შექმნას არ ცდილობდა და 7-წლიანი სამოქალაქო ქორწინების შემდეგ წყვილმა დაშორება გადაწყვიტა.
45 წლის ასაკში გაიცნო მხატვარი, გამომცემლობა „საბჭოთა მხატვრის“ დირექტორი ნიკოლაი მალახოვი. მას კოლოსალური კავშირები და უზარმაზარი ქონება ჰქონდა და არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონიც იყო. მალახოვს თავდავიწყებით შუყვარდა იაშინა.
ვალენტინა იაშინა„ჩემი თოვლის დედოფალი“, — ამბობდა ის საყვარელ ქალზე. გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ იაშინა მალახოვის ბინაში გადავიდა, სადაც პროდუქტები სპეცმაღაზიიდან მოჰქონდათ, ფართო დარბაზების დასალაგებლად კი დამლაგებელი მოდიოდა.
„იაშინა წლობით გადარჩენისთვის იბრძოდა, სჭირდებოდა, ყოფილიყო ლამაზიც, მოვლილიც და თან გამოეკვება თავი და შვილი. მალახოვმა მისი ყველა ფინანსური საკითხი გადაჭრა, ვალიამ პირველად იგრძნო, რას ნიშნავს, როცა ვიღაც შენზე ზრუნავს“, — ჰყვებოდა ოჯახის მეგობარი ირინა აკუნდინა.
უყვარდა თუ არა ქმარი? არა, უფრო სწორად, კარგად და მშვიდად იყო მის გვერდით. სამაგიეროდ, მალახოვი გიჟდებოდა მასზე. მთელი თავისი მემკვიდრეობა გადაუფორმა: უძრავი ქონება, ანტიკვარიატი, საავტორო უფლებებიდან მიღებული შემოსავალი — სულ 5 მილიონი დოლარის ღირებულების. მაგრამ, სამწუხაროდ, სიმდიდრით იაშინამ ვერ ისარგებლა.

მისი შვილი, მისი საშენკა, რომელშიც იაშინამ ამდენი რესურსი ჩადო, გალოთდა 30 წლისთვის ჩამოყალიბებულi ალკოჰოლიკი იყო. სანამ მალახოვი ცოცხალი იყო, ცდილობდნენ ალექსანდრეს შველას, ეხმარებოდნენ ფულით, ხოლო როცა ქმარი გარდაიცვალა, საშამ დედისგან ფულის „გამოძალვა“ დაიწყო. მას, რადგან დანაშაულის გრძნობა ჰქონდა იმის გამო, რომ შვილი ბავშვობაში დედასთან მიატოვა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია შვილის აგრესიული ქცევისთვის. ერთხელ ის სახლში ნოტარიუსთან ერთად გამოცხადდა და დედას უბრძანა, მოეწერა ხელი უზარმაზარი ბინის გაყიდვის საბუთებისთვის, ასე აღმოჩნდა იაშინა ფართო საცხოვრებლის ნაცვლად 13 კვ. მეტრის მფლობელი. დანარჩენი ოთახები კოსმოსურ ფასად გაიყიდა.
თანდათან საშამ ყველაფერი გაიტანა და გროშებად გაყიდა: ძვირფასეულობა, ნახატები, ანტიკვარული ვაზები და ყველაფერი სასმელში დახარჯა. რამდენიმე წელიწადში მან საბჭოთა პოდიუმის ვარსკვლავის მთელი მემკვიდრეობა გაფანტა, რის შედეგადაც დედამისი იძულებული გახდა, დამლაგებლად მუშაობა დაეწყო. პენსიონერი ნახევარ განაკვეთზე თანაგრძნობის გამო აიყვანეს. წყნარი, მშვიდი ქალი სიბრალულს იწვევდა.
ერთხელ ვალენტინა ზამთარში ქუჩაში მიდიოდა, ფეხი დაუსხლტა და ფეხი მოიტეხა. საშას ლოგინად ჩავარდნილი დედის მოვლა დაეზარა და აგარაკზე გააგზავნა, სადაც საპირფარეშო გარეთ იყო და სახლი არ თბებოდა. იაშინამ შეძლო მძიმე ტრავმის გადატანა და უკან აღარ დაბრუნებულა - მოსკოვის მახლობლად მდებარე აგარაკზე გაატარა ცხოვრების ბოლო 6 წელი.
სსრკ-ში პირველი მამაკაცი მოდელი ლევ ანისიმოვი, რომელთანაც ვალენტინამ ურთიერთობა გააგრძელა, ამბობს, რომ ის მარტოობაზე წუხდა და იმაზე, რომ შვილსა და შვილიშვილს არ სჭირდებოდა. „მაგრამ, ალბათ, ასეთია ჩემი ჯვარი“, — ამბობდა იაშინა.